თვალჭრელიძის ქუჩაზე, სადაც მოსახლეობის გამოსახლების პროცესი მიმდინარეობს, შსს-მ ადმინისტრაციული წესით 5 პირი დააკავა
გამოსახლება თვალჭრელიძის ქუჩაზე
თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის გამოსახლება მიმდინარეობს – ადგილზე მობილიზებულები არიან პოლიციის და აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები. ადგილობრივები გასახლების პროცესს აპროტესტებენ.
● სახალხო დამცველი მიმართავს აღსრულების ბიუროს, ზამთრის განმავლობაში შეზღუდოს გამოსახლების პროცესი
ადგილზე ხმაური რამდენჯერმე იყო. როგორც მცხოვრებლები აღნიშნავენ, კერძო მესაკუთრის საფუძველზე ხდება გამოსახლება, რომელიც ადგილობრივების თქმით, აცხადებს, რომ შენობა ავარიულია და მისი დაცლა უნდა მოხდეს. ქუჩაზე, სადაც მოსახლეობის გამოსახლების პროცესი მიმდინარეობს, ადმინისტრაციული წესით 4 პირია დაკავებული.
დაკავებას წინ უძღოდა ადგილობრივების პროტესტი, რომელიც საცხოვრებელ კორპუსთან ავეჯის გადასატანი მანქანის გამოჩენას მოჰყვა, რომელსაც კორპუსთან შესვლის შესაძლებლობას არ აძლევდნენ. პოლიციამ მათ ტერიტორიის გათავისუფლებისკენ მოუწოდა, რასაც ისინი შეეწინააღმდეგნენ, შედეგად კი რამდენიმე პირი საპატრულო პოლიციის მანქანაში ჩასვეს და ტერიტორიიდან გაიყვანეს.

თბილისის მერმა, კახა კალაძემ თვალჭრელიძის ქუჩაზე მიმდინარე გამოსახლებაზე განაცხადა, რომ მერია არაფერ შუაშია, შენობა კერძო საკუთრებაა და ავარიულია. მისივე განმარტებით კერძო მესაკუთრეს მოგებული აქვს აღნიშნული დავა. როგორც დედაქალაქის მერმა დააზუსტა, ამ შენობა-ნაგებობაში შეჭრილი იყო ადამიანების გარკვეული რაოდენობა.
ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე შენობიდან მოქალაქეების გამოსახლების პროცესს გამოეხმაურა. მისი თქმით, ამ ადამიანების იქ ყოფნა უსაფრთხო არაა.
“ერთი, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით, საკუთრების უფლებასაც დაცვა სჭირდება და ამავდროულად, ამ ადამიანების იმ შენობაში ყოფნა უსაფრთხო არაა. შენობის მდგომარეობა იქ უსაფრთხოდ ყოფნის შესაძლებლობას არ იძლევა.
საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა და გარკვეული მოვალეობა აქვს – გარკვეული ნორმები დაცვას მოითხოვს […] ვინც იქ იმყოფება, ყველა მოქალაქე დევნილი არაა. რაც იდენტიფიცირებულია, მათი რიცხვი არის – 58″. – თქვა სარჯველაძემ.
ტვ პირველის ინფორმაციით, შენობას თბილისში, საიდანაც ხალხის გამოსახლება იძულებით მიმდინარეობს, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ბიზნესმენის, ვანო ჩხარტიშვილის ოჯახი ფლობდა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით,თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, ტერიტორიის მფლობელი, კომპანია შპს “ბლექ სი ფროფერთია. ამ კომპანიას კი 2023 წლის 28 დეკემბრამდე, შპს აგრეგატი სმარტ დეველოპმენტი ფლობდა. ამ კომპანიის მფლობელი “სმარტ კაპიტალ გრუპია”, რომელიც ვანო ჩხარტიშვილის ოჯახს ეკუთვნის (მიხეილ ჩხარტიშვილი 50% ნათია ჩხარტიშვილი, 50%).
თვალჭრელიძის ქუჩაზე გამოსახლებული ადამიანები „რუსთავი 2-ის“ და „იმედის“ გადამღებ ჯგუფებს დაუპირისპირდნენ და ტერიტორიიდან გააძევეს ადგილობრივები ამბობენ, რომ მათი გაბრაზება გამოიწვია ამ სატელევიზიო არხების მიერ მათი გამოსახლების შესახებ მცდარი ინფორმაციის გავრცელებამ.
კომენტარი

თამთა მიქელაძე, “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” დირექტორი: “გამოსახლების პროცესზე უფრო ნიუანსურ სამართლებრივ შეფასებას მოგვიანებით მოგაწვდით. საჭიროების შემთხვევაში ადგილობრივებს სამართლებრივად დავეხმარებით კიდეც.
მაგრამ რატომ ვერ ისწავლა ამ სახელმწიფომ რომ:
1. ჭერის გარეშე ანუ რეალური სათანადო ალტერნატივის გარეშე გამოსახლება არ შეიძლება ჩატარდეს. ერთი ოჯახიც თუ დარჩება ჭერის გარეშე ეს პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევაა;
2. დევნილებთან, ვისაც ოცდაათწლიანი უსახლკარობის და ეკონომიკური ჩაგვრის გამოცდილება გაქვთ სახელმწიფო განსაკუთრებით ფრთხილი უნდა იყოს და მათი უფლება სათანადო საცხოვრებელზე აქტიურად არის დაცული შიდა და საერთაშორისო სამართალში;
3. დევნილების მიღმა ჩვენ გვყავს საცხოვრებლის კრიზისის მქონე არა ერთი ღარიბი ოჯახი, რომელიც ასევე საჭიროებს დაცვას და მათი მხრიდან კონკრეტული ობიექტების დაკავება კრიმინალური აქტი არ არის;
4. გამოსახლების დროს სათანადო პროცედურები უნდა იყოს დაცული და ადამიანები სოციალური შოკის წინაშე არ უნდა დააყენოს სახელმწიფომ. საცხოვრებელი ფართიდან იძულებითი გამოსახლება, მით უმეტეს, როდესაც საქმე მრავალწლიანი მოლოდინის პირობებში მცხოვრებ ადამიანებს ეხება, მოითხოვს არა მხოლოდ სამართლებრივ, არამედ ჰუმანურ, სოციალურ და მონაწილეობით პროცესებზე დაფუძნებულ მიდგომას. ასეთი ნაბიჯები ვერ გახდება ლეგიტიმური, თუ მათ წინ არ უძღვის გამჭვირვალე, ნდობაზე დამყარებული და თანასწორობის პრინციპებზე დაფუძნებული კომუნიკაცია;
5. სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, რომ გამოსახლების გადაწყვეტილებები არ მიიღებოდეს ძალის დემონსტრირებისა და ძალადობრივი მექანიზმების მეშვეობით, მით უმეტეს მაშინ, როცა თავად სახელმწიფოა წლების განმავლობაში პასუხისმგებელი საცხოვრებლის მიცემის დაუსრულებელ, ბიუროკრატიულ და უნდობლობით სავსე პროცესებზე;
6. დევნილების, ღარიბი ოჯახების და სხვა მარგინალიზებული ჯგუფების მიმართ ასეთი პოლიტიკა ქმნის უთანასწორობის პოლიტიკას, სადაც “საკუთრების უფლება” და “საჯარო ინტერესი” ყოველთვის მხოლოდ ძლიერების სასარგებლოდ იკითხება, ხოლო სოციალურად სუსტი ჯგუფები უჩინარი და მეორეხარისხოვანი მოქალაქეები ხდებიან.”