"მიზანშეწონილი იქნებოდა FARA-ს უკან გაწვევა" – ევროსაბჭოს ექსპერტთა საბჭოს დასკვნა
FARA-ს კანონი
ევროსაბჭოს ექსპერტთა საბჭომ 25 აგვისტოს გამოაქვეყნა დასკვნა, რომელიც “უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტს“ (ე.წ. FARA-ს) ეხება. ექსპერტების შეფასებით, კანონის ამოქმედება საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებას სერიოზულ და გაუმართლებელ ზიანს მიაყენებს, ამიტომ “მიზანშეწონილი იქნებოდა” FARA-ს უკან გაწვევა.
როგორც ექსპერტთა საბჭო აღნიშნავს, ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების შესაზღუდად კანონში რიგი დებულებები საკმარისად არ არის გაწერილი და არსებობს სერიოზული ეჭვები იმის შესახებ, აქვს თუ არა მათგან, სულ მცირე, ზოგიერთის მიღებას ლეგიტიმური მიზანი ევროპული სტანდარტების შესაბამისად.
მათივე შეფასებით, კანონში მოცემული ზომები სერიოზულ გავლენას მოახდენს გაერთიანების თავისუფლების უფლებასა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებულ სხვა რამდენიმე უფლებაზე. ისინი მიიჩნევენ, რომ კანონის მრავალი დებულება არ აკმაყოფილებს კანონით დადგენილ მოთხოვნას, რომელიც გამოიყენება ამ უფლებებსა და თავისუფლებებზე რაიმე შეზღუდვის დაწესებისას.
საბოლოოდ, საბჭო ასკვნის, რომ ე.წ. FARA-ს კანონი საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებას “სერიოზულ და გაუმართლებელ” ზიანს მიაყენებს და შეუსაბამო იქნება საქართველოს, როგორც ევროსაბჭოს წევრი სახელმწიფოს, მიერ აღებულ ვალდებულებებთან.
მოსაზრებაში აღნიშნულია, რომ კანონით გათვალისწინებული ზომები არ შეიძლება დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებლად ჩაითვალოს, იმის გათვალისწინებით, რომ:
● დასაკისრებელი ჯარიმების გადაჭარბებული ხასიათი.
● კანონის დებულებები ხელს უშლის არასამთავრობო ორგანიზაციებს მიიღონ უცხოური მხარდაჭერა ევროპულ სტანდარტებთან სრულად შესაბამისი მიზნების მისაღწევად,
● პერსონალური მონაცემების გამჟღავნების გადაჭარბებული ვალდებულებებია,
● დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის ფარგლები შეუზღუდავია,
● საჭირო ჩანაწერების წარმოების სიმძიმე.
● დასაკისრებელი ჯარიმების გადაჭარბებული ხასიათი.
„ამ ვითარებაში, [ექსპერტთა საბჭოს] მოსაზრება ასკვნის, რომ კანონის განხორციელება სერიოზულ და გაუმართლებელ ზიანს მიაყენებს სამოქალაქო საზოგადოებას საქართველოში, ევროპის საბჭოს ამ წევრი სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებების ფართო სპექტრთან შეუთავსებელი და, შესაბამისად, სრულიად შეუსაბამო იქნება.
შესაბამისად, იგი მიიჩნევს, რომ მიზანშეწონილი იქნება კანონის გაუქმება და მისი დებულებების განხორციელების აღსასრულებლად ნებისმიერი ნაბიჯის გადადგმის შეწყვეტა.“ – ვკითხულობთ ექსპერტთა საბჭოს მოსაზრებაში.
“ქართული ოცნების” მიერ მიღებული FARA-ს კანონი 31 მაისიდან ამოქმედა. მისი აღმასრულებელი ანტიკორუფციული ბიურო იქნება.
ქართული FARA მიზანში იღებს და საქმიანობას უზღუდავს სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას. კანონის აღმასრულებელი ანტიკორუფციული ბიურო იქნება. განსაზღვრულ მოთხოვნათა შეუსრულებლობის შემთხვევაში, კანონპროექტით FARA-ს გათვალისწინებულია ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა 5 წლამდე ვადით.
FARA-ს კანონით ნებისმიერი საქმიანობა შეიძლება ჩაითვალოს უცხოური ძალის ჩარევად და ასევე ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი – აგენტად.