Euronews-მა ბაქოში ოფისი გახსნა: ადგილობრივი ჟურნალისტები თვლიან, რომ ხელისუფლება მედიას "საფრთხედ“ არ აღიქვამს
Euronews-მა ბაქოში ოფისი გახსნა
ევროპულმა საინფორმაციო არხმა Euronews-მა ბაქოში ოფისი გახსნა და ქვეყანაში მედიისა და ჟურნალისტიკის განვითარებაზე მუშაობა დაიწყო. დამოუკიდებელი აზერბაიჯანელი ჟურნალისტები ამას მთავრობის მიერ დამოუკიდებელი მედიის ჩახშობის პოლიტიკის გაგრძელებად მიიჩნევენ.
Euronews-ის ბაქოს ოფისის ხელმძღვანელმა, ფერნანდო სოარეშმა, განაცხადა, რომ ქსელის მიზანი არ შემოიფარგლება მხოლოდ აზერბაიჯანის ტურიზმისა და ბიზნეს შესაძლებლობების საერთაშორისო აუდიტორიისთვის პოპულარიზაციით. ის ასევე აპირებს ეროვნულ მედია სექტორთან თანამშრომლობას და ჟურნალისტებისთვის ტრენინგების ორგანიზებას.
პროსამთავრობო მედია საშუალებები აღნიშნავენ, რომ ბაქოში Euronews-ის აკადემიის ჟურნალისტიკის სასწავლო პროგრამის გახსნა ოფისის საქმიანობის ნაწილია. როგორც ამბობენ, სასწავლო კურსები მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა სატელევიზიო ახალი ამბების წარმოება, პირდაპირი ტრანსლაციები, მასალების რედაქტირება და წარდგენა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
ამგვარად, აზერბაიჯანის მედია საზოგადოების პერსპექტივიდან, ეს ნაბიჯი ქვეყნისთვის საერთაშორისო ახალი ამბების წარმოებაში მონაწილეობისა და ადგილობრივი ჟურნალისტებისთვის პროფესიული რესურსების გაფართოების შესაძლებლობად აღიქმება.
დამოუკიდებელი მედია საშუალებების, როგორიცაა AbzasMedia, Toplum TV, Meclis.info და Meydan TV, მიმართ მიმდინარე რეპრესიების ფონზე, აზერბაიჯანში ევროპული არხის, Euronews-ის გახსნას ქვეყნის დამოუკიდებელი ჟურნალისტური საზოგადოება არაერთგვაროვნად აღიქვამს.
რას ფიქრობენ დამოუკიდებელი ჟურნალისტები ამის შესახებ?
JAMnews-ის სტატიაში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმმები, ასევე გამოთქმული მოსაზრებები და იდეები, ასახავს მხოლოდ ავტორის ან კონკრეტული საზოგადოების შეხედულებებს და არ ასახავს JAMnews-ის ან მისი ცალკეული თანამშრომლების შეხედულებებს.
მედიის დამფუძნებელი: “საქმე ეხება ისეთი პირობების შექმნას, რომ მედია საშუალებებმა ბაქოში გახსნან ოფისები, რომლებიც ხელისუფლებისთვის ხელსაყრელი იქნება“

“მიკროსკოპ მედიის“ თანადამფუძნებელი და დევნილი ჟურნალისტი ფატიმა ქარიმლი მიიჩნევს, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებას ოფისი თავისი საქმიანობით არ შეაწუხებს:
“თუ ვსაუბრობთ იმაზე, გადარჩება თუ არა დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა აზერბაიჯანში, კერძოდ, ქვეყნის შიგნით მოქმედი მედიის თვალსაზრისით, ვერ ვიტყვით, რომ დამოუკიდებელი მედია ნამდვილად გადარჩება. სამწუხაროდ, აშკარა მიზეზების გამო, ქვეყანაში დარჩენილ დამოუკიდებელ ჟურნალისტებს აღარ შეუძლიათ ისე ფუნქციონირება, როგორც ადრე.
ზეწოლის ქვეშ არა მხოლოდ ადგილობრივი მედიაა, არამედ უცხოური მედიაც, რომელთა ბაქოს ოფისებსაც პერიოდულად სხვადასხვა ფორმით დევნიან. ასეთ მედიასთან თანამშრომლობით ჟურნალისტებს ან დევნიან, ან ხელისუფლება მოითხოვს ამ ოფისებში პერსონალის რაოდენობის შემცირებას. პროსამთავრობო მედიამ არაერთხელ გამოაქვეყნა მასალები, სადაც უცხოური მედიასაშუალებების ბაქოს ოფისები საფრთხედ არის წარმოჩენილი. ამ სიტუაციაში, “ევრონიუსის“ ოფისის ბაქოში გახსნა ნიშნავს, რომ ხელისუფლება ამ მედიასაშუალებას “საფრთხედ“ არ აღიქვამს.
უფრო მეტიც, იმის გათვალისწინებით, რომ Euronews-ი ადრე თანამშრომლობდა აზერბაიჯანის კულტურის სამინისტროსთან და რომ ამ მედიასაშუალების მიერ აზერბაიჯანის შესახებ გამოქვეყნებულმა მასალებმა ოფიციალური ბაქოსგან მაღალი შეფასება დაიმსახურა, კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ხელისუფლება არ იქნება შეშფოთებული ამ ქსელის ბაქოს საქმიანობით.
საერთო ჯამში, ეს მოვლენები აჩვენებს, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებას სურს გააკონტროლოს ქვეყნის შიგნით ყველა თემის გაშუქება როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოურ მედიაში. მედიის საქმიანობის სრული ან ნაწილობრივი შეზღუდვა, ჟურნალისტების დაპატიმრება და მედია საშუალებებისთვის ხელისუფლებისთვის “მოსახერხებელი“ პირობების შექმნა ბაქოში ოფისების გასახსნელად – ყველაფერი ერთი და იგივე პროცესის ნაწილია.”
ჟურნალისტი ემიგრაციაში: “თუ ისინი თავიანთ საქმეს პროფესიონალურად მიუდგებიან, როგორ შეაფასებენ თავიანთ ქმედებებს?“

აიტან ფარხადოვა, საზღვარგარეთ მცხოვრები დამოუკიდებელი ჟურნალისტი და OC Media-ს თანამშრომელი, მიიჩნევს, რომ Euronews-ის ტრენინგები შექმნის ადამიანებს, რომლებიც მოვლენებს ვარდისფერი სათვალით შეხედავენ და უარყოფენ დამოუკიდებელი ჟურნალისტების მტკიცებებს:
“ისინი ოფისს ხსნიან და ჟურნალისტების გადამზადებას გეგმავენ. როდესაც ტრენინგების შესახებ ეს ამბავი ვნახე, გავიფიქრე: თითქმის ყველა ჟურნალისტი, ვინც ქვეყანაში მუშაობას აგრძელებდა, დააპატიმრეს. დამოუკიდებელ ჟურნალისტად მუშაობის შესაძლებლობა მინიმუმამდეა დაყვანილი. საკუთარი სახელით მუშაობა იმდენად დემონიზებულია, რომ ვინც მუშაობას აგრძელებს, იძულებულია ეს ანონიმურად გააკეთოს. დღეს აზერბაიჯანში დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა ფაქტობრივად დანაშაულთან არის გათანაბრებული.
როდესაც ეს ამბავი ვნახე, პირველი, რაც გავიფიქრე, ის კამპანიები იყო, რომელსაც ხელისუფლება ჩვენს წინააღმდეგ აწარმოებს, რომლებიც ემიგრაციაში ვმუშაობთ. როდესაც ჩვენ ვაქვეყნებთ მასალებს, რომლებიც არ მოსწონთ მთავრობას ან აკრიტიკებენ მის ქმედებებს, სოციალურ მედიაში ტროლები გვესხმიან თავს. ახლა, ვინ იმუშავებს Euronews-ში, რომელიც გარეგნულად დამოუკიდებლად გამოიყურება? ეს ტრენინგები მოამზადებს ადამიანებს, რომლებიც ყველაფერს ვარდისფერი სათვალით უყურებენ და უარყოფენ დამოუკიდებელი ჟურნალისტების ნათქვამს. ისინი დაწერენ, რომ “ნავთობის მიღმა სექტორის შემოსავლები გაიზარდა“, მაგრამ არ განიხილავენ ასეთი სათაურების მიღმა არსებულ საკითხებს. ისინი არ ახსნიან, თუ როგორ განისაზღვრება სამომხმარებლო კალათა, რა არის მინიმალური ხელფასი და პენსია, შეუძლიათ თუ არა ადამიანებს ამ თანხებით ერთი თვის თავის რჩენა და ა.შ.
მოკლედ, ისინი მოამზადებენ ჟურნალისტებს, რომელთა საქმე ფასადის შექმნაა და ეს ადამიანები ჩვენი, დამოუკიდებელი ჟურნალისტების წინააღმდეგ შემობრუნდებიან. ქვეყანაში, სადაც ანტიდემოკრატიული პრაქტიკა მეფობს და სადაც ცენზურა პიკს აღწევს, სიტყვის თავისუფლებასა და თავისუფალ ჟურნალისტიკაზე საუბარი უაზროა. აზერბაიჯანი უკვე იმუქრება გამოძიებებით, თუნდაც საზღვარგარეთ მცხოვრებ იმ პირთა მიმართ, რომლებიც უბრალოდ კრიტიკას ეწევიან ყოველგვარი პოლიტიკური ამბიციების გარეშე. ბლოგერებს ქვეყანაში დაბრუნებით ემუქრებიან და ა.შ.
ამ გარემოში, Euronews გააგრძელებს ფუნქციონირებას კომფორტულ საოფისე პირობებში. მაინტერესებს, ზრუნავს თუ არა ეს ორგანიზაცია თავის რეპუტაციაზე?
მე Euronews-ს ვეკითხები: თუ თქვენ ნამდვილად პროფესიონალურად მიუდგებოდით თქვენს საქმეს, როგორ შეაფასებდით საკუთარ ქმედებებს?”
აზერბაიჯანში მცხოვრები ჟურნალისტი: “ეს თვალთმაქცობაა“
აზერბაიჯანში მცხოვრებმა ჟურნალისტმა, რომელმაც უსაფრთხოების მიზნით ანონიმურად დარჩენა ისურვა, JAMnews-თან კომენტარში Euronews-ის ბაქოს ოფისის ხელმძღვანელის, ფერნანდო სოარესის სიტყვები მოიყვანა:
“მან აღნიშნა, რომ პროგრამა ჟურნალისტებს სიზუსტესა და ემოციურ ზემოქმედებას შორის ბალანსის პოვნას ასწავლის. როგორც დამოუკიდებელმა ჟურნალისტმა, შემიძლია ვთქვა, რომ სწორედ ეს მასწავლეს Toplum TV-ში, რომელიც ახლა კრიმინალურ ორგანიზაციად არის შერაცხული – სიზუსტე, არამანიპულაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის თავიდან აცილება. ჩვენი კოლეგები, რომლებთანაც მხარდამხარ ვმუშაობდით, ჩვენი მასწავლებლები, რომლებმაც ეს გვასწავლეს, ახლა პროფესიული საქმიანობისთვის არიან დაპატიმრებულნი.
რომელიმე ევროპული მედია ორგანიზაციისთვის “დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის სწავლების“ უფლების მიცემა ქვეყანაში, სადაც ჭეშმარიტად პროფესიონალურად მომუშავე ადამიანები ამის გამო ციხეში არიან, თვალთმაქცობაა.
ახლა ჩემი საქმიანობის გაგრძელება არ შემიძლია. ჟურნალისტის პროფესია, რომელიც მიყვარს, შეიძლება “კონტრაბანდის“ ბრალდებით გამომადგეს, მაგრამ Euronews-ი ჟურნალისტებს თავისი სასწავლო პროგრამების მეშვეობით გადაამზადებს. დრო გვიჩვენებს, რა იქნება მათი მთავარი აქცენტი, მაგრამ მე მჯერა, რომ ისინი არაფრით განსხვავდებიან სახელმწიფო ტელევიზიის ჟურნალისტებისგან. თუ სახელმწიფო დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის მომავალზე ფიქრობდა, ის არ დააპატიმრებდა ამ პროფესიის პროფესიონალებს.”
Meydan TV: “ვის ეკუთვნის Euronews, არხი, რომელმაც ბაქოში ოფისის გახსნა მოახერხა?“
Euronews 1993 წლის 1 იანვარს დაარსდა. მიუხედავად იმისა, რომ არხმა დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნა დამოუკიდებელი სტატუსი, მისი ხელმძღვანელობა 2024 წელს შეიცვალა. არხის ახალი ხელმძღვანელი კლაუს შტრუნცი გახდა. როგორც Meydan TV აღნიშნავს, ის ცნობილია გერმანულ გამოცემა Bild-ში მემარჯვენე წარსულით:
“შტრუნცს მიგრანტების წინააღმდეგ მასალები აქვს დაწერილი, ცნობილია, როგორც ისრაელის მხარდამჭერი, მას უნგრეთის მემარჯვენე ლიდერთან, ვიქტორ ორბანთან საქმიან კავშირებშიც კი ადანაშაულებენ. Politico აღნიშნავს, რომ ორბანს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს არხზე. გარდა ამისა, ჟურნალისტურმა გამოძიებებმა აჩვენა, რომ არხის მთავარ მფლობელს, Alpac Capital-ს, საქმიანი და მჭიდრო კავშირები აქვს უნგრეთის ლიდერთან.
კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ Euronews-ში მიმდინარე ცვლილებები მის დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებს. ბოლო წლებში არხმა მოამზადა ვიდეო რეპორტაჟები, რომლებშიც აქებენ აზერბაიჯანის ბუნებრივ სილამაზეს, ნავთობიდან მიღებულ შემოსავლებსა და ეკონომიკურ მდგომარეობას.
ამ მიზეზით, დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის, პედრო ვარგასის პოზიციამ აზერბაიჯანთან დაკავშირებით გახსნის ცერემონიაზე კრიტიკა გამოიწვია. ფრანგულმა გაზეთმა Le Monde-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2022 წელს მან არხი ორბანთან დაკავშირებულ კომპანიას საეჭვო ტრანზაქციების გზით მიჰყიდა.
ვიქტორ ორბანი ევროპაში ცნობილია მემარჯვენე და ანტიდემოკრატიული განცხადებებით. ის აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან დაახლოებულია და ევროპულ ინსტიტუტებში გადაწყვეტილების მიღების პროცესში მის მოკავშირედ ითვლება.
როგორც Politico აღნიშნავს, “მკაცრი ცვლილებების“ შემდეგ, აზერბაიჯანში Euronews-ის დამოუკიდებელი ოპერაციებიც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
რადგან აზერბაიჯანი “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“-ს (RSF) პრესის თავისუფლების ინდექსში ბოლო ადგილზეა და ფაქტობრივად, ქვეყნიდან დამოუკიდებელი მედია გაქრა, გაურკვეველი რჩება, რა პირობებში იმუშავებს Euronews ქვეყანაში და შეძლებს თუ არა ის დამოუკიდებლობის შენარჩუნებას.