"არჩევნების გამოძიება უნდა ჩატარდეს" - ევროპის საგარეო მინისტრების გადაწყვეტილება ცნობილია
ევროკავშირი საქართველოში “ტექნიკურ მისიას” აგზავნის
ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი ამბობს, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნების გამოძიება უნდა ჩატარდეს. ასევე, ბორელის თქმით, ევროკავშირი საქართველოში გაგზავნის მისიას, რომელიც განიხილავს დარღვევებს.
რა თქვა ჟოზეფ ბორელმა
“ჩატარებულმა არჩევნებმა დაადასტურა დემოკრატიული უკუსვლა. ოცნებამ დააშორა საქართველო ევროინტეგრაციას. ყველას გვინდა, საქართველო ევროპულ გზაზე დაბრუნდეს.
საქართველოში გავაგზავნით მისიას, განვიხილავთ დარღვევებს. არჩევნების გამოძიება უნდა ჩატარდეს, მთავრობამ კი ცვლილებები უნდა განახორციელოს. სხვაგვარად საქართველო ვერ შეძლებს ევროპულ გზაზე წინსვლას.
მოვიწვევთ ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, რათა მან წარუდგინოს ევროკავშირის წარმომადგენლებს თავისი ანგარიში.
მსურს ვუთხრა ქართველ ხალხს: ევროკავშირის კარი ღია იქნება, მაგრამ მთავრობის კურსი აშორებს საქართველოს ევროინტეგრაციისგან.
მანამდე “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტმა რიკარდ იოზვიაკმა დაწერა, რომ ევროკავშირმა გადაწყვიტა, საქართველოში ევროკომისიის ტექნიკური მისია გააგზავნოს.
“ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოს შესახებ საკითხი განიხილეს. ქვეყანაში ევროკომისიისა და მისი საგარეო სამსახურის ტექნიკური მისია ჩავა. შეიძლება, გაფართოვდეს სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეცწარმომადგენლის მანდატი. ოდირი ევროკავშირის ოფიციალურ პირებს სიტუაციაზე მოახსენებს“, – წერს იგი.
რა ხდებოდა შეხვედრამდე
ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე ოთხმა პროდასავლურმა ოპოზიციურმა პარტიამ, რომლებმაც 5%-იანი ბარიერი გადალახეს, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების საკითხზე საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელსა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებს ერთობლივი წერილით მიმართა, რომელშიც აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნებში ოთხმა ოპოზიციურმა ძალამ, ჯამში, ხმების 52% მიიღო, თუმცა “ქართულმა ოცნებამ” შედეგები გააყალბა.
გაყალბების მტკიცებულებად, ოპოზიციის წერილში მაგალითად მოყვანილია დამოუკიდებელი კვლევითი ორგანიზაციების, როგორიცაა Edison Research და HarrisX-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგები, ამავდროულად, არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშები საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით.
შეხვედრის დაწყებამდე კომენტარი გააკეთა ჯოზეფ ბორელმა. მისი თქმით, არ შეიძლება რომ თქვა, რომ არჩევნები არ იყო სამართლიანი და ის არ გამოიძიო.
“რა თქმა უნდა, [არჩევნები] უნდა იყოს გამოძიებული. რაც მოხდა, ის უნდა იქნას შეფასებული. არ შეიძლება რომ თქვა, რომ არჩევნები არ იყო სამართლიანი და ის არ გამოიძიო. ჩვენ მოვუწოდებთ [საქართველოს] მთავრობას, რომ ნათელი მოფინოს იმ ყველაფერს, რასაც ხალხი ითხოვს. [მთავრობა] უნდა იყოს ანგარიშვალდებული.” – თქვა ჯოზეფ ბორელმა.
პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის განმარტებით, ოთხი ოპოზიციური პარტიის ევროკავშირში გაგზავნილი წერილი “საუკუნის თავზე” სერგო ორჯონიკიძის “ცნობილი გზავნილია”, რომელიც მან მოსკოვს გაუგზავნა.
“თქვენ გახსოვთ საუკუნის წინ ცნობილი გზავნილი, რომელიც სერგო ორჯონიკიძემ გაუგზავნა მოსკოვს, ეს არის სერგო ორჯონიკიძის გზავნილი საუკუნის თავზე, ოღონდ არა მოსკოვს, არამედ ამ შემთხვევაში ბრიუსელს” – თქვა კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.