ფეხბურთის ღმერთმა თქვა: "კმარა !"
ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე პორტუგალიის ნაკრებს ფავორიტთა შორის მხოლოდ ზრდილობისთვის თუ დაასახელებდა ვინმე – ფეხბურთში სამხრეთელების დამსახურების გამო. ამ დამსახურებებს შორის კი მთავარია კრიშტიანუ რონალდუ, რომელსაც შესაძლებლობის გაფურჩქვნის ხანა აქვს. მასზე მაღლა ხომ მხოლოდ მესი დგას!
არგენტინულმა ბრილიანტმა, რომელსაც მშობლიურ ნაკრებთან ერთად არაფერი მოუგია, კონტინენტური ოლიმპის დაპყრობის ბოლო მცდელობის შემდეგ (სადაც ფინალში არგენტინელები პენალტების სერიაში ჩილემ დაამარცხა) განაცხადა, რომ ეროვნულ ნაკრებს ტოვებს.
თუკი მესის მასკერანოსთნ, აგუეროსა და დი მარიასთან ერთად არაფერი გამოუვიდა, რონალდუს გუნდის წარმატება მით უფრო სათუო იყო. არგენტინელისგან განსხვავებით, მას სათანადო პარტნიორებიც კი არ ჰყავს. ყოველ შემთხვევაში, ასე მიაჩნდათ ევროპის ჩემპიონატამდე. ამიტომ, ფავორიტების გაფართოებულ სიაში მოხვედრა ის მაქსიმუმი იყო, რისი იმედიც შეიძლებოდა ამ გუნდს ჰქონოდა.
მაგრამ, როგორც ჩანს, ფეხბურთის ღმერთი, რომელიც ტიტულებსა და ჯილდოებს არიგებს, ოდნავ შეშინდა. მესი ასეთი კატეგორიული რომ არ ყოფილიყო (მას ხომ მთელი არგენტინა ეხვეწებოდა და ახლაც ემუდარება, რომ დარჩეს, მაგრამ ლეო კლდესავით შეუვალია), პორტუგალიის ნაკრებს ამ ჩემპიონატში ალბათ არც გაუმართლებდა. მაგრამ, როგორც ჩანს, ზეცაში გადაწყვიტეს, რომ საფეხბურთო სენსაციების ლიმიტი ბოლომდე ამოიწურა. იმდენად ამოიწურა, რომ შემოწმების სურვილიც აღარ დარჩა.
უკვე მეტისმეტი იქნებოდა, რომ თავისი მარადიული მეტოქის კვალდაკვალ, ქრიშტიანუსაც მოდგომოდა ცრემლი, – ბედი არ ყოფილაო, – ეთქვა, და კარი გაეჯახუნებინა.
თუმცა, ასე უბრალოდ, უინტრიგოდ, მხოლოდ რონალდუს ხათრით არავინ აპირებდა პორტუგალიელების დაჯილდოებას. “მიდით ბიჭებო, მოინდომეთ, და ვნახოთ, რა იქნება.”
და მართლაც, პორტუგალიელების საქებრად უნდა ითქვას, რომ მათ ამ ჩემპიონატზე ყველაზე მეტი იშრომეს. ფეხბურთის ესთეტები კი წუწუნებენ: ” ეს რა ჩემპიონია?! ექვსი თამაშიდან მხოლოდ ერთი მოიგო ძირითად დროში.”
აბა, სხვებმა სცადონ ამის გაკეთება – ჯგუფური ეტაპის მესამე ადგილიდან “პლეიოფში” გაძვრნენ, დამატებითი დროის ბოლო წუთზე ნოკაუტში ჩააგდონ ხორვატიის ბრწყინვალე ნაკრები, ამის შემდეგ პოლონელებთან დანიშნული პენალტების სერიას გაუძლონ, ნახევარფინალში უელსი დააჩოქონ, და ფინალის პირველივე წუთებიდან დაემშვიდობონ რონალდუს.
დარწმუნებული ვარ, იმ მომენტში, როდესაც თვალცრემლიანი რონალდუ მოედანს ტოვებდა, მთელმა საფრანგეთმა შვებით ამოისუნთქა, – მორჩა, გამარჯვებას ვეღარავინ წაგვართმევსო. თუმცა, ვფიქრობ, სწორედ ამ გარემოებამ შეატრიალა თამაშის ბედი.
რა უცნაურადაც უნდა ჟღერდეს, მთელი მისი ღირსებების მიუხედავად, სწორედ რონალდუ უშლიდა პორტუგალიის ნაკრებს, რომ მართლაც კარგი გუნდი გამხდარიყო. მანამდე (და არამხოლოდ ამ ტურნირზე) პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელები თითქოს იხსნიდნენ პასუხისმგებლობას თამაშის შედეგზე; ხელს არ უშლიდნენ და არ ექიშპებოდნენ რონალდუს, რომელსაც მთელი სამუშაო თავად უნდა შეესრულებინა. და, სხვათა შორის, მას ეს ძალიან მოსწონდა.
მაგრამ რაც უფრო კაშკაშა ხდებოდა რონალდუს ვარსკვლავი, მით ნაკლები შანსი რჩებოდათ პორტუგალიელებს რომელიმე ტურნირზე გასამარჯვებლად. სხვათა შორის, იგივე ხდებოდა არგენტინის ნაკრებშიც.
რასაკვირველია, გალაქტიკური მასშტაბის ვარსკვლავების ყოლა პორტუგალიისა და არგენტინის ნაკრებების მიმართ ყურადღებას ერთიორად ზრდიდა, თუმცა ამით მათი ეროვნული გუნდების გამარჯვების ალბათობა მცირდებოდა. საქმე ისაა, რომ არგენტინის და პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელები, საზოგადოებრივი აზრის გავლენით, თავიანთი გუნდების თამაშს ამ ვარსკვლავების ირგვლივ აწყობდნენ. თუმცა, ლოგიკა სრულიად საპირისპირო საჭიროებაზე მიუთითებდა
მაგრამ ფეხბურთი მაინც კოლექტიური თამაშია, და არა ერთი მსახიობის თეატრი. ასეთი მიდგომით, შეიძლება ერთი, ან ორი მატჩი მოიგო, მაგრამ ჩემპიონი ვერ გახდები. და ასეც მოხდა.
როდესაც რონალდუმ ტრავმა მიიღო, და ყველაფრის თავის თავზე ამღები არავინ დარჩა, დავინახეთ, რომ პორტუგალიელებს ნამდვილი გუნდი ჰყავდათ, და თანაც – ძალიან კარგი გუნდი.
პორტუგალიამ ეს გამარჯვება დაიმსახურა, რასაც ფრანგებზე ვერ ვიტყვით. მასპინძლები ფინალში იმ გზას დაადგნენ, რომლიდანაც ბოლო მომენტში გადაუხვიეს პორტუგალიელებმა – გუნდმა თამაში ამ ჩემპიონატზე მეგავარსკვლავად მიჩნეული ანტუან გრიზმანის გარშემო ააწყო, და დაკარგა კიდეც გუნდის თვისებები. ასეთ ტურირებს კი ცალკეული ფეხბურთელები ვეღარ იგებენ.
მოკლედ, პორტუგალია ჩემპიონია!
პირველად გამოქვეყნებულია: 12.07.2016