გაზსადენის ნაწილი, რომლითაც სომხეთი რუსეთიდან გაზს საქართველოს გავლით იღებს, შესაძლოა გადაიტანონ
გაზსადენის მონაკვეთის სომხეთ-საქართველოს საზღვარზე გადატანა
სომხეთ–საქართველოს საზღვარზე არსებული გაზსადენის 5,5-კილომეტრიანი მონაკვეთის შესაძლო გადატანა დღის მთავარ თემად იქცა. საუბარია ინფრასტრუქტურაზე, რომლის მეშვეობითაც სომხეთი რუსეთიდან ბუნებრივ გაზს საქართველოს გავლით იღებს. მიუხედავად გავრცელებული ცნობებისა, ოფიციალური თბილისი აცხადებს, რომ ერევნიდან შესაბამისი განაცხადი ჯერ არ მიუღია, ხოლო სომხეთის ხელისუფლებას საკითხზე კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.
რა არის ცნობილი ამ ეტაპზე
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სომხურმა მხარემ უკვე მიმართა ქართულ უწყებებს გაზსადენის მონაკვეთის გადატანის მოთხოვნით. თუმცა JAMnews-ის ინფორმაციით, საკითხი მხოლოდ განხილვის ეტაპზეა და ოფიციალური განაცხადი საქართველოს ეკონომიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროებს არ მიუღიათ.
გავრცელებული ცნობებით, დაგეგმილია მილსადენის რამდენიმე კილომეტრით გადატანა და მისი დაკავშირება სომხეთის ტერიტორიაზე ახალადაშენებულ მონაკვეთთან.
უსაფრთხოების არგუმენტი და დანაღმული ტერიტორია
ინიციატივის მთავარ მიზეზად სახელდება უსაფრთხოების ფაქტორი. არსებული მონაკვეთი გადის სომხეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონაში, ტერიტორიაზე, რომელიც 1990-იანი წლებიდან დანაღმულია.
მედიის ცნობით, ამ პირობებში “მინიმალური უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა და სარემონტო სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია“, რის გამოც სამმხრივი შეთანხმების საფუძველზე გადაწყდა პრობლემური მონაკვეთის ამოღება და მისი გადატანა უსაფრთხო ტერიტორიაზე.
დელიმიტაცია და გეოპოლიტიკური კონტექსტი
სომეხი ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ინფრასტრუქტურის გადაადგილება უკავშირდებოდეს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესს.
2025 წლის იანვარში მხარეები შეთანხმდნენ ახალი მონაკვეთის დელიმიტაციაზე, სადაც სამუშაოები უნდა დაწყებულიყო ჩრდილოეთიდან – სამი ქვეყნის საზღვრების გადაკვეთიდან – და გაგრძელებულიყო სამხრეთის მიმართულებით.
ექსპერტების შეფასებით, საზღვრის დაზუსტებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს იმ ინფრასტრუქტურაზე, რომელიც ისტორიულად ადმინისტრაციულ საზღვრებზე იყო მორგებული და არა სრულფასოვან სახელმწიფო საზღვრებზე.
- მოსაზრება: რუსეთი ცდილობს სომხეთის ეკონომიკის მოგუდვას სხვისი ხელებით და ეს “სხვისი ხელები“ არის საქართველო
- საქართველო რევერსში. როგორ იქცა პოსტსაბჭოთა დემოკრატიზაციის ვიტრინა „ფუნქციურად პრორუსულ“ რეჟიმად
ექსპერტების შეფასებები
პოლიტოლოგი რუბენ მეჰრაბიანი მიიჩნევს, რომ არსებული ინფორმაცია საკმარისი არ არის გადაწყვეტილების საფუძვლების გასაანალიზებლად. მისი თქმით, გაურკვეველია, რამდენად გამართლებულია პროექტის ხარჯები და რა აუცილებლობით უნდა დაიფაროს ისინი სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ამავე დროს, ის არ გამორიცხავს, რომ საკითხი უკავშირდებოდეს განაღმვის პროცესს და უსაფრთხოების დამატებით ზომებს, რომლებიც საჭიროა საზღვრისპირა რეგიონებში.
პოლიტოლოგი სამველ მელიქსეტიანი ასევე ხედავს კავშირს დელიმიტაციის პროცესთან და აღნიშნავს, რომ მილსადენი საბჭოთა პერიოდიდან არსებობს, როდესაც საზღვრები ადმინისტრაციული იყო. მისი თქმით, თანამედროვე რეალობაში, როდესაც საზღვრები უსაფრთხოების რისკებთან არის დაკავშირებული, ინფრასტრუქტურის გადახედვა ლოგიკურ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს.
ენერგეტიკული რისკები და ფართო სურათი
ანალიტიკოსები ასევე მიუთითებენ, რომ პროექტმა შესაძლოა შექმნას დამატებითი რისკები სომხეთის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის, განსაკუთრებით რეგიონში მიმდინარე დაძაბულობის ფონზე.
მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე სამხედრო ესკალაციის რისკი დაბალია, ექსპერტები ხაზს უსვამენ, რომ სასაზღვრო ზონაში მდებარე ინფრასტრუქტურა ყოველთვის მოითხოვს დამატებით კოორდინაციას და უსაფრთხოების ზომებს, რაც მის ფუნქციონირებას ართულებს.
მილსადენის გადატანის შემთხვევაში, ეს პრობლემები ნაწილობრივ შეიძლება მოიხსნას, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება და მისი რეალური მიზეზები ჯერ კიდევ გაურკვეველი რჩება.