შსს-მ სხვადასხვა ნეონაცისტური დაჯგუფებისა და ფაშისტური იდეოლოგიის მხარდამჭერი 13 პირი დააკავა
გაზიარება
გაზიარება
ფაშისტური იდეოლოგიის მხარდამჭერები
თბილისში ჩატარებული კომპლექსური საპოლიციო ღონისძიებების შედეგად სამართალდამცველებმა ნეონაცისტური დაჯგუფებებისა და ფაშისტური იდეოლოგიის მხარდამჭერი 13 პირი დააკავეს.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვაჟა სირაძის თქმით, დაკავებულთა შორის შვიდი არასრულწლოვანია. ამავე საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დამატებითი ბრალი წარედგინებათ კიდევ ოთხ პირს, რომლებიც უკვე იმყოფებიან პენიტენციურ დაწესებულებაში და, გამოძიების ინფორმაციით, მათ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას ედავებიან.
გამოძიების ვერსიით, რამდენიმე თვის განმავლობაში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული ჯგუფების წევრები თავს ნეონაცისტებად მოიხსენიებდნენ და მოქმედებდნენ ფაშისტური იდეოლოგიის საფუძველზე. მათი მიზანი იყო ცნობადობის გაზრდა და მსგავსი იდეოლოგიის გავრცელება, რის ფარგლებშიც ისინი მსხვერპლთა მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით მოქმედებდნენ.
საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ჯგუფის წევრები სხვადასხვა ასაკის პირებზე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას ახორციელებდნენ, მათ შორის იყენებდნენ ბლაგვ და ბასრ საგნებს. განსაკუთრებით სამიზნედ ხდებოდნენ ის ადამიანები, რომლებიც ფაშისტურ იდეოლოგიას არ იზიარებდნენ. თავდასხმების დროს, ბრალდებულები მსხვერპლებს ასევე ართმევდნენ ქონებას და სძალავდნენ თანხებს.
გამოძიება ასევე მიუთითებს, რომ ძალადობის ამსახველ ფოტო და ვიდეომასალას ჯგუფის წევრები მობილური ტელეფონებით იღებდნენ და ინტერნეტ პლატფორმებზე ავრცელებდნენ. სამართალდამცველების თქმით, სხვადასხვა ნეონაცისტური დაჯგუფების წევრებს შორის დაპირისპირებაც ფიქსირდებოდა, რაც, მათივე ინფორმაციით, ძალადობრივ ინციდენტებში გადაიზრდა.
შსს-ს ცნობით, აღნიშნული ქმედებების შედეგად დაზარალებულია ათამდე პირი, მათ შორის ორი არასრულწლოვანი. ჩხრეკისას ამოღებულია ცეცხლსასროლი, ხმოვანი და ცივი იარაღები, ასევე ნაცისტური სიმბოლიკის შემცველი ნივთები, მობილური ტელეფონები, ნიღბები და ელექტრონული ტექნიკა.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით, რომლებიც მოიცავს არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილ წამებას, ჯგუფურ ძალადობას, ძარცვას, გამოძალვასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას. აღნიშნული დანაშაულები 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მსგავსი ძალადობრივი ჯგუფების წინააღმდეგ ოპერაციები გაგრძელდება. უწყება მოქალაქეებს მოუწოდებს, მსგავსი დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართონ სამართალდამცველებს.