„ფაშისტები!“ - რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი ბელარუსში
მინსკსა და ბელარუსის სხვა ქალაქებში, ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა ქუჩებში მას შემდეგ, რაც მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ 9 აგვისტოს არჩევნებში თავისი დამაჯერებელი გამარჯვების შესახებ განაცხადა – ხმათა 80.23 პროცენტით.
შეტაკებების დროს ათობით ადამიანი დაშავდა. ოპოზიცია პროტესტის გაგრძელებას გეგმავს.
ექსპერტებსა და ბევრს საზოგადოებაში მიაჩნია, რომ არჩევნებზე წარმოუდგენელი მასშტაბის ფალსიფიკაცია მოხდა. ლუკაშენკოს კონკურენტმა, ოპოზიციის საერთო კანდიდატმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ 9.9 პროცენტი დააგროვა.
ტიხანოვსკაიამ ათობით ათასი მხარდამჭერი შეკრიბა არჩევნებამდე გამართულ მიტინგებზე და ექსპერტები დღეს დარწმუნებულები არიან, რომ არჩევნების რეალური შედეგი სრულიად საპირისპიროდ გამოიყურება და დიდი უპირატესობით გაიმარჯვა ტიხანოვსკაიამ.
• სვეტლანა ტიხანოვსკაია – ბელარუსის პრეზიდენტობის ყველაზე უჩვეულო კანდიდატი
• გადამწყვეტი საპრეზიდენტო არჩევნები ბელარუსში
ოცზე მეტ საარჩევნო უბანზე სწორედ ასეთი შედეგები გამოცხადდა: დაახლოებით, 14 პროცენტი ლუკაშენკოს, 70 პროცენტზე მეტი – ტიხანოვსკაიას.
ასეთივე შედეგები დაფიქსირდა საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო ოლქებში.
ალექსანდრ ლუკაშენკოს სხვა ძირითადი მოწინააღმდეგეები არჩევნებზე არ დაუშვეს, ორი დააპატიმრეს.
რა ხდებოდა 9 აგვისტოს
მხოლოდ 10 აგვისტოს, ღამის 3:00 საათზე წავიდნენ შინ მრავალათასიანი საპროტესტო აქციის მონაწილეები მინსკსა და ბელარუსის სხვა ქალაქებში. სახლისკენ მიმავლები კი სკანდირებდნენ: „ხვალ!“.
დედაქალაქის გარდა, მასობრივმა პროტესტმა მოიცვა ქვეყნის ფაქტობრივად ყველა ქალაქი.
ყველაზე სასტიკი დაპირისპირება მინსკში მოხდა. იქ მასობრივად იყენებდნენ ხმოვან ყუმბარებს, ცრემლსადენ გაზს, პატიმრების გადასაყვანი ავტომობილი პირდაპირ პროტესტის მონაწილეების ტალღაში შეიჭრა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინსკში, ღამით, რამდენიმე ათასი ადამიანი დააპატიმრეს. მილიცია იტყობინება, რომ დაშავდა პროტესტის 50 მონაწილე, დაღუპულები არ არიან. თუმცა, უფლებადამცველების ცნობით, დაიღუპა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც პატიმრების გადასაყვანი ავტომობილი დაეჯახა.
შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, საპროტესტო აქცია 33 ქალაქში გაიმართა, დააკავეს 3 ათასზე მეტი ადამიანი.
ბელარუსის ხელისუფლების ცნობით, რეგიონებიდან ყველაზე სასტიკი შეტაკებები ქალაქ პინსკში მოხდა. შსს-ს განცხადებით, მოქალაქეთა ჯგუფი, წვეტიანი სარების, წნელების, ქვებისა და არმატურის გამოყენებით, მილიციის თანამშრომლებზე თავდასხმის ორგანიზებას შეეცადა.
ქვეყანაში, 9 აგვისტოდან გამორთეს ინტერნეტი, ხარვეზებით მუშაობს მობილური კავშირი.
ლუკაშენკოს რეაქცია
თავად ალექსანდრ ლუკაშენკომ გამართულ არჩევნებს „დღესასწაული“ უწოდა, რომლის „გაფუჭებასაც“ ზოგიერთი ძალა შეეცადა.
მისი თქმით, პროტესტს საზღვარგარეთიდან მართავდნენ.
„ჩვენ დავაფიქსირეთ ზარები საზღვარგარეთიდან. პოლონეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ჩეხეთიდან შემოვიდა ზარები, ისინი მართავდნენ ჩვენს, მე მაპატიეთ და, ცხვრებს; მათ არ ესმით, რას აკეთებენ და უკვე მათით მანიპულირებას იწყებენ“, – განაცხადა ლუკაშენკომ.
მან ასევე აღნიშნა, რომ „მაიდანი არ იქნება“ და „ქვეყნის დაშლის“ საშუალებას ხელისუფლება „არავის მისცემს“. მისი თქმით, ომონთან შეტაკებებში დაშავებულებმა თავად მოახდინეს ძალოვანების პროვოცირება.
„დაიჭრა, დაახლოებით, ომონის (სპეცრაზმის) 25 თანამშრომელი. არის ხელისა და ფეხის მოტეხილობა. სპეციალურად, მიზანმიმართულად ურტყამდნენ ამ ბიჭებს. – ისინი პასუხობდნენ. რატომ წუწუნებენ და ტირიან?“, – განაცხადა ლუკაშენკომ.
რა მოხდება 9 აგვისტოს შემდეგ
პრეზიდენტობის კანდიდატი სვეტლანა ტიხანოვსკაია და ოპოზიციის გაერთიანებული შტაბი არ აღიარებენ არჩევნების წინასწარ შედეგებს, რომელიც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაცხადა.
როგორც „ევრორადიო“ იტყობინება, პრეზიდენტობის კანდიდატმა ისაუბრა 10 აგვისტოს ღამეს საპროტესტო აქციის სასტიკი დარბევის შესახებ.
„დარწმუნებული ვიყავი, რომ ხელისუფლება ასეთ ნაბიჯზე არ წავიდოდა, – აღნიშნა პრესკონფერენციაზე ტიხანოვსკაიამ, – ის, რაც გუშინ მოხდა – დაუშვებელია“.
„ჩვენ მზად ვართ ხანგრძლივი პროტესტისთვის“, – დასძინა საარჩევნო შტაბის წარმომადგენელმა, მარია კოლესნიკოვამ.
მისი თქმით, შტაბი კენჭისყრის საბოლოო შედეგებს ელოდება, რომელიც 14 აგვისტოს გახდება ცნობილი, რის შემდეგაც გადაწყვეტენ, რას გააკეთებენ შემდეგ.
ადრე, სვეტლანა ტიხანოვსკაია თავის მხარდამჭერებსა და მილიციას მოუწოდებდა, რომ არ დაეშვათ ქვეყნის ქუჩებში ძალადობა. თავად ტიხანოვსკაია პროტესტის მონაწილეებთან არ გავიდა იმის შიშით, რომ ეს ხელისუფლების მხრიდან მის მიმართ სამართლებრივი დევნის დაწყების მიზეზი გახდებოდა.
თუმცა, 10 აგვისტოს ღამის შეტაკებების შემდეგ, თვითმხილველების თქმით, პოლიციასა და პროტესტის მონაწილეებს შორის ურთიერთამოკიდებულება საგრძნობლად გამწვავდა.
საერთაშორისო რეაქცია
პირველმა, ვინც ალექსანდრ ლუკაშენკოს პრეზიდენტის პოსტზე კიდევ ერთხელ არჩევა მიულოცა, მისი რუსი კოლეგა, ვლადიმირ პუტინი იყო.
მილოცვა გაუგზავნა ლუკაშენკოს ასევე ყაზახეთის პრეზიდენტმა, კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მათეუშ მორავეცკიმ ევროკავშირს ბელარუსში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით საგანგებო სამიტის მოწვევისკენ მოუწოდა. „ჩვენ ვალდებული ვართ, სოლიდარულები ვიყოთ ბელარუსის და მხარი უნდა დავუჭიროთ მათ თავისუფლებისაკენ სწრაფვას“ , – განაცხადა მორავეცკიმ.
უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი ბელარუსებს მოუწოდებს „მაქსიმალურად ღია, თუნდაც რთული დიალოგისკენ“ და ქუჩის ძალადობაზე უარის თქმისკენ.
ბელარუსში წყდება ასევე რუსეთის მომავალიც?
დამოუკიდებელი რუსი პოლიტოლოგი ლეონიდ გოზმანი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ „ლუკაშენკოს ვერტიკალი შეირყა“, რადგან ქალაქების ნაწილში მილიცია ლოიალურად იყო განწყობილი პროტესტის მონაწილეების მიმართ, ზოგიერთი კომისია კი უარს ამბობდა არჩევნების შედეგების გაყალბებაზე.
„თუ უახლოეს დღეებში პროტესტის მასობრივი ხასიათი და აქტივობა არ შემცირდება, ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, ეყოფა თუ არა ლუკაშენკოს საკმარისი სადამსჯელო დანაყოფი, რომელსაც შეუძლია შეაჩეროს პროტესტი მთელ ბელორუსში. მზად არიან თუ არა ამ დანაყოფების ოფიცრები და ჯარისკაცები საკუთარი თანამოქალაქეების მკვლელობისთვის? და როგორი რეაქცია ექნება ბელარუსულ საზოგადოებას მსხვერპლზე – დროზე გააკეთებს გათვლას თუ პირიქით, რადიკალიზაციაზე?.
ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ ვესწრებით ისეთი მასშტაბის მოვლენას, რომელიც გავლენას მოახდენს არა მხოლოდ ბელარუსის, არამედ რუსეთის მომავალზეც“.