"ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტი“: როგორ ცვლის ოცნების მთავრობის რეფორმა საქართველოს უნივერსიტეტების რუკას
განათლების რეფორმა
საქართველოს ხელისუფლება უმაღლესი განათლების სისტემას რადიკალურად ცვლის. ახალი რეფორმის ფარგლებში, სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღება მკაცრი პროფილიზაციის პრინციპით გადანაწილდება: თითოეულ ქალაქსა და უნივერსიტეტს კონკრეტული აკადემიური მიმართულება ექნება.
მთავრობა აცხადებს, რომ მიზანი შრომის ბაზართან შესაბამისობა და რესურსების კონცენტრაციაა, თუმცა ცვლილებები უკვე აჩენს კითხვებს აკადემიური თავისუფლების, რეგიონული განვითარების და უნივერსიტეტების ავტონომიის შესახებ.
რა იცვლება: უნივერსიტეტების ახალი პროფილები
განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ ბრიფინგზე წარადგინა კვოტების განაწილება სახელმწიფო უნივერსიტეტებისთვის, რაც “ქართული ოცნების” მთავრობის განათლების რეფორმის ნაწილია.
რეფორმის მთავარი იდეაა პრინციპი – „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტი“, რაც გულისხმობს, რომ უნივერსიტეტები აღარ იქნებიან მრავალპროფილური და თითოეულ მათგანს ექნება მკაფიო აკადემიური მიმართულება.
ახალი სქემის მიხედვით:
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ)
ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებები (პედაგოგიკის გარეშე), სამართალი, ეკონომიკა და ბიზნესის ადმინისტრირება, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
საინჟინრო და ტექნიკური დისციპლინები. - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
მედიცინის ყველა მიმართულება. - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
პედაგოგიკა და ABET აკრედიტაციის მქონე STEM პროგრამები — ინჟინერია, კომპიუტერული მეცნიერება, ტექნოლოგიები, გამოყენებითი მეცნიერებები, მათემატიკა. - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
აგრარული სპეციალობები, ქართულ-აფხაზური ენა და ლიტერატურა, პედაგოგიკა. - სახელოვნებო და სპორტის უნივერსიტეტები
მხოლოდ შესაბამისი პროფილური პროგრამები. - ბათუმისა და ქუთაისის უნივერსიტეტები
ინარჩუნებენ მრავალფუნქციურ დატვირთვას. - ზუგდიდი, გორი, ახალციხე, თელავი
აქცენტი აგრარულ მიმართულებებზე, ტურიზმსა და პედაგოგიკაზე.
მინისტრის თქმით, აგრარული მიმართულება დროებით რჩება ტექნიკურ უნივერსიტეტში, თუმცა რამდენიმე თვეში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს გადაეცემა და 2026–2027 წლიდან სტუდენტები იქ გააგრძელებენ სწავლას.
კვოტები შრომის ბაზრის მიხედვით
მიქანაძის განცხადებით, სტუდენტთა რაოდენობა შრომის ბაზრის კვლევაზე დაყრდნობით განისაზღვრა. ხელისუფლების პოზიციაა, რომ უნივერსიტეტებში ჩარიცხვა რეალურ ეკონომიკურ მოთხოვნებს უნდა შეესაბამებოდეს.
2025 წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩაირიცხა 19 311 სტუდენტი. ახალი სქემით ეს რიცხვი დაახლოებით 21 300-მდე იზრდება, რასაც დაემატება პროფესიულ პროგრამებზე დაახლოებით 10 000 უფასო ადგილი.
დამატებითი ჩარიცხვა შესაძლებელი იქნება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში – მაგალითად, თანაბარი ქულების მქონე აბიტურიენტებისთვის ან ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისთვის.
“ქართული ოცნების” მინისტრი ამბობს, რომ განსაკუთრებით პოპულარულ მიმართულებებზე, როგორიცაა სამართალი, შემცირება მკვეთრი არ იქნება და შუალედური რაოდენობა დაწესდება.
თსუ როგორც “დედა უნივერსიტეტი“
რეფორმის ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური აქცენტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტატუსია. მთავრობის შეფასებით, თსუ-ს „დაუბრუნდება დედა უნივერსიტეტის მისია“.
მიქანაძის განმარტებით, საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ეპოქამდე თსუ ფაქტობრივად ერთადერთი უნივერსიტეტი იყო საქართველოში, ხოლო სხვა დაწესებულებები ინსტიტუტის სტატუსს ატარებდნენ. ახალი რეფორმით თსუ გახდება დედაქალაქში მოქმედი ერთადერთი მრავალპროფილური უნივერსიტეტი.
ეს ნაბიჯი, ხელისუფლების ხედვით, ნიშნავს ხარისხის კონცენტრაციას, თუმცა კრიტიკოსები შიშობენ, რომ შესაძლოა გაძლიერდეს ცენტრალიზაცია და შემცირდეს კონკურენცია რეგიონებში.
ინტერნაციონალიზაცია უცვლელად
რეფორმის ფარგლებში უნივერსიტეტბი სრულად ინარჩუნებენ საერთაშორისო აკრედიტაციის, ერთობლივ და ორმაგი ხარისხის პროგრამებს. მინისტრის თქმით, ინტერნაციონალიზაცია განათლების პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტად რჩება და სახელმწიფო ამ მიმართულებით ყოველწლიურად მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს.
ეს ნიშნავს, რომ უცხოურ უნივერსიტეტებთან დაკავშირებული პროგრამები უნივერსიტეტების პროფილიზაციის მიუხედავად არ გაუქმდება.
რას ნიშნავს ეს რეალურად სტუდენტებისთვის
პროფილიზაცია პრაქტიკაში ნიშნავს, რომ სტუდენტს ნაკლები არჩევანი ექნება კონკრეტულ ქალაქში. თუ ადრე რეგიონულ უნივერსიტეტებში შეიძლებოდა სხვადასხვა დისციპლინის სწავლა, ახლა აბიტურიენტებს მოუწევთ საცხოვრებლის შეცვლა სასურველი პროფესიის მისაღებად.
მეორე მხრივ, ხელისუფლება ამტკიცებს, რომ კონცენტრირებული რესურსები გააძლიერებს ხარისხს, შეამცირებს დუბლირებას და უკეთ დააკავშირებს განათლებას ეკონომიკასთან.
კითხვა ასეთია: რამდენად იქნება ეს პროცესი თანაბრად სასარგებლო როგორც თბილისის, ისე რეგიონებისათვის, და ხომ არ გადაიქცევა რეფორმა აკადემიური მრავალფეროვნების შემცირების ინსტრუმენტად.
კომენტარი
ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ “მსოფლიოში არნახული იდიოტობა” – ერთი ქალაქი -ერთი ფაკულტეტი, მოგონილ იქნა საგანგებოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გაუქმებისთვის. მისი თქმით, შენობების გაყიდვა ამ შემთხვევაში მხოლოდ ბონუსია და არა მთავარი მიზანი.
ზურაბიშვილი განმარტავს, რას ერჩის ხელისუფლება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს:

“მაინც რას ერჩიან ილიას უნივერსიტეტს? რას და მთელი ე. წ. ქოცური სამყარო მთავრობის ჩათვლით დარწმუნებულია, რომ ეს უნივერსიტეტი არის ნაცების ბუდე და აკაცუკების სამჭედლო და თავისი ჭკუით განათლების კერას კი არა შეთქმულების ბუდეს ებრძვიან. თუმცა, რეალურად ხელისუფლების მიზანი მთლიანად საუნივერსიტეტო სფეროს პოლიტიკური კონტროლია და ეს მდაბიო ჭორი ილიაუნზე მათ მხოლოდ იმისთვის ჭირდებათ, რომ ბევრ ქოცს ეს უნივერსიტეტი მართლა ნაცსაშენი მეურნეობა ჰგონია და ადვილად გაყიდიან თავიანთ მომხრეებში პოლიტიკურ კონტროლს ნაცებთან ბრძოლად.
ცხადია, რეალური შედეგების თვალსაზრისით აქ მხოლოდ ილიას უნივერსიტეტი არ იზარალებს და ეს ე. წ. რეფორმა საერთოდ დიდ ზიანს მიაყენებს მთელ საგანმანათლებლო სისტემას საქართველოში. სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა, რომ ეს ზიანი იქნება გაცილებით დიდი, ვიდრე ოდესმე ყოფილა მას შემდეგ, რაც 1918 წელს ივანე ჯავახიშვილის ინიციატივით პირველი ქართული უნივერსიტეტი დაარსდა და იგი შეეხება არა მარტო უმაღლეს, არამედ საშუალო და პროფესიულ განათლებასაც.
რა ეშველება ამ საქმეს? ვფიქრობ, სანამ ეს ხელისუფლება გვყავს, არც არაფერი. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ კი, როცა არ უნდა მოხდეს ეს, აუცილებლად თავიდან იქნება ასაწყობი ნორმალური, ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისი საუნივერსიტეტო სისტემა საქართველოში. უკვე არსებულის მნგრეველები კი, გარდა იმისა, რომ სამარადისოდ უკვდავყოფენ თავიანთ სამარცხვინო სახელს შთამომავლობისთვის, სამართლებრივადაც აგებენ პასუხს. მე პირადად იმის კატეგორიული მომხრეც ვიქნები, რომ მათ პასუხი აგონ პიროვნულად და ხანდაზმულობის ვადის გარეშე.”
განათლების ექსპერტი სიმონ ჯანაშია ასახელებს იმ ფაკულტეტებს, რომლებიც ილიას უნივერსიტეტში გაუქმდება.

“ნგრევის მასშტაბი რომ წარმოიდგინოთ – ილიას უნივერსიტეტში ქ.ოცნება აუქმებს შემდეგ პროგრამებს. ეს არის უზარმაზარი შრომა, სიმდიდრე, რომელიც ასობით ადამიანმა, ათობით ორგანიზაციამ შექმნა:
1. დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები
2. ეკოლოგია
3. ფიზიკა
4. ბიოლოგია
5. ანთროპოლოგია
6. ასტრონომია
7. უჯრედული ნეირომეცნიერება
8. ბიოქიმია და მოლეკულური ბიოტექნოლოგია
9. სამართალი
10. ანგლისტიკა
11. გამოყენებითი გერმანისტიკა
12. საფრანგეთისმცოდნეობა
13. მედიცინა
14. ისტორია
15. რუსისტიკა
16. ლიტერატურათმცოდნეობა
17. ქართული ფილოლოგია
18. ხელოვნებათმცოდნეობა
19. მცოდნეობა
20. მუსიკა
21. ფსიქოლოგია
22. საერთაშორისო ურთიერთობები: ევროპა და ახლო აღმოსავლეთი
23. პოლიტიკის მეცნიერება
24. თავისუფალი მეცნიერებები
25. სოციოლოგია
26. გრაფიკის ხელოვნება
27. გამოყენებითი ხელოვნება – მხატვრული კერამიკა საჯარო სივრცეებისათვის
28. ფინანსები
29. მენეჯმენტი
30. ტურიზმი
31. მათემატიკა
32. კომპიუტერული ინჟინერია
33. რელიგიის კვლევები
34. ადიქციის კვლევები
35. ენათმეცნიერება
36. კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპია
37. საჯარო პოლიტიკა
38. ევროპისმცოდნეობა
39. კავკასიის კვლევები
40. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთის და ევრაზიის კვლევები
41. სოციალური მუშაობა
42. საერთაშორისო ურთიერთობები
43. ფსიქიკური ჯანმრთელობა
44. ცოცხალი თეატრის ხელოვნება
45. ლექსიკოგრაფია
46. გერმანიის კვლევები
47. საზოგადოებასთან ურთიერთობა
48. ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტი
49. არქიტექტურა და მდგრადი განვითარება
50. პროგრამული ინჟინერია
51. ციფრული ჰუმანიტარია
52. კულტურის კვლევები
53. ფილოსოფია
54…
ეს არასრული ჩამონათვალია, რაც მხოლოდ ამ უნივერსიტეტში დაზიანდება.” – წერს ჯანაშია.