კომენტარი: FARA-ს კანონი ოცნებას გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლების გასანადგურებლად აქვს იარაღად ხელში
FARA-ს კანონი
“სოციალური სამართლიანობის ცენტრის” დირექტორი თამთა მიქელაძე “FARA”-ს კანონს ეხმაურება, რომელიც მიმდინარე წლის 31 მაისს უნდა ამოქმედდეს და ამბობს, რომ ანტიკორუფციული ბიურო, როგორც ინსტიტუტი, გეგმავს სრულად გავიდეს სამართლებრივი ჩარჩოდან და პრაქტიკულად სამოქალაქო საზოგადოების პოლიციად იქცეს.
მისივე განმარტებით, კანონი “ქართულ ოცნებას” გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლების გასანადგურებლად აქვს იარაღად ხელში მომარჯვებული და იმუქრება დამიზნებით სროლით ათასობით მოქალაქის მიმართ.
ქართული FARA მიზანში იღებს და საქმიანობას უზღუდავს სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას. კანონის აღმასრულებელი ანტიკორუფციული ბიურო იქნება. განსაზღვრულ მოთხოვნათა შეუსრულებლობის შემთხვევაში, კანონპროექტით “FARA”-ს გათვალისწინებულია ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა 5 წლამდე ვადით.

თამთა მიქელაძე: “დღეს ანტიკორუფციულ ბიუროსთან სამოქალაქო საზოგადოების და მედიის შეხვედრა გაიმართა.
ძალიან აშკარაა, რომ ანტიკორუფციული ბიურო, როგორც ინსტიტუტი, გეგმავს სრულად გავიდეს სამართლებრივი ჩარჩოდან და პრაქტიკულად სამოქალაქო საზოგადოების პოლიციად იქცეს.
როგორც ჩანს, “ქართულ ოცნებას” გადაწყვეტილი აქვს, პრაქტიკულად ნებისმიერი პოლიტიკური და სოციალური გამოხატვის კრიმინალიზაცია დაუშვას, რომელსაც ჟურნალისტი, მკვლევარი, იურისტი, არტისტი, რეჟისორი, რედაქტორი ან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი გამოხატავს იმ შემთხვევაში, თუ ის უცხოურ დაფინანსებას იღებს.
მიდგომა მარტივია: იღებ ნებისმიერ უცხოურ დაფინანსებას, გამოხატავ მოსაზრებას საჯარო პოლიტიკაზე (მისი ყველაზე ფართო გაგებით) და ცდილობ საზოგადოებაზე ზემოქმედებას (მაგალითად, პოსტის დაწერას, მეილის გაგზავნას ორ ან მეტ პირთან) – ესე იგი, აგენტი ხარ, ეს უნდა აღიარო ყველა შენს საჯარო გამოსვლაში და უნდა დარეგისტრირდე “ქართული ოცნების” ბაზაში.
ანტიკორუფციული ბიურო არც კი გეგმავს შეამოწმოს, ეს გამოხატვა პრაქტიკულად უკავშირდება თუ არა დაფინანსების ფაქტს და მით უმეტეს – დონორის კონტროლის, მითითების შესრულების ინტერესს, როგორც ამას ამერიკაში უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი (ფარა) ადგენს.
მიუხედავად იმისა, რომ რაჟდენ კუპრაშვილმა შეხვედრაზე თურმე ბევრჯერ გაიმეორა, რომ კანონს ამერიკული პრაქტიკის მიხედვით განახორციელებს, ის, რაზეც მან ილაპარაკა, საერთოდ არ ჯდება ამერიკულ პრაქტიკაში და ლოგიკაში.
ე.წ. ფარა კანონი “ქართულ ოცნებას” გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლების გასანადგურებლად აქვს იარაღად ხელში მომარჯვებული და იმუქრება დამიზნებით სროლით ათასობით მოქალაქის მიმართ.
“ქართული ოცნება” ხედავს, რომ წინააღმდეგობის ყველაზე დიდი რესურსი სამოქალაქო საზოგადოებაში და მედიაშია – მის მრავალფეროვნებასა და მედეგობაშია, და ახლა სწორედ მოქალაქეების ტოტალიტარული ტიპის და მასობრივი კონტროლისა და კრიმინალიზების მიზანი აქვს დასახული.
უფრო მეტიც, დღეს მათი მუქარა მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების გასანადგურებლად რუსულ და აზერბაიჯანულ ავტორიტარულ პოლიტიკაზეც უარესად კი ჩანს – იმდენად სწრაფია და ტოტალური.
სხვა საკითხია, ამ მუქარების რეალობად ქცევა შეუძლია თუ არა “ქართული ოცნების” რეჟიმს და რა პოლიტიკური, გეოპოლიტიკური და საზოგადოებრივი ფასი ექნება ამას მისთვის (ამაზე სხვა დროს დავწერ).”