ეროვნული ბანკი: ჩინეთის ტრანსსასაზღვრო ბანკთაშორისი გადახდების სისტემა განიხილება როგორც გადახდების დამატებითი საშუალება
ეროვნული ბანკის განცხადება
საქართველოს ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნავს, რომ ჩინეთის ტრანსსასაზღვრო ბანკთაშორისი გადახდების სისტემასთან (CIPS) თანამშრომლობა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია და იგი არ წარმოადგენს SWIFT – ის ალტერნატივას.
განცხადება მოჰყვა ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, რომან გოცირიძის ფეისბუქ-პოსტს, რომელშიც წერს, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკში “სტუმრად იმყოფება” ჩინეთის ბანკთაშორისი გადახდების სისტემის პრეზიდენტი. მისი თქმით, ეს ორგანიზაცია არის “სვიფტის” ალტერნატივა, სადაც ანგარიშსწორება ხდება მხოლოდ ჩინურ ვალუტაში და სისტემას აკონტროლებს ჩინეთის ხელისუფლება.
ორგანიზაცია შეიქმნა 2015 წელა დასავლური სანქციების გვერდის ასავლელად და ჩინეთის პოლიტიკური გავლენის გასაძლიერებლად.
რას ამბობს ეროვნული ბანკი
“ჩინეთის ტრანსსასაზღვრო ბანკთაშორისი გადახდების სისტემასთან (CIPS) თანამშრომლობა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ახალ შესაძლებლობებს ქმნის სისტემაში ჩართული ბანკებისთვის, გააუმჯობესონ გადარიცხვების ეფექტიანობა საქართველოსა და ჩინეთს შორის ვაჭრობით დაკავებული კომპანიებისთვის. კერძოდ, CIPS სისტემით შესაძლებელია შუამავალი ფინანსური ინსტიტუტების გარეშე პირდაპირი ტრანზაქციები იუანით, რაც ამცირებს ხარჯებს გადახდის განხორციელების დროს. ეს იქნება დამატებითი არხი, რომ ქართული და ჩინური ბანკების ურთიერთგადარიცხვები იუანით გახდეს უფრო გამჭვირვალე, პირდაპირი და ხარჯთეფექტური, ხოლო თავად გადახდების პროცესი კიდევ უფრო მდგრადი და საიმედო. აქვე აღსანიშნავია, რომ ეს იქნება დამატებითი ფაქტორი ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერებისთვის იმის გათვალისწინებით, რომ ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო პარტნიორია.
რაც შეეხება ამ თემასთან დაკავშირებით გავრცელებულ სპეკულაციურ განცხადებებს, რომ CIPS – ი თითქოსდა SWIFT – ის ალტერნატივაა და მას ჩაანაცვლებს, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ იგი არ წარმოადგენს SWIFT – ის ალტერნატივას. აღსანიშნავია, რომ 2025 წლის ივნისის მონაცემებით, CIPS – ის ქსელში ჩართულია 189 ქვეყნის 4 900 – ზე მეტი ფინანსური ინსტიტუტი. მათ შორის, ევროპის – 261, ჩრდილოეთ ამერიკის – 34, სამხრეთ ამერიკის – 34, ავსტრალია/ოკეანეთის – 22 საბანკო დაწესებულება, რომელთა უმრავლესობაც ერთდროულად სარგებლობს SWIFT-ით და CIPS-ით ისევე როგორც შესაძლოა სხვა რეგიონალური საგადახდო სისტემებით.
CIPS – ი ძირითადად ჩინური იუანით გადარიცხვებზეა ორიენტირებული, ხოლო SWIFT – ი მრავალ ვალუტას მოიცავს. შესაბამისად, CIPS – ს განვიხილავთ მხოლოდ როგორც გადახდების დამატებით საშუალებას, რეგიონალური დივერსიფიკაციის მექანიზმს და არა – SWIFT-ის ჩამნაცვლებელ სისტემას. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი მოსაზრება, რომელიც უკავშირდება SWIFT – ის რომელიმე სისტემით, მათ შორის CIPS-ით ჩანაცვლებას, სრული დეზინფორმაციაა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის SWIFT – თან ურთიერთობას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს და ეს ურთიერთობა ბოლო პერიოდში უფრო და უფრო ღრმავდება. საქართველოს ეროვნული ბანკი ზედამხედველობს SWIFT – ის ახალი ფორმატის – ISO 20022 დანერგვას ქართულ საბანკო სისტემაში, ხელმძღვანელობს SWIFT – ის ეროვნული ჯგუფს საქართველოში და აქტიურად მონაწილეობს SWIFT – ის ახალი პროდუქტებისა და ფუნქციონალობის საპილოტე პროგრამებში. ეს პარტნიორობა ათწლეულებს მოიაცავს და მომავალშიც უცვლელად გაგრძელდება, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის მაღალი ხარისხის ინტეგრირებულობას გლობალურ საფინანსო ინფრასტრუქტურასთან.”
9 ივლისს 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ ევროპარლამენტმა საქართველოზე 2023-2024 წლის რეზოლუცია მიიღო, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოს შესახებ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული 2024 წლის ანგარიშის შემდეგ, რომელიც გასული წლის 30 ოქტომბერს გამოქვეყნდა, საქართველოში ვითარება მნიშვნელოვნად გაუარესდა. ანგარიში ასევე მოუწოდებს ქვეყნის SWIFT-ისგან გათიშვისა და სექტორული სანქციების დაწესებისკენ.