ფაშინიანი: სომხეთი ევროპის დემოკრატიულ ქვეყნებს შორის მოკრძალებულ, მაგრამ მყარ ადგილს იკავებს
ფაშინიანის გამოსვლა ევროპის საპარლამენტო ასამბლეაში 2025 წელს: ძირითადი პუნქტები
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიაზე განაცხადა, რომ ქვეყანა დღეს “მოკრძალებულ, მაგრამ მყარ ადგილს იკავებს ევროპის დემოკრატიულ ქვეყნებს შორის“.
“დემოკრატია ჩვენთვის შემთხვევითი გარემოება კი არა, სტრატეგია, პოლიტიკური რწმენა და ღირებულებების სისტემის განუყოფელი ნაწილია,“ – თქვა ფაშინიანმა და ევროპის საბჭო “სახლად“ მოიხსენია.
პრემიერის თქმით, “ხავერდოვანი რევოლუციის“ შემდეგ, რომლის შედეგადაც 2018 წელს მისი გუნდი მოვიდა ხელისუფლებაში, სომხეთმა მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა დემოკრატიული რეფორმების გზაზე. ერთ-ერთ მთავარ მიღწევად მან ქალების პოლიტიკაში ჩართულობა დაასახელა:
“პარლამენტში არასდროს ყოფილა ამდენი ქალი დეპუტატი, მთავრობაში – ქალი მინისტრი. შსს-ს, პროკურატურასა და საგარეო დაზვერვის სამსახურს პირველად ისტორიაში ქალები ხელმძღვანელობენ. ეს უპრეცედენტოა ჩვენი ქვეყნისთვის,“ – აღნიშნა მან.
ჰიბრიდული საფრთხეები და დემოკრატიის როლი
ფაშინიანმა განაცხადა, რომ დემოკრატია “საიმედო ხელშია“ და ეკუთვნის არა მხოლოდ ხელისუფლებას ან სამოქალაქო საზოგადოებას, არამედ უშუალოდ ხალხს. მისი თქმით, 2020 წლის ომის შემდეგ სომხეთი ჰიბრიდული თავდასხმების სამიზნე გახდა, რომელთა მიზანიც ქვეყნის სახელმწიფოებრიობისა და დამოუკიდებლობის შესუსტება იყო.
“44-დღიანი ომი სინამდვილეში იყო ჰიბრიდული ომის ნაწილი, რომლის მიზანიც სომხეთის სახელმწიფოებრიობის ლიკვიდაცია იყო. მაგრამ სწორედ დემოკრატიამ გადაარჩინა სომხეთის დამოუკიდებლობა,“ – აღნიშნა მან.
ფაშინიანმა გაიხსენა, რომ 2021 წელს გადადგა, რის შემდეგაც დაინიშნა რიგგარეშე არჩევნები. მიუხედავად დაძაბული ვითარებისა, მმართველმა გუნდმა კვლავ მოიპოვა უმრავლესობა.
“ხალხმა მიხვდა, რომ სწორედ ეს არჩევნები გახდებოდა მისი ძალაუფლების გარანტი,“ – თქვა მან.
არჩევნები და მედიის კრიტიკა
პრემიერის თქმით, 2018 და 2021 წლის საპარლამენტო არჩევნები საერთაშორისო თანამეგობრობამ თავისუფლად და სამართლიანად შეაფასა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმაც, მისი თქმით, არ გამოიწვია მასობრივი პროტესტი.
თუმცა ფაშინიანმა აღნიშნა, რომ პრობლემად რჩება ამომრჩევლის მოსყიდვა, რასაც, მისი თქმით, ხელს უწყობენ როგორც ქვეყნის შიგნით არსებული ჯგუფები, ასევე მათი “უცხოელი თანამოაზრეები“.
მან მედიის ნაწილიც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი რესურსები იმ პოლიტიკურ ძალებს ეკუთვნის, რომლებიც 2018 წელს ჩამოშორდნენ ხელისუფლებას და ახლა დეზინფორმაციის გავრცელებას იყენებენ “როგორც უკანონოდ დაგროვილი ქონების კონფისკაციის თავიდან აცილების იარაღს“.
ეკონომიკა და რეფორმები
ფაშინიანმა ეკონომიკურ მაჩვენებლებზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, 2018 წლიდან სომხეთის ეკონომიკა 43%-ით გაიზარდა, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები ორჯერ მეტად გაიზარდა, ხოლო ქვეყანა კორუფციის აღქმის ინდექსში 40-ზე მეტ პოზიციაზე დაწინაურდა.
პრემიერის განცხადებით, მომავალი პროგრესისთვის საჭიროა დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის საბოლოო ჩამოყალიბება, ანტიკორუფციული მექანიზმების გაძლიერება და ადამიანის უფლებების დაცვა.
ურთიერთობა აზერბაიჯანთან
ვაშინგტონში 8 აგვისტოს მიღწეულ შეთანხმებაზე საუბრისას, ფაშინიანმა აშშ-ის პრეზიდენტის როლს გადამწყვეტი და აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების პარაფირებას “ისტორიული მოვლენა“ უწოდა.
“მშვიდობა, როგორც ახალშობილი ბავშვი, ყოველდღიურ ზრუნვას საჭიროებს. დღეს ჩვენს მშვიდობას ერთი თვე და 22 დღე შესრულდა. ის უნდა გავზარდოთ და გავაძლიეროთ, რომ სამხრეთ კავკასიამაც ისარგებლოს,“ – განაცხადა ფაშინიანმა.
კითხვები ევროპელი დეპუტატებისგან
ფაშინიანმა, შეკითხვებზე პასუხისას, არარეალისტურად შეაფასა ეთნიკური სომხების დაბრუნება მთიან ყარაბაღში და თქვა, რომ ისინი სომხეთში უნდა დასახლდნენ.
ასევე მკაცრად გააკრიტიკა ტერმინი “ზანგეზურის დერეფანი“ და აღნიშნა, რომ ეს “სომხეთის სუვერენიტეტის უხეში დარღვევაა“.
“არც ერთ დოკუმენტში ასეთი ფორმულირება არ არსებობდა და არც იქნება.“ – განაცხადა მან.