რამდენიმე დღის წინათ აზერბაიჯანის სატარიფო საბჭომ ერთი კილოვატი ელექტროენერგიის ფასი 0,06 მანათიდან 0,07 მანათამდე (0,04 დოლარიდან 0,44 დოლარამდე) გაზარდა. 15 მარტს წყლითა და კანალიზაციით სარგებლობისთვის დაწესებული გადასახადიც გაიზარდა. 1 კუბმეტრი წყლის მოხმარებისთვის მოქალაქემ 0,5 მანათი უნდა გადაიხადოს. ადრე წყლის ნიხრი 0,36 მანათით განისაზღვრებოდა. ამ გადაწყვეტილებას ექსპერტები სახელმწიფო რესურსების უკმარისობით ხსნიან.
სახელმწიფო მონოპოლისტის, სს “აზერენერჯის” მიერ წარმოებული ელექტროენერგიის საბითუმო ფასმა 0,041 მანათიდან 0,043 მანათამდე იმატა. ესაა ფასების ზრდის პირველი შემთხვევა 2007 წლის იანვრიდან.
სატარიფო საბჭოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ფასის ზრდა ორიენტირებულია “ენერგომომარაგების სფეროში ხარისხიანი მომსახურების მდგრადობისა და ხანგრძლივობის უზრუნველყოფაზე” და, ამას გარდა, ელექტროენერგიის მწარმოებლებისა და გამანაწილებელი ქსელის პერსპექტიულ განვითარებაზე. ახალი ტარიფები ელექტროენერგიის მწარმოებლების სახელმწიფო ბიუჯეტზე დამოკიდებულებას შეამცირებს და ამ სისტემის 18 ათასზე მეტ თანამშრომელს ხელფასებს გაუზრდის.”
განცხადებაში აღნიშნულია, რომ 15 ივლისამდე წარმოქმნილი დავალიანების ოდენობა ძველი ტარიფებით განისაზღვრება. ტარიფების ზრდა მოსახლეობის შემოსავლების შემცირების, უმუშევრობის დონის ზრდის, ინფლაციისა და ეროვნული ვალუტის ორგზის დევალვაციის ფონზე ხდება.
სოციალურ ქსელებში ამ გადაწყვეტილებას ჩვეული იუმორით შეხვდნენ:
” – მეზობელო, წყალი და დენი გაძვირდა. რატომ? – ისე, უმიზეზოდ. ონკანი გადაკეტე, შუქი ჩააქრე და დაიძინე, თორემ გადაწყვეტ, პოლიტიკაში ჩაბმას გადაწყვეტ და მაშინ გაზი და ტრანსპორტიც გაძვირდება.”
კიდევ ერთი დიალოგი ქსელში: “– საინტერესოა, იხდის თუ არა პრეზიდენტი დენის გადასახადს? – მთელი ქვეყანა მის ნაცვლად ვიხდით, და თან – არამხოლოდ დენის საფასურს.”
“ჩემი აზრით, ეს გადაწყვეტილება ყველაზე მეტად ძირითადი ოპერატორის, “აზერიშიღის” მდგომარეობით არის გამოწვეული, – ამბობს ეკონომისტი თოღრულ მაშალლი, – აქ ორი მნიშველოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი. ამ კომპანიის შემოსავლების ზრდა შეფერხდა.” მისი თქმით, თუკი 2014 წელს, შემოსავლის სახით, მათ 427 მილიონი მანათი მიიღეს, 2015 წელს აზერბაიჯანის მთელი ენერგოქსელის დაქვემდებარების შედეგად 77%-იანი ზრდა ჰქონდათ და მათი შემოსავალი 756 მილიონი მანათით განისაზღვრა. ასეთი დონის შენარჩუნება მიმდინარე წელს გაჭირდება, და ამიტომ, შემოსავლების გაზრდა ამ გზით გადაწვიტეს.
თუკი სოციალურ ქსელებში გამართულ საუბრებს არ ჩავთვლით, საზოგადოებას რაიმე ღია პროტესტი არ გამოუთქვამს. მანათის ორჯერ გაუფასურების შემდეგ ყველა ხვდებოდა, რომ რაღაც მსგავსი მოხდებოდა.