გადატრიალება ჩაიშალა: რატომ არ მუშაობს ახალი საკადასტრო კანონი აფხაზეთში?
გაზიარება
გაზიარება
კადასტრული სამართალი აფხაზეთში
1-ელ ოქტომბერს, აფხაზეთში ძალაში შევიდა კანონი “უძრავი ქონების კადასტრის შესახებ“, რომელსაც ნაადრევად უწოდეს “უძრავი ქონების გადატრიალება“. საკადასტრო პალატამ მუშაობა დაიწყო, თუმცა, მან ჯერ ვერცერთი ტრანზაქცია ვერ დაასრულა.
კანონი, რომელიც ქაღალდზე იდეალურად გამოიყურებოდა, პრაქტიკაში არაეფექტური აღმოჩნდა.
პირველივე დღეს გაირკვა, რომ ტრანზაქციების კადასტრში რეგისტრაცია ტექნიკური მიზეზების გამო შეუძლებელი იყო. კადასტრის პალატის ხელმძღვანელობის მოსასმენად და კოლაფსის მიზეზების დასადგენად საგანგებო საპარლამენტო სხდომა მოიწვიეს.
“უძრავი ქონების კადასტრის შესახებ“ კანონი 2024 წლის დეკემბერში მიიღეს, მაგრამ ძალაში შესვლა 2025 წლის ოქტომბერში იყო დაგეგმილი. ამ დროის განმავლობაში მთავრობამ აიღო ვალდებულება, რომ მთელი მარეგულირებელი ჩარჩო მას მოერგებოდა.
2025 წლის მაისში, აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ წარდგენილი წინადადებების შესაბამისად, “უძრავი ქონების კადასტრის შესახებ“ კანონში რამდენიმე ცვლილება შევიდა და, როგორც ჩანს, მეტი ხარვეზი აღარ აღმოჩნდა.
“მაგრამ, როგორც ველოდით, 1-ელი ოქტომბერი დადგა და პრაქტიკულად არაფერი შეცვლილა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ლაშა აშუბამ საგანგებო სხდომაზე.
კადასტრის პალატის ხელმძღვანელმა, თემურ სანგულიამ, განაცხადა, რომ მთავარი პრობლემა ‘ტექნიკური ინვენტარიზაციის რაიონულ ბიუროებთან (BTI) ურთიერთქმედების სირთულეშია“. ის ამტკიცებს, რომ BTI-ის თანამშრომლები ფაქტობრივად ხელს უშლიან მათ სამუშაოს.
სანგულია ასევე აცხადებს, რომ აფხაზეთის მოსახლეობის 40%-ს არ აქვს უძრავი ქონების არანაირი დოკუმენტი, ხოლო 25%-ის დოკუმენტები არასწორია, რაც ართულებს და აჭიანურებს პროცესს.
და ბოლოს, კადრების კატასტროფული დეფიციტია.
ამის საფუძველზე, სანგულია გვთავაზობს კანონის შეჩერებას აფხაზეთის ზოგიერთ რაიონში, სადაც ჯერ არ არის შექმნილი საჭირო ტექნიკური პირობები.
თუმცა, დეპუტატების უმრავლესობამ ეს წინადადება უარყო: ისინი თვლიან, რომ კანონი ერთდროულად ყველა რაიონზე უნდა გავრცელდეს.
ამ საკითხის შემდგომი განხილვა პარლამენტის ერთ-ერთ მომავალ სესიაზეა დაგეგმილი.