სიმონ ჯანაშია: ოცნების მიზანია, მეტად იყოს განათლების სისტემა დამოკიდებული პარტიის ინტერესებზე
განათლების რეფორმა
ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის ყოფილი დირექტორი, სიმონ ჯანაშია ირაკლი კობახიძის მიერ წარმოდგენილ განათლების სისტემის რეფორმას აფასებს და ამბობს, რომ “ქართული ოცნების” მიზანია უნივერსიტეტებზე და სკოლებზე მეტი პოლიტიკური კონტროლის დამყარება. მისივე განმარტებით, ოცნება ძალიან სარისკო “რაღაცას” იწყებს, ისეთ რამეს, რამაც შეიძლება ჩამოშალოს მათი მხარდამჭერებიც კი.
ჯანაშიას თქმით, უმაღლეს განათლებაში დაგეგმილი ცვლილებები უნივერსიტეტების დაფინანსებისა და ავტონომიურობის შეზღუდვას ისახავს მიზნად.
“ქართული ოცნების” პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ 16 ოქტომბერს დაგეგმილი განათლების რეფორმების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ახლანდელი განათლების სისტემა ვერ პასუხობს თანამედროვე გამოწვევებსა და სტანდარტებს, შესაბამისად, უნდა ჰქონდეთ “ამბიციური მიზანი”, რომ საქართველოშიც იმავენაირი განათლება მიიღონ სტუდენტებმა, როგორც უცხოეთში.
ექსპერტები დაანონსებულ რეფორმას განათლების სფეროში რეპრესიულ ცვლილებად აფასებენ.
განათლების ახალ რეფორმაზე უფრო ვრცლად, შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

სიმონ ჯანაშია: “ქართული ოცნება” ხვდება, რომ სტუდენტები და პროფესურა არის ის ძალა, რომელზეც ჯერ კონტროლი არ აქვთ. კონტროლი ამ ხალხზე არ აქვთ იმიტომ, რომ უნივერსიტეტებს აქვთ გარკვეული ავტონომია, რაც გულისხმობს იმასაც, რომ დაფინანსების მხოლოდ ნაწილი არის სახელმწიფოსგან, ანუ სახელმწიფოს არ აქვს საშუალება ფულის გამოყენებით მანიპულირება მოახდინოს სტუდენტებზე და პროფესორებზე.
კობახიძემ თქვა, რომ საგრანტო სისტემიდან გადავლენ სახელმწიფო დაკვეთის სისტემაზე, რომელიც გულისხმობს, რომ სახელმწიფო გადაწყვეტს, რომელ უნივერსიტეტს დააფინანსებს და რომელს – არა. მეორე წყარო, რაც უნდა შეუზღუდოს არის ის, რომ უცხოელი სტუდენტები არ უნდა ხვდებოდნენ სახელმწიფო უნივერსიტეტებში, რადგან, თურმე, მათ აქცევს ბიზნესად და უცხოელები კერძო უნივერსიტეტებში უნდა სწავლობდნენ. უცხოელი სტუდენტები შეიძლება იხდიდნენ 10-ჯერ უფრო მეტს. უცხოელი სტუდენტები არის საკმაოდ დიდი შემოსავალი უნივერსიტეტებისთვის, რაც ასევე აძლიერებს მათ ფინანსურ ავტონომიას. რაც უფრო ავტონომიურია უნივერსიტეტი, მის პროფესურასაც აქვს მეტი ავტონომია, გამოხატოს პოლიტიკური მოსაზრებები.
კობახიძეს უნდა, რომ ეს ფული ჩამოართვას სახელმწიფო უნივერსიტეტებს და გადაუნაწილოს კერძოებს. აქ პრობლემა ისაა, რომ სამედიცინო უნივერსიტეტის შემოსავლების ძალიან დიდი ნაწილი არის უცხოელი სტუდენტებისგან, თუმცა ნაკლები პრობლემა არის ხელისუფლებისთვის, რადგან ხელმძღვანელობა ლოიალურია პარტიის მიმართ, ამიტომ გათვლა გააკეთა კობახიძემ, რომ გამონაკლის შემთხვევებში მივცემთ შესაძლებლობას, რომ ჰყავდეთ უცხოელი სტუდენტები. გამონაკლისის დაშვება ხვდებით, ხომ, რაზეა დამოკიდებული? პარტიას თუ ემსახურები, გამონაკლისს დაუშვებენ. თუ ხარ ილიას უნივერსიტეტი, სადაც თავისუფლად გამოხატავენ პროფესორები და სტუდენტები, მონაწილეობენ პროტესტში, ილიას უნივერსიტეტს უნდა წაართვა ფული – უფრო მეტად დამოკიდებული გახადო პარტიის წყალობაზე.
მესამე, რაც ითქვა, არის ის, რომ გააუქმონ შესაძლებლობა, რომ რამდენიმე სახელმწიფო უნივერსიტეტს ჰქონდეს ერთი და იგივე ფაკულტეტი. უნივერსიტეტების დაფინანსების მნიშვნელოვანი წყარო არის პოპულარული ფაკულტეტები. მაგალითად, ერთ-ერთი პოპულარული მიმართულება არის ბიზნესის მიმართულება. ეს ნიშნავს, რომ თუ ბიზნესის მიმართულება ექნება მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ან მხოლოდ ტექნიკურ უნივერსიტეტს, დანარჩენებს ეზღუდებათ შემოსავალი.
მეოთხე გზა დაფინანსების შეზღუდვის არის ბაკალავრიატის 3-წლიანად გადაყვანა. მეოთხედი დაფინანსება უნივერსიტეტებს ეზღუდებათ, რაც თავისთავად იქნება კრიზისის კიდევ ერთი წყარო – სახელმწიფომ უნდა მისცეს მაშინ ფული უნივერსიტეტს დაკვეთის სისტემით იმისთვის, რომ გადარჩეს.
სკოლის 11-წლიან სისტემაზე გადასვლით სახელმწიფოს სკოლებიდან გამოჰყავს დაახლოებით 50 000 მოსწავლე, რომლებიც არიან პოლიტიკურად აქტიურები. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც არიან სრულწლოვნები, ან ხდებიან და რომლებიც ვნახეთ ჩვენ აქციებზე. მათთან გამკლავების შესაძლებლობაც ნაკლებად აქვს, განსაკუთრებით, არასრულწლოვანების, მათ ვერ აპატიმრებს.
მე-12 კლასის გაუქმებით უფრო მეტ პრობლემას უჩენს საზღვარგარეთ წასასვლელად, ამბობს კიდეც პირდაპირ, რომ ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა დარჩეს საქართველოშიო. ამას ამართლებს პატრიოტული მოტივებით, უცხოელი სტუდენტები უნდა გადავანაწილოთ კერძოებშიო, აქ შეგვიძლია პირდაპირ ვივარაუდოთ, რომ არის კერძო უნივერსიტეტების ინტერესი, რადგან კერძო უნივერსიტეტების უკან ხშირად სინამდვილეში არიან გადაწყვეტილებების მიმღებები. მაგალითად, შავი ზღვის უნივერსიტეტი გაიყიდა გიორგი ამილახვარის მინისტრობის პერიოდში და აღმოჩნდა, რომ მინისტრი არის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობაში. ვიღაცები ამბობდნენ, რომ შეიძლება წილიც ჰქონდეს ამ უნივერსიტეტში და რეალურად ის იდგეს მისი გაყიდვის უკან.
ასობით მილიონის მოგებაზეა ლაპარაკი, რომელიც შევა კერძო უნივერსიტეტებში, სახელმწიფოს ნაცვლად. რეალურად, ამით სუსტდება სახელმწიფო უნივერსიტეტები, როცა რიტორიკა სრულიად საპირისპიროა.
11-წლიან სწავლებაზე გადაყვანა პრობლემა არის არა მხოლოდ საერთაშორისო [საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების] პერსპექტივით, არამედ საქართველოს პერსპექტივითაც. 12-წლიან სწავლებაზე გადასვლა მოხდა სხვა არგუმენტების გამოც, ერთ-ერთი იყო პროგრამის გადატვირთვა სკოლებში, საჭირო იყო მისი განტვირთვა
მეორე არგუმენტი, რაც იყო იმ დროს, იყო ის, რომ რაც უფრო გვიან ირჩევს ადამიანი პროფესიას, მით უფრო გააზრებულია ეს არჩევანი. 12-წლიან სწავლებაზე გადასვლამ მოიტანა ის, რომ ბაკალავრიატების პირველ წელს გაჩნდა ზოგადი მიმართულებები, რომლებიც ზოგად კურსებს ასწავლიდა სტუდენტებს, რათა კიდევ უფრო გააზრებულად აერჩია მე-2 კურსიდან, რომელ სპეციალობას დაიწყებდა. რეალურად, ერთი წელი რომ ჩამოეჭრება ოთხწლიან ბაკალავრიატს, ამის ინტერესიც ნაკლები იქნება, რომ არსებობდეს ზოგადი კურსები. სკოლასაც უფრო ადრე დაამთავრებენ მოსწავლეები, ანუ უფრო ადრე გააკეთებენ არჩევანს და სპეციალობის სწავლას დაიწყებენ პირველივე კურსიდან.
პროფესიული კომპეტენციების სწრაფად განვითარების საფუძველი არის ის ზოგადი ცოდნა, რომელიც გეხმარება ახალი კომპეტენციების ათვისებაში. ამას თუ გამოვაკლებთ თანამედროვე ახალგაზრდებს, კიდევ უფრო ნაკლებად ექნებათ შესაძლებლობა, იცვალონ პროფესიები, დასაქმების მიმართულებები.
ერთი ფრაზით რომ აღვწეროთ ყველაფერი, რაც დღეს ხდება, ეს არის ის, რომ ქართული ოცნების აქვს განზრახული რაც შეიძლება ნაკლები ისწავლოს ხალხმა და რაც შეიძლება მეტად იყოს განათლების სისტემა დამოკიდებული პარტიის ინტერესებზე.”