„მოსკოვს ვერ ექნება კომფორტული პოზიცია ერევანსა და ბაქოს შორის“ – ფაშინიანი-რუბიოს სატელეფონო საუბარი
ფაშინიანი-რუბიოს სატელეფონო საუბარი
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გუშინ სატელეფონო საუბარი გამართა აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან. ეს მათი პირველი პირდაპირი კონტაქტი იყო. ოფიციალური ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს სომხეთსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები და რეგიონული დღის წესრიგი.
სომეხი ანალიტიკოსები ჯერჯერობით თავს იკავებენ შორსმიმავალი დასკვნებისგან ერთი სატელეფონო ზარის საფუძველზე, თუმცა აქტიურად განიხილავენ ამ საუბარს. მთლიანობაში, ექსპერტები დადებითად აფასებენ ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მიერ სომხეთ-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის სტატუსის დადასტურებას.
რაც შეეხება სომხეთ-აზერბაიჯანის მოლაპარაკებებს, ანალიტიკოსების აზრით, აშშ-ის პრეზიდენტს შესაძლოა გადამწყვეტი როლი ჰქონდეს სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის პროცესში. თუმცა აღნიშნავენ, რომ ამისთვის რიგი მნიშვნელოვანი წინაპირობებია საჭირო, მათ შორის თეირანსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობების განვითარება.
ყველაფერი, რაც ამ ეტაპზე ცნობილია, ასევე სომეხი ექსპერტების შეფასებები.
- სომხეთი ევროკავშირში გაწევრების პროცესს იწყებს. თუმცა, არ არსებობს პასუხი კითხვაზე, ელოდება თუ არა მას ევროპა
- “უპრეცედენტო შემთხვევა”: ფაშინიანის ინტერვიუ თურქ ჟურნალისტებთან
ერევნისა და ვაშინგტონის განცხადებები ფაშინიან-რუბიოს საუბრის შესახებ
სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ნიკოლ ფაშინიანმა მარკო რუბიოს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მოლაპარაკებების პროცესზე, რომლის შედეგადაც შესაძლებელი გახდა აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების ტექსტის საბოლოოდ შეთანხმება. ფაშინიანმა აღნიშნა, რომ შეთანხმება მზად არის ხელმოსაწერად.
„მხარეებმა ასევე შეთანხმდნენ სომხეთ-ამერიკის მაღალი დონის კონტაქტების გაგრძელებაზე,“ – ნათქვამია განცხადებაში.
ვაშინგტონის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ფაშინიანმა და რუბიომ განიხილეს ორმხრივი ინტერესები, რომლებიც სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში შედის.
„სახელმწიფო მდივანი მიესალმა აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას. მან ხაზი გაუსვა რეგიონული კონფლიქტების ციკლის დასრულებისა და სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად მტკიცე მშვიდობის მნიშვნელობას. სახელმწიფო მდივანმა და პრემიერ-მინისტრმა თანხმობა განაცხადეს, რომ სამხრეთ კავკასიაში ნებისმიერი ფორმით ესკალაცია მიუღებელია,“ – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ტემი ბრიუსმა.
ვაშინგტონი დახმარებისთვის თურქეთს მიმართავს?
სომეხი ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ფაშინიანისა და რუბიოს საუბარი იმ დროს შედგა, როცა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ერევანს სტუმრობდა, ხოლო თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ვაშინგტონში იგეგმებოდა. უკვე ცნობილია, რომ აშშ-ში ჰაქან ფიდანი თავად სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ მიიღო.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების მიხედვით, მხარეებმა სირიის, უკრაინისა და სამხრეთ კავკასიის საკითხები განიხილეს:
„სახელმწიფო მდივანმა თურქეთს უკრაინასა და სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.“
გავრცელებული ინფორმაციით, რუბიომ მაღალ შეფასება მისცა „თურქეთის ლიდერობას „ისლამური სახელმწიფოს“ განადგურების გლობალურ კოალიციაში“ და ხაზი გაუსვა თურქეთთან მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობას. მისი თქმით, მიზანი არის „სტაბილური, განსხვავებული და მშვიდობიანი სირიის“ მხარდაჭერა, რომელიც „არც საერთაშორისო ტერორიზმის ბუდე იქნება და არც ირანის დესტაბილიზაციის მცდელობებისთვის პლატფორმად იქცევა.“
კომენტარები
პოლიტოლოგი არმინე მარგარიანი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებებზე, რომელთა ფონზეც შედგა ფაშინიანისა და რუბიოს სატელეფონო საუბარი. მისი თქმით, საქმე მხოლოდ ირანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტებს არ ეხება, არამედ უკრაინული კრიზისის მოგვარების მოლაპარაკებებსაც:
„ეს მოლაპარაკებები მხოლოდ უკრაინას არ ეხება – საუბარია მომავალი მსოფლიო წესრიგის გადახედვასა და ახალი სისტემის ჩამოყალიბებაზე. ამ პერიოდში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პოზიციები, ინტერესები და შეშფოთებები ამერიკულ მხარეს პირდაპირი კონტაქტების გზით გადავცეთ.“
მარგარიანის აზრით, შემთხვევითი არ არის, რომ რუბიოსა და ფაშინიანის საუბარი მაშინ შედგა, როდესაც სომხეთმა აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების ტექსტი შეათანხმა, ბაქომ კი ახალი მოთხოვნები წამოაყენა და ესკალაციისკენ გადადგა ნაბიჯები:
„აზერბაიჯანის მცდელობები, ესკალაცია საზღვარზე გამოეწვია, ამ ეტაპზე წარუმატებლად დასრულდა. ამასთან, შეიძლება ითქვას, რომ მოსკოვის როლი, როგორც შუამავლისა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, აქტუალობას კარგავს.“
ამერიკის საკითხების ექსპერტი სურენ სარგსიანი მიიჩნევს, რომ ფაშინიან-რუბიოს საუბრის საფუძველზე არ უნდა ველოდოთ აშშ-ის აქტიურობას სამხრეთ კავკასიაში ან მის შუამავლობას სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმების ხელმოწერის პროცესში:
„უფრო მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ სხვა სატელეფონო საუბრებსა და მოვლენებს, რომლებიც პუტინსა და ტრამპს შორის ვითარდება და ქმნის ახალ რეალობებს მსოფლიოში. ჩვენი რეგიონისთვის კი ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ირან-აშშ-ის ურთიერთობების დინამიკაზე – მათ პოზიტიურ ან ნეგატიურ განვითარებაზე.“
სარგსიანის აზრით, აშშ-ის პრეზიდენტს შესაძლოა მართლაც ჰქონდეს შუამავლის როლი სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებაში, თუმცა ტრამპის ადმინისტრაციის პირველივე დღეებიდან უკვე გამოიკვეთა მოვლენათა განვითარების სამი შესაძლო სცენარი:
- ტრამპი შეეცდება, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო მოლაპარაკებები და ხელშეკრულების ხელმოწერა მაქსიმალურად გააჭიანუროს, რათა ყველა დამსახურება მხოლოდ მას მიეწეროს და არა ბაიდენის ადმინისტრაციას.
- ტრამპი საერთოდ არ ჩაერევა სამხრეთ კავკასიის პროცესებში, რის გამოც რეგიონში ყველა ინიციატივა „რუსეთი-თურქეთი-ირანის“ ძალთა თამაშზე გადაინაცვლებს.
- ირანის ირგვლივ ვითარების ესკალაცია რეგიონს არასტაბილურობის ეპიცენტრად აქცევს, რაც სერიოზულ ნეგატიურ შედეგებს გამოიწვევს.
„აშშ იყო სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და შეკავების ფაქტორი – მისი გავლენა იგრძნობოდა როგორც სამხედრო, ასევე დიპლომატიურ დონეზე ნატოს როლისა და რუსეთის კონკურენციის მეშვეობით. ახლა ეს ფაქტორები გაქრა. აშშ-ს ახალი მექანიზმები სჭირდება, რათა რეგიონში თავისი გავლენა შეინარჩუნოს,“ – მიიჩნევს სარგსიანი.
პოლიტიკური მიმომხილველის აკოპ ბადალიანის თქმით, მარკო რუბიოსთან ფაშინიანის საუბარი იმავე დღეს შედგა, როდესაც სომხეთს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაქჩი ესტუმრა.
„ალბათ, გადაჭარბებული მოლოდინი იქნებოდა, რომ ერევანი გარკვეული დონის დამაკავშირებელი რგოლი გახდეს აშშ-ირანის კომუნიკაციისთვის. ვგულისხმობ საკმაოდ მოკრძალებულ როლს. თუმცა წარსულში მსგავსი ეპიზოდები მართლაც ყოფილა. რა თქმა უნდა, მაშინ სხვა დრო იყო, სხვა გარემოებები, სხვა რეგიონი და სხვა მსოფლიო. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ სომხეთიც სხვაგვარი იყო – სხვა ძალა, სხვა გავლენა და ავტორიტეტი ჰქონდა. თუმცა, საბოლოოდ, ყველაფერი გარემოებებსა და ოპერატიულ საჭიროებებზეა დამოკიდებული.“
ბადალიანის შეფასებით, რუბიოსა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაქან ფიდანის შეხვედრა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის „მიმართვა“ თურქეთისადმი შეიძლება შეფასდეს, როგორც წინადადება „არ შეუშალოს ხელი რუსეთ-ამერიკის პროცესს.“
„რა თქმა უნდა, კავკასიის რეგიონი განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. ამერიკა-რუსეთის შესაძლო გარიგების პროცესი კავკასიისთვის გარკვეულ რისკებს ქმნის, რადგან ევროკავშირმა და დიდი ბრიტანეთმა – რომლებიც აშკარად უკმაყოფილონი არიან ტრამპის პოლიტიკით – შესაძლოა სხვადასხვა ბერკეტები გამოიყენონ, რათა მათ აზრს ანგარიში გაეწიოს. ეს შეიძლება კავკასიის რეგიონზეც გავრცელდეს, მათ შორის სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტზე.“
ბადალიანის აზრით, ამ კონტექსტში თურქეთის ჩართვა კავკასიის სამშვიდობო პროცესში შესაძლოა ნიშნავდეს, რომ ვაშინგტონი ანკარას სთავაზობს, „ერთ გუნდში ითამაშოს“ აშშ-სთან და არა ლონდონსა და ბრიუსელთან.
„არ არის გამორიცხული, რომ ამ მიზნით ფიდანს ვაშინგტონში გარკვეული ეკონომიკური და სამხედრო ბონუსები შესთავაზონ.“