"ფინეგანსის" დატირება
გასული წელი ნავთობის ფასის შემცირებითა და დევალვაციის პირველი ტალღით დაიწყო და სწორედ ამ დროს გაახსენდათ აზერბაიჯანში კერძო ბიზნესის არსებობა, უფრო ზუსტად კი მცირე და საშუალო მეწარმეობა.
მინისტრთა კაბინეტის თითქმის ყველა სხდომაზე პრეზიდენტი ალიევი აღნიშნავდა, რომ აუცილებელი იყო, ქვეყანა ნავთობდამოკიდებულებიდან გამოსულიყო და ხელისუფლება ბიზნესს დახმარებოდა. ალიევმა პირველად განაცხადა, რომ უამრავი შემმოწმებელი რეკეტითაა დაკავებული და მეწარმეებს ავიწროვებენ. პრეზიდენტმა რამდენიმე მეორეხარისხოვანი შემოწმებაც კი გააუქმა.
ამის შემდეგ ხელისუფლება საზოგადოებისთვის გაკეთებულ მოხსენებებში აღნიშნავდა, რომ რომ მცირე და საშუალო ბიზნესის სფერო წარმატებულად ვითარდებოდა, იქმნებოდა ახალი სამუშაო ადგილები და კერძო სექტორი ვითარდებოდა. მთლიანობაში, ნავთობის სექტორი 7 პროცენტით გაიზარდა. ამის შესახებ საზოგადოებას საახალწლო მიმართვისას თავად პრეზიდენტმა ამცნო. არადა, თვალის ერთი შევლებითაც კი, დედაქალაქის გარეუბნებსა და უშუალოდ ცენტრშიც ეს ‘საწარმოები’ ნამდვილი აპოკალიფსის სურათს ქმნის.
არც ისე დიდი ხნის წინათ აზი ასლანოვის მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორია ერთ-ერთ საუკეთესო გარეუბნად ითვლებოდა. მაღაზიებიც შესაბამისი იყო. აქ ყველაფერს ნახავდით, რაც კი საჭიროა: ავეჯს, სამშენებლო მასალებს, საყოფაცხოვრებო ნივთებს, ტანსაცმელსა თუ იაფ საოჯახო კაფეებს. წელს კი ყველაფერი უცებ შეიცვალა.
უშუალოდ ცენტში
აქ ჯერ კიდევ წლის დასაწყისში საყოფაცხოვრებო ნივთების მაღაზია იყო. მფლობელმა თქვა, რომ ფართს თვეში 600 მანათად ქირაობდა. ცვლილებების შემდეგ გადასახადი მისთვის მეტისმეტად ძვირი აღმოჩნდა. ამის შემდეგ აქ ‘დიონერის’ ( ერთგვარი სენდვიჩი) კაფე გაიხსნა. სენდვიჩი სულ რაღაც 1 მანათი ღირდა. მეპატრონე ძალიან ცდილობდა, კლიენტების გული მოეგო. მისი ძმა შეკვეთებს ველოსიპედით დაატარებდა. სამი თვე გაძლეს და ეს ობიექტიც დაიკეტა. სხვათა შორის, ძმებს მენიუში ძალიან გემრიელი ‘მიარჯიც’ (ოსპის სუპი) ჰქონდათ. ეს კერძიც 1 მანათი ღირდა.
აქვეა ცარიელი სათავსო, რომელშიც ადრე აფთიაქი იყო განთავსებული. უფრო ადრე კი აქ ინტერნეტკაფე მდებარეობდა. ინტერნეტკლუბის მფლობელმა (და ერთადერთმა თანამშრომელმა) განაცხადა, რომ ობიექტი თავის გატანას ძლივს ახერხებდა, ამიტომ ის კლიენტებს გარკვეული თანხის საფასურაც ცხელ ჩაისა და ყავას სთავაზობდა. ერთხელ საგადასახადო ინსპექტორები ეწვივნენ. მფლობელი იფიცებოდა, რომ ყველას ჩეკს უწერდა, და დაბეჯითებით ამტკიცებდა, რომ ყველა საბუთი წესრიგში ჰქონდა. არწმუნებდა ჩინოვნიკებს, რომ ფული არ ჰქონდა, მაგრამ შემმოწმებლები საკუთარ პოზიციაზე მტკიცედ იდგნენ. შედეგად, მან პირობა დადო, რომ ობიექტს დახურავდა და, როგორც კაცურ კაცს შეეფერება, სიტყვა შეასრულა.
ეს კი კიდევ ერთი დახურული აფთიაქია. ამ დაწესებულებებს კრიზისმა ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა. მომწოდებლებისა და გამყიდველების თქმით, მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ მედიკამენტების ფასების რეგულირება დაიწყო, ეს ბიზნესი ზარალის მომტანი გახდა.
აქ ვალუტის გადასაცვლელი პუნქტი მდებარეობდა. სხვათა შორის, მსგავსი პუნქტი მოპირდაპირე მხარესაც იყო, მაგრამ წელს ორივე დაიხურა. თებერვალში, როდესაც მანათი დაეცა, სახელმწიფომ მაშინვე მიაგნო დამნაშავეებს _ ვალუტის გადასაცვლელი ათეულობით პუნქქტი, რომლებიც, თითქოს სპეკულაციას ეწეოდნენ. დევალვაციის მეორე ტალღის შემდეგ „სპეკულანტებთან“ ბრძოლის მეორე ტალღა აგორდა. დღეს აღარავის უკვირს , რომ ვალუტის გადამცვლელი პუნქტები დახურულია, დოლარის გამყიდველი ერთადერთი ბანკის წინ კი კლიენტების რიგი დგას.
მიუხედავად იმისა, რომ ცენტრი გარეუბნებზე უფრო მდიდრულად გამოიყურება, ქალაქის ეს ნაწილიც დაზარალდა. უამრავი დიდი და მცირე ზომის მაღაზია დაიხურა.
ახუნდოვის ბაღის მოპირდაპირე მხარეს მდებარე კაფე ლაკონური სახელწოდებით Fz ზუსტად ქალაქის ცენტრში მდებარეობს. ბოლო დროს აქ კლიენტებს ზანტად ემსახურებოდნენ და კერძებში უღმერთოდ ბევრ მარილს ყრიდნენ. თუმცა, უკვე ამ პრობლემების მოგვარების საშუალებაც მოისპო. ამ დაწესებულებას ისედაც ცოტა ადამიანი სტუმრობდა, კრიზისმა კი ეს წარუმატებელი ბიზნესი საბოლოდ დაასამარა.
მიუხედავად იმისა, რომ სხვაგან ფასებიც ნაკლებია და არჩევანიც უფრო ფართო, მაღაზია „გვირილა“ მაინც მნიშვნელოვანი ადგილი იყო, რადგან ის ერთგვარ საორიენტაციო პუნქტს წარმოადგენდა. აქ ადამიანები ერთმანეთს ხვდებოდნენ. საერთოდაც… ყველას ეგონა, რომ „გვირილა“ იყო,არის და მუდამ იქნებოდა. ამ მაღაზიის ვიტრინაზე გამოკრული განცხადება „ქირავდება“ ბევრისთვის ისეთივე დამთრგუნველი იყო, როგორც საკუთარი სახლის ადგილას ნანგრევების დანახვა.
‘Finnegans დაკეტილია’ _ ამ ამბავს ‘ფეისბუკის’ ბაქოური სეგმენტი რამდენიმე დღის მანძილზე ინელებდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ცნობილ პაბში დროის გატარება ყველასთვის ხელმისაწვდომი არ ყოფილა, „გვირილას“ მსგავსად, ბაქოელებისთვის ისიც ერთ–ერთ ‘სანუკვარ’ ადგილს წარმოადგენდა. ვიდრე ერთ-ერთი მომხმარებელი დანარჩენებს ამხნევებდა,თითქოს Finnegans სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად,მხოლოდ დროებით დახურეს, ამასობაში ‘ფეისბუკში’ ის უკვე დიდი პატივით დაიტირეს. მშვიდობით, წმინდა პატრიკის დღეს ბარის დახლთან ატეხილო ჩოჩქოლო და ჭყლეტვავ! მშვიდობით, არაბუნებრივად ძვირო კოქტეილებო! მშვიდობით, შაბათობით ცოცხალო მუსიკავ, ტატუებიანო გოგონებო და გალეშილო უცხოელებო!
ამჟამად აქ სიბნელე და სიჩუმეა გამეფებული. თუმცა, კარზე ჯერ კიდევ არ არის გამოკრული ავბედითი განცხადება იმის შესახებ, რომ ეს დაწესებულება ქირავდება. შესაბამისად, იმედი ჯერ კიდევ არსებობს.
რატომ გარბიან ადამიანები ბიზნესიდან ასე მასობრივად? ყველაფერი მარტივადაა _ ესაა რეალური კრიზისი, უფრო ზუსტად კი _ მანათის კურსის დაცემა. გადასახადების სამინისტროს მოხელეთა თავაშვებულობამ, სპირტიანი სასმელებისა და რამდენიმე სხვა სახის პროდუქტის მიწოდების მონოპოლიამ, საკუთრივ საგადასახადო განაკვეთებმა (რომელთა კერძო ბიზნესის მხარდასაჭერად შემცირებაც არავის უფიქრია) მთელი ამ ხნის მანძილზე ყველაზე უფრო მტკიცე მეწარმეები ვერაფრით გატეხა, მაგრამ მოთხოვნის შემცირებამ ბიზნესს სასიკვდილო დარტყმა მიაყენა.
ერთი წლის მანძილზე მანათი დოლარის მიმართ ორჯერ გაიაფდა. პროდუქტების უმრავლესობის ფასებიც ორჯერ გაიზარდა, ხელფასები კი არ შეცვლილა. შედეგად, ორჯერ შემცირდა ყველა იმ ადამიანის მსყიდველობითუნარიანობა, ვინც მანათებით იღებს ხელფასს; ხოლო იმ პროდუქტებისა და მომსახურეობების გამყიდველები, რომელთა კლიენტების ძირითად ნაწილსაც ზემოაღნიშნული კატეგორიის ადამიანები წარმოადგენენ, კატასტროფის წინაშე დადგნენ.