საქართველომ შეიძლება სრულად დაკარგოს უვიზო რეჟიმი - ევროკომისიის ანგარიში
ევროკომისიის ანგარიში
უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ახალ ანგარიშში ევროკომისია მიუთითებს, რომ გარკვეულ ეტაპზე საქართველოს მთელ მოსახლეობას ემუქრება ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერება, ამის შესახებ ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს.
ბრიუსელი აცხადებს, რომ ახალი წესების ძალაში შესვლის შემდეგ, 2025 წლის 30 დეკემბრიდან, შეზღუდვები ეტაპობრივად შეიძლება გავრცელდეს ჯერ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებზე, ხოლო შემდეგ – ქვეყნის მთელ მოსახლეობაზე.
გაფრთხილება ევროკომისიის მიერ 19 დეკემბერს გამოქვეყნებულ ვიზის შეჩერების მექანიზმის მერვე ანგარიშშია ასახული. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა “სისტემურ და მიზანმიმართულ ხასიათს“ ატარებს, ხოლო ხელისუფლებამ ბოლო წლებში არაერთი რეკომენდაციის მიუხედავად უკან წაიღო ადრე გატარებული რეფორმები.
“ყველაზე სერიოზული შემთხვევა საქართველოს ეხება, რომელმაც დაარღვია ვიზალიბერალიზაციის დიალოგის ფარგლებში ნაკისრი მრავალი ვალდებულება, თითქმის არცერთი რეკომენდაცია არ შეასრულა ვიზების შეჩერების მექანიზმის მე-7 ანგარიშიდან და, მიუხედავად გასული წლების განმავლობაში გაკეთებული არაერთი მოწოდებისა, მიეღწია წინსვლისთვის სავიზო პოლიტიკის დაახლოებისა და კორუფციის პრევენციის საკითხებში, 2024-2025 წლებში კიდევ უფრო დიდი უკუსვლა განიცადა, მათ შორის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მიმართულებით“, – ნათქვამია ანგარიშში.
ევროკავშირმა უკვე 2025 წლის იანვრიდან შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის, თუმცა გადაწყვეტილება ბლოკის ყველა წევრმა არ შეასრულა, მათ შორის უნგრეთმა და სლოვაკეთმა. ფინანსური სანქციების დაწესებას კი ევროკავშირი კონსენსუსის წესის გამო ვერ ახერხებს.
ნოემბერში დამტკიცებული ახალი წესები ევროკომისიას უფლებას აძლევს, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების გადაწყვეტილება უფრო მარტივად მიიღოს. ანგარიშის თანახმად, პირველ ეტაპზე შეზღუდვები შეეხება იმ ოფიციალურ პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან რეკომენდაციების შეუსრულებლობაზე, ხოლო მეორე ეტაპზე — შესაძლოა, უვიზო რეჟიმი მთლიანად გაუქმდეს.
17 ნოემბერს ევროკავშირის საბჭომ საბოლოოდ დაამტკიცა განახლებული მექანიზმი, რომელიც საშუალებას აძლევს ბლოკს, უფრო სწრაფად და ეფექტიანად შეაჩეროს ვიზალიბერალიზაცია იმ მესამე ქვეყნებისათვის, სადაც უვიზო რეჟიმი ბოროტად გამოიყენება ან ეწინააღმდეგება ევროკავშირის ინტერესებს.
ევროკომისარმა შინაგან საქმეთა და მიგრაციის საკითხებში, მაგნუს ბრუნერმა, განაცხადა, რომ უვიზო რეჟიმის ბოროტად გამოყენებამ შესაძლოა უსაფრთხოებისა და მიგრაციის სერიოზული პრობლემები შექმნას, ხოლო თანამშრომლობის არქონის შემთხვევაში “მკაფიო სანქციები“ გახდება აუცილებელი.
ევროკავშირის საბჭომ, უნგრეთის გამოკლებით, უკვე მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს უსაფუძვლოდ დაკავებული პირები, გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა და დაუყოვნებლივ დააკმაყოფილოს ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმები, “ქართული ოცნების” პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ კი განაცხადა, რომ ევროკავშირს ქვეყნის მიმართ “არავითარი კრიტიკის საფუძველი“ არ აქვს.
ევროპის კომისიის 2025 წლის გაფართოების ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის საფუძვლები ბოლო წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად დასუსტდა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ მთავრობის გადაწყვეტილებამ პრაქტიკულად შეაჩერა გაწევრიანების პროცესი და საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ფურცელზე დარჩა.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ ქვეყანაში განხორციელებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა და რეპრესიულმა ღონისძიებებმა შეამცირა სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და ოპოზიციის შესაძლებლობები აქტიურად მიიღონ მონაწილეობა პროცესებში; მიღებულია სამართლებრივი რეგულაციები, რომლებიც მნიშვნელოვნად გაართულებს საერთაშორისო დაფინანსების მიღებას და სერიოზულად შეზღუდავენ ორგანიზაციების საქმიანობას. ანგარიშში ნახსენებია უცხო გავლენის რეგისტრაციის კანონი და გრანტების სფეროში განხორციელებული შეზღუდვები.
გაფართოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის, მარტა კოსის განცხადებით, გაერთიანების წევრობის კანდიდატების ისტორიაში საქართველოს ყველაზე ცუდი ანგარიშის დასკვნა ჰქონდა.
მისივე თქმით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაუმჯობესება მაშინ იქნება შესაძლებელი, როცა მთავრობა შეწყვეტს სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაზე ზეწოლას და ასევე შეწყვეტს ოპოზიციური ლიდერების დაპატიმრებას.