"საქართველოს შემთხვევაში კანდიდატის სტატუსისგან მხოლოდ სახელი დარჩა" - EU-ს ანგარიში
EU-ს ანგარიში
ევროკომისიის 2025 წლის გაფართოების ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის საფუძვლები ბოლო წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაუარესდა.
“საქართველოს ხელისუფლების ქმედებებით გამოწვეული გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერების თაობაზე ევროკომისიის შარშანდელი დასკვნის შემდეგ და ქვეყანაში განგრძობითი დემოკრატიული უკუსვლის ფონზე, კომისია მიიჩნევს, რომ საქართველოს შემთხვევაში, კანდიდატის სტატუსისგან მხოლოდ სახელი დარჩა.” – განაცხადა გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა.
ანგარიში მოიცავს 1 სექტემბრიდან 2024 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდს და აღწერს პრობლემებს დემოკრატიის, მართლმსაჯულების, მედია-პლურალიზმისა და სამოქალაქო ცხოვრების სფეროებში.
რა წერია ანგარიშში
● საქართველოს სჭირდება, დაუყოვნებლივ შეაჩეროს დემოკრატიული უკუსვლა და განახორციელოს ხელშესახები ქმედებები და რეფორმები კანდიდატის სტატუსისთვის დადგენილი 9 ნაბიჯის შესაბამისად და იმ პრინციპების სრული პატივისცემით, რომელზეც ევროკავშირია დაფუძნებული.
● 2024 წლის დეკემბერში ევროპული საბჭოს მიერ მიღებული დასკვნების შემდეგ, საქართველოს მთავრობის ქმედებებმა დე-ფაქტო შეაჩერა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. გაგრძელდა დემოკრატიული უკუსვლა, შესაბამისად, კომისია საქართველოს კანდიდატ ქვეყნად მხოლოდ ფორმალურად მოიხსენიებს. საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა უნდა აჩვენონ ნება, რომ ეს კურსი შეცვალონ და დაუბრუნდნენ ევროკავშირში გაწევრიანების გზას.
● საქართველოსთან დაკავშირებით 2024 წლის ივნისსა და ოქტომბერში, ევროპულმა საბჭომ დაასკვნა, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებებმა საფრთხე შეუქმნა ქვეყნის ევროპულ გზას და, ფაქტობრივად, შეაჩერა გაწევრიანების პროცესი.
● 2024 წლის დეკემბერში ევროპის საბჭომ სინანული გამოთქვა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო, შეეჩერებინა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი 2028 წლამდე. მას შემდეგ სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა. საქართველომ განიცადა სერიოზული დემოკრატიული უკუსვლა, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური უფლებების სწრაფი ეროზიით, რაც მკვეთრად შეიზღუდა.
● ხელისუფლების სისტემური და სისტემატური რეპრესიული ქმედებები, მათ შორის კანონმდებლობა, რომელიც ზღუდავს სამოქალაქო სივრცესა და ფუნდამენტურ უფლებებს, დამოუკიდებელი მედიის ფუნქციონირებასა და ლგბტქ პირების მიზანმიმართულად გამოყოფას, სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძალის გადაჭარბებულ გამოყენებას, სრული დაუსჯელობა, ევროკავშირის წინააღმდეგ მტრული რიტორიკა მკვეთრად ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებსა და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან მოსალოდნელ ქმედებებს.
● გარდა ამისა, კომისიის მიერ კანდიდატის სტატუსის რეკომენდაციაში მოცემულ 9 საფეხურზე მნიშვნელოვანი უკანსვლა დაფიქსირდა, რამაც ქვეყანა ევროკავშირისკენ მიმავალი გზისგან კიდევ უფრო დააშორა. კანონის უზენაესობის დაცვის მიზნით შექმნილი ინსტიტუტები პარტიული მიზნებისთვის იქნა გამოყენებული, რითაც მათი მთლიანობა შეირყა. ხელისუფლებამ არანაირი ნაბიჯი არ გადადგა მოქმედების კურსის შესაცვლელად და ქვეყნის ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე დასაბრუნებლად.
● ოპოზიციური ლიდერების დაპატიმრება, მმართველი პარტიის მიერ გარკვეული ოპოზიციური პარტიებისა და მათთან დაკავშირებული პირების აკრძალვის განზრახვის შესახებ განცხადებასთან ერთად, დემოკრატიული პლურალიზმის წინააღმდეგ პირდაპირ თავდასხმას წარმოადგენს.
● საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი არ არის დამოუკიდებელი და მას მიკერძოებული სარედაქციო პოლიტიკა აქვს. ის ხელს უწყობს ევროკავშირის საწინააღმდეგო რიტორიკის პოპულარიზაციას. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პოლიტიკური პარტიებისთვის საეთერო დრო არაპროპორციულად გამოყო და საარჩევნო კამპანიის გაშუქებისას უმეტესი ნაწილი (61%) ფოკუსირებული იყო ქართულ ოცნებაზე. 2025 წლის აპრილში, სხვა კანდიდატების არარსებობის პირობებში, ქართული ოცნების ყოფილი მაღალჩინოსანი პოლიტიკოსი ხელახლა აირჩიეს საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს თავმჯდომარედ. ხშირი იყო საჩივრები საბჭოსა და მენეჯმენტის წინააღმდეგ, საზოგადოებრივი ინტერესების უგულებელყოფისა და საპროტესტო აქციების გაშუქებაზე უარის თქმის გამო. რამდენიმე ჟურნალისტი სამსახურიდან გაათავისუფლეს.
● სასამართლო სისტემის ფუნქციონირების ნაწილში საქართველო მომზადების ადრეულ ეტაპზე იმყოფება მას შემდეგ, რაც უკვე მეორე წელიწადია, საქართველო ამ კუთხით უკუსვლას განიცდის: შეცვლილი სამართლებრივი სისტემა ძირს უთხრის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასა და მთლიანობას, და აბათილებს წინა რეფორმებს.
● საქართველოში უკუსვლა შეინიშნებოდა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხითაც. ხელისუფლებამ კვლავ ვერ შეძლო ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობასთან, მისი პოლიტიკური ნეიტრალურობის ნაკლოვანებასთან და მაღალი დონის კორუფციულ საქმეებში საგამოძიებო ფუნქციებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციებზე პასუხის გაცემა.
● ევროკომისია ანგარიშის დასკვნით მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას უკან დაიხიოს რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებებიდან; აღადგინოს სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა; და შეასრულოს 2023 წელს შემოთავაზებული პრიორიტეტული ნაბიჯები, რათა განიცადოს გონივრული პროგრესი ევროკავშირთან ინტეგრაციაზე. კომისია არ ასახავს რეკომენდაციას სამომავლო გაფართოების განხსნის შესახებ იმ შემთხვევაში, თუ ეს წინაპირობები არ შესრულება.
კომენტარი

რასა იუკნევიჩიენე, ევროპარლამენტარი: “ქართული ოცნება ვერ შეინარჩუნებს ევროპულ გზას – ეს არის კრემლის მარიონეტი რეჟიმი. ზომები, რომლებიც ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ იმ ხალხის დასახმარებლად, რომლებიც ერთი წელია ქუჩაში აქციებს მართავენ ევროპული საქართველოსთვის, არის სანქციები და უვიზო რეჟიმის შეზღუდვა პასუხისმგებელი პირებისა და ასევე დეზინფორმაციის გამავრცელებელი არხების მიმართ. ერთ-ერთი არხი ამ დრომდე აქ თავისუფლად მუშაობს. “რაშა თუდეი” და “სპუტნიკი” აკრძალულია მაგრამ “ქართული ოცნების” არხი – იმედი აქ თავისუფლად მუშაობს, ავრცელებს სიძულვილს ენას ევროპელი პოლიტიკოსების წინააღმდეგ.”

ნინო კალანდაძე, “ჭავჭავაძის ცენტრის” დამფუძნებელი: “ქართულ ოცნებას“ არ შეაშინებს მასთან დაკავშირებულ პირებთან მიმართებით სავიზო რეჟიმის შეზღუდვის შემოღება იმიტომ, რომ “ქართული ოცნება“ არ არის დამოუკიდებლად მოთამაშე, რომელიც თვითონ წყვეტს, რა უნდა გააკეთოს, ისინი ინსტრუქციებს იღებენ რუსეთიდან და ესენი არიან ადამიანები, რომლებიც არიან ღრმად კომპრომეტირებულები თავიანთი კორუფციული წარსულის გამო, რომლებსაც მოუწევთ ის ილაპარაკონ, რასაც მათი პატრონები ეტყვიან. “ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლის ბერკეტად არ განიხილება ვიზალიბერალიზაციის შეჩერება. ეს არ არის ის სანქცია, რომელიც პრევენციულ დატვირთვას ატარებს. ეს არის სანქცია, რომელიც შეგვიძლია განმარტოთ, როგორც სადამსჯელო სანქცია სწორედ იმიტომ, რომ საქართველოს, რა ფორმითაც “ქართული ოცნება“ აყალიბებს, ევროკავშირი ფიზიკურად ვერ მიიღებს თავის რიგებში, იმიტომ, რომ ეს, პირველ რიგში, მათი უსაფრთხოების პრობლემაა.“