"გირჩი" საარჩევნო სიებში გენდერული კვოტირების გაუქმების ინიციატივით გამოდის. მმართველი პარტია მხარს უჭერს
გენდერული კვოტირება საქართველოში
უმრავლესობა საარჩევნო სიაში გენდერული კვოტირების გაუქმების თაობაზე „გირჩის“ ინიციატივას მხარს დაუჭერს. ამის შესახებ “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
პარტია “გირჩი” საარჩევნო სიების ფორმირებისას გენდერული კვოტირების გაუქმების ინიციატივით გამოდის. პარტიის თქმით, ისინი მზად არიან, თუ კვოტირება გაუქმდება, მმართველ პარტიას ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევაში დაეხმაროს.
პარტიის ლიდერების თქმით, გენდერული კვოტირება ხელს უშლის ქალების რეალურ ჩართულობას საპარლამენტო საქმიანობაში. ასევე, ისინი თვლიან, რომ კანონი ადამიანების შესაძლებლობებს სქესის მიხედვით ასე განსხვავებულად არ უნდა აფასებდეს და საჭიროა ყველა მსგავსი ბარიერის მოხსნა.
გენდერული კვოტირების წესის შესახებ საარჩევნო კოდექსში ცვლილება პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით 2023 წლის თებერვალში მიიღო.
ცვლილების მიხედვით, ქალების პოლიტიკაში წახალისების მიზნით, არჩევნებში მონაწილე პარტიამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინოს ისეთი პარტიული სია, სადაც ყოველი მეოთხე კანდიდატი ქალი იქნება.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ცესკო სიას არ დაამტკიცებს და პარტია არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
გენდერულ კვოტირება მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშია, მათ შორის, ევროპულ ქვეყნებში და ყველგან იგი დროებითი ზომაა – როგორც კი აღდგება გენდერული ბალანსი, კვოტირება საჭირო აღარ იქნება.
თალაკვაძის თქმით, ქალთა პოლიტიკაში ჩართულობა მონაწილეობა დღეს არსებითად უფრო მაღალია, ვიდრე წარსულში და მმართველი გუნდისთვის, ეს ცვლილება უკვე არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ოპოზიციის ეს ინიციატივა დაებლოკათ.
როგორც უმრავლესობის დეპუტატი განმარტავს, მიუხედავად ცვლილებებისა, ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას ექნება სრული თავისუფლება, რომ თავისი პარტიული სია მეტი ქალით დააკომპლექტოს.
“ქართული ოცნების” კიდევ ერთი დეპუტატის, ბექა დავითულაინის თქმით, სანაცვლოდ, მმართველმა პარტიამ “გირჩის” მხრიდან მიიღო თანხმობა, რომ ცესკოს თავჯდომარის არჩევისას ორიენტირებულები იქნებიან კანდიდატის “კეთილსინდისიერებასა და პროფესიონალიზმზე და ეს საკითხი არ იქნება გამოყენებული პირადი პოლიტიკური თემების აქტუალიზაციისთვის”.
რა წერია ცვლილებების განმარტებით ბარათში
“გენდერული კვოტირების მექანიზმი, წარმოადგენს შეზღუდვას, როგორც პოლიტიკური პარტიებისთვის, ასევე იმ სქესის წარმომადგენლებისთვის, ვისი გაძლიერების მოტივითაც არის შეიქმნა ეს ნორმა.
სქესის მიხედვით პოლიტიკური პარტიის სიის ფორმირებას ლოგიკური შინაარსი არ გააჩნია, ასეთი ხელოვნური ჩარევით ქალების პოლიტიკაში ჩართულობა სერიოზულ სახეს ვერასოდეს ვერ მიიღებს. კანონპროექტის მიზანია დაეხმაროს პოლიტიკით დაინტერესებულ ქალებს თავი დააღწიონ კვოტით გამოწვეულ რეპუტაციულ ზიანს.
სქესის ნიშნით კვოტირება კიდევ უფრო აღრმავებს ქალების მიმართ არსებულ სტერეოტიპებს, რის გამოც რთულია ქალების სათანადო პოლიტიკურ მოთამაშეებად აღქმა.” – წერია ცვლილებების განმარტებით ბარათში.