საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დავით ბაქრაძის გაეროში ელჩად დანიშვნას ამჯერად ხელი მოაწერა. მანამდე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტობის პერიოდში წარდგენილი 37 ელჩიდან 36-ის დანიშვნას მოაწერა ხელი და დავით ბაქრაძის დანიშვნაზე უარი თქვა.
ბაქრაძეს დანიშვნა უკვე მიულოცა ყოფილმა ელჩმა კახა იმნაძემ და მას წარმატება უსურვა.
Leaving NY, proud to have made my contribution to the cause of #Georgia & of #UN. Wishing best to my successor @BakradzeDavid. Eagerly looking forwrd to my next stint in #Ottawa, building on my dear old friend Amb.Kavtaradze’s work for #Georgia?? – #Canada?? friendship & co-op pic.twitter.com/xE1AyiQMMd
“5 წელი იყო ელჩი ამერიკაში და არაფერი გაუკეთებია ჩვენი ურთიერთობებისთვის, არ უნდა იყოს დანიშნული გაერო-ში, წავიდეს სხვაგან”.– ამბობდა სალომე ზურაბიშვილი დავით ბაქრაძეზე.
“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე გაეროში საქართველოს ელჩად დავით ბაქარაძის დანიშვნას გამოეხმაურა და თქვა, რომ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მთავრობის მხრიდან კომპეტენციაზე მითითებები დასჭირდა:
“ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს მთავრობას დასჭირდა, ამ კომპეტენციისა და მისი ჩარჩოების შესახებ გარკვეული მითითებები, მათ შორის, საკონსტიტუციო სარჩელის ფორმით. მაგრამ ერთი რამ არის ფაქტი – კონსტიტუციაში წერია ყველა კონსტიტუციური ორგანოსა და ყველა კონსტიტუციური, ასე ვთქვათ, თანამდებობის პირის უფლებამოსილების ფარგლების შესახებ. ეს ყველაფერი არ იძლევა ინტერპრეტაციის საშუალებას. არის კონკრეტული კომპეტენცია და ამ კომპეტენციის ფარგლებში პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს ხელი მთავრობის მიერ წარდგენილ კონკრეტულ კანდიდატურას. ასეც მოიქცა.”
6 ივნისს საქართველოს მთავრობამ ელჩების, დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელების დანიშვნასა და გათავისუფლების შესახებ პრეზიდენტსა და მთავრობას შორის უფლებამოსილებების გამიჯვნაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. საკონსტიტუციომ სარჩელი წარმოებაში 25 ივნისს მიიღო.
მმართველი პარტია პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატების დამტკიცების პროცესში უმოქმედობას – თანხმობის არმიცემას ედავება.
ირაკლი კობახიძის თქმით, მთავრობამ პრეზიდენტს გაეროში მუდმივ წარმომადგენლად დავით ბაქრაძის კანდიდატურა შესთავაზა, კანადაში კი კახა იმნაძის, რაზეც პრეზიდენტმა თავიდან უარი თქვა და საკონსტიტუციო სარჩელიც ამიტომ მომზადდა.
“ქართული ოცნების” განმარტებით, გასული წლის განმავლობაში პრეზიდენტის მიერ მთავრობის წარდგენილი ელჩობის კანდიდატების უარყოფა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.