ოცნებამ მხარი არ დაუჭირა ეუთოს რეზოლუციას, რომელშიც სირიისგან ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების უკან წაღებას ითხოვენ. კომენტარი
ეუთოს რეზოლუცია
ეუთოს საპარლამენტო ასაბლეამ მიიღო “პორტოს დეკლარაცია და რეზოლუციები”, რომელშიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც არის საუბარი. “ქართული ოცნების” ერთპარტიული პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციისთვის მხარი არ დაუჭერიათ.
თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ რეზოლუციის კრიტიკის მიუხედავად, “ქართულმა ოცნებამ” მას მხარი დაუჭირა. რეზოლუცია სხდომაზე ოცნების წარმომადგენელმა, ნიკოლოზ სამხარაძემ გააკრიტიკა.
დოკუმენტში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს სირიის მთავრობას, უკან გაიწვიოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის “დამოუკიდებლობის” აღიარება და აღიაროს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. ასევე, გააუქმოს დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების “დამოუკიდებლობის” აღიარება და აღიაროს უკრაინის მთლიანობა.
ამასთან, დოკუმენტში ეუთოს საპარლამენტო ასაბლეა შეშფოთებას გამოხატავს 2024 წლის ოქტომბერში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების დროს გამოვლენილი ხარვეზების გამო. ასევე ხაზს უსვამს “ქართული ოცნების” ხელისუფლების ანტიდასავლურ ნაბიჯებსა და რიტორიკას.
აფხაზეთის დამოუკიდებლობა ამ დრომდე მხოლოდ რუსეთთან დაახლოებულმა, გაეროს წევრმა ხუთმა ქვეყანამ აღიარა — მათ შორის, სირიამ 2018 წელს. სირიის მხრიდან ეს გადაწყვეტილება ასადის რეჟიმის რუსეთისკენ სრული გადახრის ნაწილი იყო.
საქართველოს არაღიარების პოლიტიკა წლების განმავლობაში ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ დიპლომატიურ სტრატეგიად რჩება, და ყოველი ნაბიჯი, რომელიც ოკუპაციის აღიარების უკან წაღებას ემსახურება, თბილისისთვის, წესით, უმნიშვნელოვანეს გეოპოლიტიკურ თამაშად ითვლება. თუმცა, ახლა, როცა ასადის ხელისუფლება ფაქტობრივად ჩამოიშალა და სირია საერთაშორისო იზოლაციიდან გამოსვლას ცდილობს, თბილისი მოქმედებას არ ჩქარობს.
თბილისს უნიკალური ფანჯარა ეძლევა — მოითხოვოს აღიარების გაუქმება, მიიჩნევენ ექსპერტები. მაგრამ არის თუ არა მზად ხელისუფლება ამ შანსის გამოსაყენებლად? სწორედ ამ საკითხზე წერს იურისტი საბა ბრაჭველი, რომლის მოსაზრებასაც ქვემოთ გთავაზობთ.

საბა ბრაჭველი: საქართველოს არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობა სირიასთან, რადგან ის აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობას აღიარებს – ეს ფაქტია.
რუსეთის მოკავშირე ასადის ჩამოგდების შემდეგ, სირია ურთიერთობების გლობალური გადატვირთვის პროცესშია, რაც საუკეთესო შანსს გვაძლევს, რომ აღიარება გააუქმონ. ოპოზიციურმა პარტიებმა ამ თხოვნით ერთობლივად მიმართეს ალ-ჯოლანის. ივანიშვილის მთავრობა რას აკეთებს (თუ აკეთებს რამეს) ამ მიმართულებით, ამ დრომდე უცნობია – ესეც ვიცით
გუშინ ეუთომ მიიღო პორტოს დეკლარაცია, რომელიც საქართველოს ორმხრივად ეხება. ერთი მხრივ, დეკლარაცია მოუწოდებს სირიას, ცნოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და უკან წაიღოს აღიარებები, მეორე მხრივ კი – მოუწოდებს საქართველოს, (1) გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები (2) ჩაატაროს ახალი და სამართლიანი არჩევნები, (3) შეწყვიტოს ევროკავშირისადმი მტრული რიტორიკა – ქვემოთ დავლინკავ დეკლარაციას, შესაბამისი პუნქტებით
შალვა პაპუაშვილმა ახლახან თქვა, რომ ამ დეკლარაციას მათმა დელეგაციამ მხარი არ დაუჭირა. ანუ მხარი არ დაუჭირეს ყველაზე ხმამაღალ, ძლიერ და გავლენიან მოთხოვნას სირიისადმი, რომ გააუქმოს ჩვენი ტერიტორიების აღიარებები. – ბრიფინგი ნახეთ
ახლა კითხვები:
1. რა ჰქვიათ მათ, ვინც სამშობლოს ინტერესზე – არაღიარების პოლიტიკის გაგრძელებაზე და გაძლიერებაზე – მაღლა, თავის პირად და პარტიულ ინტერესს აყენებს?
2. რა ჰქვია მათ, ვისთვისაც უდანაშაულო ადამიანების ციხეში ყოფნა გაცხადებულად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე აფხაზეთისა და ცხინვალის დაბრუნება?
3. და რა ჯარიმის შიშმა უნდა გაგვაჩეროს, რომ ამას ღალატი არ დავარქვათ?”