“გენდერი” და “ლიბერალიზმი” საშიშია!"
განათლების სამინისტრო, ევროკავშირის დავალებით, სექტემბრიდან ჩვენ შვილებს მასობრივი შეტევის მოწყობას უპირებს, _ ასე ხმაურიანად იწყება პეტიცია, რომელსაც ხელოვნების და საზოგადოების ცნობილი წევრები აწერენ ხელს და განათლების სამინისტროს მიმართავენ.
საქმე ეხება ახალ საგანს _ მე და საზოგადოება, რომელსაც უმცროსკლასელებს 2017 წლიდან ისწავლიან.
ჯერ ამ საგნის არც სახელმძღვანელო არსებობს და არც კონკრეტული პროგრამა, თუმცა მის გამო, “განგაშის ზარებს უკვე შემოჰკრეს. სწორედ ასეა დასათაურებული პეტიცია, რომელსაც რამდენიმე ათეული ხელმომწერი ჰყავს და სოციალურ ქსელებში ნამდვილი აჟიოტაჟი მოჰყვა.
პეტიციაზე ხელმომწერების თქმით,“განგაშის მიზეზი გახდა განათლების სამინისტროს ვებგვერდის ბიბლიოგრაფიაში განთავსებული წიგნი, სახელად ‘კომპასი’. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მასწავლებელს შეუძლია ის სახელმძღვანელოდ აირჩიოს. ხოლო, ამ წიგნში მოცემული რეკომენდაციები და სავარჯიშოები სხვადასხვა საჩოთირო საკითხს ეხება, მაგალითად იმას, თუ როგორ ვესაუბროთ ბავშვებს ისეთ თემაზე, როგორიცაა თუნდაც სექსუალური უმცირესობა.
წიგნში ნახსენებია ისეთი სიტყვები და ტერმინები, როგორიცაა “გეი, “ სექსუალური ორიენტაცია, “გენდერული იდენტობა.
ახალი საგნის მოწინააღმდეგეებს მიაჩნიათ, რომ საგანი მე და საზოგადოება ,ერთი მხრივ, “ბილწი და საძაგელი მამათმავლური ცნობიერებით წამლავს და რყვნის ადამიანის გონებას, მეორე მხრივ კი _ სარწმუნოებრივ-ეროვნული ცნობიერების აღრევასა და მის გადაგვარებას ემსახურება.
“ამ საგნის სწავლების მიზანია ბავშვების სექსუალური აღზრდა გეი ორიენტაციით! – დარწმუნებულია პეტიციის ავტორი და ინიციატორი, ფილოლოგი გურამ ფალავანდიშვილი.
განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ ის, რაზეც პეტიციის ხელმომწერები ასე ღელავენ, რეალურად ჯერ არც არსებობს.
“ პეტიცია გამიზნულია საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და განათლების სისტემის დისკრედიტაციისთვის. ეს პროვოკაციაა, _ წერია განათლების სამინისტროს განცხადებაში, რომელშიც კიდევ ერთხელ მიუთითებენ, რომ სახელმძღვანელოზე მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ამ პროცესში სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფია ჩართული, მათ შორის _ საპატრიარქოც.
თუმცა, როგორც ჩანს, “განგაშის ზარებმა განათლების სამინისტრო მაინც შეაშფოთა, რადგან წიგნი სახელად კომპასი ვებ-გვერდიდან გაქრა.
პეტიციის ავტორი გურამ ფალავანდიშვილი მინისტრისგან კონკრეტულ ახსნა-განმარტებას ელის:
“მინისტრს იმ შემთხვევაში ვენდობით, თუკი ის საჯაროდ აღიარებს,რომ მამათმავლობა ცოდვად და გარყვნილებად მიაჩნია, ამ საკითხს სკოლაში არ დაუშვებს, _ აცხადებს ის.
საზოგადოების წარმომადგენლების გარდა, ახალი საგნის შემოღების წინააღმდეგია საქართველოს ყველაზე ძლევამოსილი ინსტიტუტი _ ეკლესიაც, რომელიც რეგულარულად თანამშრომლობს განათლების სამინისტროსთან, თვალს ადევნებს მის საქმიანობას და ხშირად კორექტივებიც შეაქვს.
საპატრიარქოში ჯერ კიდევ 1993 წლიდან არსებობს განათლების ცენტრი, რომელიც უფლებამოსილია, ჩაერიოს განათლების სისტემაში და შეიტანოს ცვლილებები რჩევის სახით.
საპატრიარქოს განათლების ცენტრის ხელმძღვანელი მეუფე იოანე ამბობს, რომ სამინისტრო საპატრიარქოს რჩევებს ხშირად ითვალისწინებს. მას კონკრეტული მაგალითებიც მოჰყავს:
“ჩვენი რეკომენდაციით, მესამე კლასის სახელმძღვანელოდან ამოიღეს ტერმინები “გენდერი და “ლიბერალური ღირებულებები, რადგან ორივე – საფრთხის შემცველია ჩვენი მენტალიტეტისთვის. “ლიბერალური ღირებულებები პოლიტიკური ტერმინია. ვფიქრობთ, რომ სკოლების პოლიტიზირება დაუშვებელია… ხოლო რაც შეეხება გენდერს _ რამდენი სქესი არსებობს? _ ორი. გენდერის მიხედვით კი, 50-ზე მეტი, _ ამბოს მეუფე იოანე.
მისი თქმით, არ შიძლება ყველანაირი განსხვავებულობა მისაღები იყოს:
“მაღალ კლასებში მოსწავლეებს რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობებზე უნდა ესაუბრო, მაგრამ არა სექსუალურ უმცირესობებზე. ტელევიზიით ეს თემა ისედაც ფართოდ შუქდება. სასწავლო პროცესში ამ საკითხებზე საუბარი დაუშვებელია.
საგნის “მე და საზოგადოება სტანდარტის ფორმირება და იმის დაზუსტება, თუ რას უნდა გვასწავლიდეს ეს საგანი, ახლა მიმდინარეობს. საზოგადოების ერთი ნაწილის პროტესტისა და არაერთგვაროვანი დამოკიდებულების მიზეზით, სამედიცინო-ფსიქოლოგიურმა ცენტრმა „თანადგომამ“, განათლების სამინისტროსთან ერთად, სპეციალური კვლევა ჩაატარა. კვლევის მიზანია ახალი საგნისადმი საზოგადოების დამოკიდებულების შესწავლა.
კვლევაში თბილისის, ქუთაისის, ზუგდიდის, ბათუმისა და თელავის 60-ზე მეტი სკოლის პედაგოგი და მოსწავლეთა მშობლები მონაწილეობდნენ.
აღმოჩნდა, რომ ინტერესი მხოლოდ ისეთი თემების მიმართ არსებობს, როგორიცაა ოჯახი, ცხოვრების ჯანსაღი წესი, გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ, მოსწავლეთა შორის ძალადობის პრევენცია, რატომ უნდა გვიყვარდეს ჩვენი ქვეყანა და სხვა;
ხოლო, ისეთი საკითხების მიმართ, როგორიცაა _ რელიგია, უმცირესობები და გენდერი, გამოკითხულები დიდ სიფრთხილეს იჩედნენ.
სწორედ ამ დამოკიდებულების გამო, საგნის სტანდარტის პირველადი ვერსია შეიცვალა და ეს თემები პროგრამიდან გაქრა.
„თავიდან რელიგიის თემა სამუშაო ვერსიაში შესული იყო. ჩვენ მრავალეთნიკურ გარემოში ვცხოვრობთ და შემწყნარებლები უნდა ვიყოთ ერთმანეთის მიმართ. თუმცა, ამანაც კი დაპირისპირება გამოიწვია და ბოლო ვერსიაში, რაც ამჟამად გვაქვს, რელიგია საერთოდ ამოღებულია. რაც შეეხება გენდერს, გენდერი სტანდარტის პირველად ვერსიაში განხილული იყო როგორც გოგონების და ბიჭების თანაბარი შესაძლებლობები _ ის,რომ სახლში მშობლებს ბიჭიც და გოგოც თანაბრად უნდა ეხმარებოდნენ, ან თუნდაც იმის სწავლება, რომ ბავშვის აღზრდაში დედაც და მამაც თანაბრად უნდა მონაწილეობდნენ და ა.შ. აი, ასეთ ჭრილში იყო განხილული გენდერის საკითხი, თუმცა ესეც კი საკამათოდ იქცა და ამოიღეს“, _ ამბობს კვლევის ავტორი სერგო ჩიხლაძე.
ნარგიზა კაკულია ზუგდიდის მეორე საშუალო სკოლაში დაწყებითი კლასების მასწავლებელია. სავარაუდოდ, მომავალი წლიდან მისი მოსწავლეები ახალ საგანს, “მე და საზოგადოებას ისწავლიან.
ჯერჯერობით მან არც ახალი წიგნის შესახებ იცის რაიმე და არც მეთოგოლოგიის შესახებ ფლობს ინფორმაციას.
როგორც თვითონ ამბობს, მოსწავლეებს ხშირად ესაუბრება საზოგადოებაში ქცევის წესებზე, იმაზე, რომ ძალადობა და მეგობრების დაჩაგვრა არ შეიძლება.
“ ყველანი ტრადიციული ოჯახებიდან მოვდივართ, გვაქვს ქართული მენტალობა _ ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ცხოვრება ხომ წინ მიდის? ჩვენ თუ არ მოვუყვებით ბავშვებს, რა არის სექსუალური უმცირესობა, ისინი რა, ამას ვერ გაიგებენ? ამიტომ, ჯობს, რომ რაღაცები კომპეტენტურად ავუხსნათ, სწორად მივაწოდოთ ინფორმაცია.