RFE/RL: უკრაინაზე ევროკავშირის დოკუმენტი რუსეთისგან საქართველოდან ჯარების გაყვანასაც ითხოვს
ევროკავშირის დოკუმენტი
ევროკავშირმა მოამზადა შიდა სადისკუსიო დოკუმენტი, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მიზნით მიმდინარე მოლაპარაკებებში მოსკოვის მხრიდან შესაძლო დათმობებს განსაზღვრავს და პირდაპირ მოითხოვს რუსეთის სამხედრო ძალების გაყვანას არა მხოლოდ უკრაინიდან, არამედ მეზობელი ქვეყნებიდანაც – მათ შორის საქართველოდან.
“რადიო თავისუფლების” (RFE/RL) ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, დოკუმენტი უკვე გაეგზავნა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს და შესაძლოა მისი ნაწილი 23 თებერვალს ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილონ.
დოკუმენტი, სახელწოდებით “ევროპის ძირითადი ინტერესები ყოვლისმომცველი, სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისა და კონტინენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში“, ასახავს ბრიუსელის ხედვას იმ მინიმალურ პირობებზე, რომელთა გარეშე ევროკავშირი უკრაინაში ომის დასრულებას ვერ მიიჩნევს მდგრადად.
ტექსტში საუბარია “რუსეთის სამხედრო ყოფნისა და განლაგების აკრძალვაზე” ბელარუსში, უკრაინაში, მოლდოვის რესპუბლიკაში, საქართველოში და სომხეთში.
ეს ჩანაწერი განსაკუთრებით სენსიტიურია საქართველოსთვის, სადაც რუსეთის საოკუპაციო ძალები კვლავ არიან განთავსებული აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში (ე.წ. სამხრეთ ოსეთი). რუსეთის სამხედროების ყოფნა ასევე გრძელდება დნესტრისპირეთში (მოლდოვა), სომხეთსა და ბელარუსში – რეგიონებში, რომლებიც კრემლის უსაფრთხოების არქიტექტურის მნიშვნელოვან ელემენტად განიხილება.
იოზვიაკის ცნობით, დოკუმენტი ხაზს უსვამს პრინციპს, რომ თუ უკრაინას მოლაპარაკებების ფარგლებში მოსთხოვენ საკუთარი სამხედრო ძალების შემცირებას ან გარკვეული ტერიტორიებიდან გასვლას – როგორც ეს აშშ-ის შუამავლობით მიმდინარე დისკუსიებში განიხილება – რუსეთმაც ანალოგიური ნაბიჯები უნდა გადადგას. ეს ფორმულირება მიუთითებს ევროკავშირის მცდელობაზე, მოლაპარაკებების პირობებში სიმეტრიის პრინციპი დაამკვიდროს.
ტექსტი ასევე ადასტურებს ევროკავშირის ხანგრძლივ არაღიარების პოლიტიკას: მათი თქმით, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ფორმალური აღიარება მიუღებელია. იოზვიაკის მტკიცებით, ეს მიდგომა თანხვედრაშია იმ პოლიტიკასთან, რომელსაც ბრიუსელი წლებია ატარებს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მიმართაც.
დოკუმენტი სცდება მხოლოდ სამხედრო საკითხებს და მოსკოვს მოუწოდებს შეწყვიტოს დეზინფორმაციის კამპანიები, დივერსიული ქმედებები, კიბერთავდასხმები, საჰაერო სივრცის დარღვევები და არჩევნებში ჩარევა ევროპასა და მეზობელ ქვეყნებში. აღსანიშნავია, რომ ყველა ეს მუხლი პირდაპირ ეხება საქართველოს.
ინფორმაციის თანახმად, ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა, დოკუმენტი უკვე გაუზიარა წევრ სახელმწიფოებს. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი უშუალოდ არ მონაწილეობს ვაშინგტონის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებებში, ტექსტში მკაფიოდ არის აღნიშნული, რომ “მშვიდობა და უსაფრთხოება შეუძლებელია მოლაპარაკებების მაგიდასთან ევროკავშირის და მისი ძირითადი ინტერესების გათვალისწინების გარეშე“.
დოკუმენტის გაჟონილი შინაარსი აჩვენებს, რომ ბრიუსელი ცდილობს საკუთარი როლის ინსტიტუციურ გამყარებას იმ პროცესში, რომელიც უკრაინის ფარგლებს სცდება და კონტინენტის უსაფრთხოების არქიტექტურას განსაზღვრავს. საქართველოსთვის კი ეს ნიშნავს, რომ უკრაინის ომის ირგვლივ მიმდინარე მოლაპარაკებები შესაძლოა პირდაპირ შეეხოს მის ოკუპირებულ ტერიტორიებსა და ქვეყნის უსაფრთხოების მომავალს.