ოპოზიციის ალიანსი ეროვნული მობილიზაციის კამპანიას იწყებს, 26 მაისს კი მასშტაბური აქცია იგეგმება
გაზიარება
გაზიარება
ეროვნული მობილიზაციის კამპანია
ოპოზიციური პარტიების ალიანსმა 31 მარტს ეროვნული მობილიზაციის კამპანიის დაწყება გამოაცხადა, რომლის კულმინაციად 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, თბილისში დაგეგმილი მასშტაბური აქცია განიხილება.
ალიანსის განცხადება ბრიფინგზე „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ წაიკითხა. მისი თქმით, კამპანიის დაწყების თარიღი სიმბოლურად უკავშირდება 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმს, როდესაც საქართველოს მოქალაქეებმა, მათ შორის აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის სურვილი გამოხატეს. მან ასევე გაიხსენა 1918 წლის 26 მაისი, როცა საქართველოს დამოუკიდებლობა პირველად გამოცხადდა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ორივე თარიღი – 31 მარტი და 26 მაისი – ქვეყნის ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპებია და უკავშირდება სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის საკითხს. ალიანსის შეფასებით, საქართველო დღესაც მსგავსი გამოწვევის წინაშე დგას.
ოპოზიციური გაერთიანების თქმით, დაწყებული კამპანია არ ეკუთვნის მხოლოდ მასში შემავალ პარტიებს და ის განკუთვნილია ფართო საზოგადოებრივი ჩართულობისთვის. მათი განცხადებით, ინიციატივა მიზნად ისახავს მოქალაქეებთან უშუალო კომუნიკაციის გაძლიერებას, “რეჟიმის პროპაგანდის“ განეიტრალებას, საზოგადოებაში არსებული პროტესტის და ცვლილების მოთხოვნის პოლიტიკურ მოქმედებად გადაქცევას, შიშის დაძლევას და საპროტესტო პროცესში მონაწილეთა რაოდენობის ზრდას.
ალიანსის განცხადებით, კამპანია ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება და მისი დასკვნითი ეტაპი 26 მაისს თბილისში დაგეგმილი აქცია იქნება.
მათ ასევე მიმართეს სხვა პოლიტიკურ და სამოქალაქო ჯგუფებს, ასევე აქტიურ მოქალაქეებს, ჩაერთონ პროცესში. განცხადებაში მადლობა გადაუხადეს მათ, ვინც, მათი თქმით, “რეჟიმის ტყვეობაში“ იმყოფება ან მსგავსი რისკის წინაშეა, ასევე იმ ადამიანებს, ვინც სხვადასხვა ფორმით მონაწილეობს მიმდინარე საპროტესტო აქციებში საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში.
“ჩვენ არავის ვპირდებით მარტივ გზას და არც სასწაულებს, მაგრამ ვიცით, რომ თუ არ ვიმოქმედებთ, არაფერი შეიცვლება. თუ ვიმოქმედებთ, რეჟიმის ცვლილება იქნება მხოლოდ დროისა და ფასის საკითხი.“ – ნათქვამია განცხადებაში.