ეუთო/ოდირი: გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი კანონები უნდა გაუქმდეს
ეუთო/ოდირის მოსაზრება
ეუთო/ოდირი საქართველოში “ქართული ოცნების” მიერ მიღებულ გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველ კანონებთან დაკავშირებით გადაუდებელ მოსაზრებას აქვეყნებს და აცხადებს, რომ ისინი უნდა გაუქმდეს.
12 ნოემბრით დათარიღებულ ანგარიშში ეუთო/ოდირი წერს, რომ 2025 წლის ოქტომბერში მიღებული ცვლილებები საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ გამოხატვის თავისუფლების უფლებას არღვევს.
მოსაზრებაში საუბარია იმ ცვლილებებზე, რომელთა თანახმად აქციაზე, გზის ხელოვნურად გადაკეტვა ან პირბადით ყოფნა 15 დღემდე პატიმრობით ისჯება, ქმედების განმეორებით შემთხვევაში კი მოქალაქეს სისხლის სამართლის წესით აკავებენ.
კრიტიკულ მოსაზრებაში ნათქვამია, რომ მოქალაქეების დაკავება მშვიდობიან პროტესტში მონაწილეობის გამო არღვევს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ვალდებულებებს.
“2025 წლს ოქტომბერში მიღებული ცვლილებები შეშფოთებას იწვევს საქართველოს მიმართ ადამიანის უფლებათა საერთასორისო ვალდებულებების შეუსრულებლობასთან დაკავშრებით, განსაკუთრებით კი გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტის მე-9, მე-19 21-ე და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5, მე-10, მე-11 და მე-18 მუხლებს ეწინააღმდეგება. და უნდა გაუქმდეს”- წერს ოდირი.
ეუთო ოდირი მიიჩნევს, რომ ქართული ოცნების მიდგომა პირდაპირ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს, რომლებიც სანქციების პროპორციულობასა და არადისკრიმინაციულობას მოითხოვს.
“სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრება ისეთი ქმედების საპასუხოდ, რომელიც შეიძლება იყოს ლეგიტიმური და კანონიერი საერთაშორისო სამართლის მიხედვით,
გამოიწვევს თავისუფლების თვითნებურ აღკვეთას, რაც არღვევს გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პაქტის მე-9 მუხლს და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლს”- ნათქვამია ეუთო ოდირის მოსაზრებაში.
“ქართულმა ოცნებამ” პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ ახალი ამკრძალავი კანონები 16 ოქტომბერს დაამტკიცა, რომლის მიხედვით აქციაზე სახის ნიღბით დაფარვისა და გზის გადაკეტვის პირველივე შემთხვევები 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობით დაისჯება – ოცნების ხელისუფლებამ ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში შეიტანა.
15 დღემდე პატიმრობით დაისჯება შეკრების ან მანისფესტაციის მონაწილე, რომელიც:
- სახის “ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით” დაიფარავს;
- იქონიებს “ცრემლმდენ, ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების ან/და მომწამვლელ ნივთიერებას”;
- განზრახ შექმნის “დაბრკოლებებს ხალხის ან ტრანსპორტის გადაადგილებისთვის”;
- მოაწყობს დროებითი კონსტრუქციას, რომლის მოწყობა “საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს, ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას”.
იმ შემთხვევაში თუ სამართალდამრღვევად ორგანიზატორი ჩაითვლება, მას 20 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა ემუქრება.
საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაცია Amnesty International-ი აცხადებს, რომ დაპატიმრებების ტალღა და რეპრესიული კანონები საფრთხეს უქმნის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას.