საერთოდ FleaMarket ინგლისურად ‘რწყილების ბაზარს’ ნიშნავს, ანუ იმ ადგილს, სადაც ძველ ნივთებს ყიდიან, მაგრამ თბილისში სიტყვათშეთანხმება Tbilisi FleaMarket, პრაქტიკულად, ბრენდად იქცა. ყოველ შემთხვევაში, ქართველი ახალგაზრდას ცნობიერებაში უცხოელებისათვის მოულოდნელ ასოციაციებს იწვევს. ახალგაზრდებისთვის Tbilisi FleaMarket დიზაინთან, ექსკლუზივთან, გამორჩეულობასთან ასოცირდება, და ამას თავისი მიზეზები აქვს.
Tbilisi FleaMarket დაახლოებით ერთი წლის წინათ, საკმაოდ მოულოდნელად გაიხსნა. ამ ღონისძიებას ორგანიზება გაუწია ორმა ქართველმა გოგონამ – ქეთი მანგოშვილმა და ნინო ბოჭორიშვილმა. ორგანიზატორების მიზანი იყო, მათთვის არასაჭირო ნივთები გაეყიდათ.
პირველ ჯერზე, ძირითადად, ნინოსა და ქეთის მეგობრები მოვიდნენ, მაგრამ ისე კარგად გაატარეს დრო, რომ მომდევნო წელს ბევრად მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და ამჯერად არა ძველმანები, არამედ უფრო გამორჩეული საავტორო ნამუშევრები – სამკაულები, ტანსაცმელი, აქსესუარები, ინტერიერის ნივთები და სათამაშოები გამოფინეს გასაყიდად. დროთა განმავლობაში ‘რწყილების ბაზარი’ (სახელის მიუხედავად) თავშეყრის მოდურ ადგილად იქცა.
‘ოდესმე გჭერიათ ხელში 1943 წელს დამზადებული ასანთის კოლოფი, რომელზეც იაპონელი მფრინავია გამოსახული?! მე კი მჭერია!’ – განგვიცხადა ანტონმა – ერთ-ერთმა მყიდველმა და ამ ღონისძიების მადლიერმა მაყურებელმა.
‘ეს მშვენიერი სტიმულია ახალგაზრდა დიზაინერებისთვის, – ამბობს თიკო, რომელიც ღონისძიებაში იღებს მონაწილეობას, – სხვაგან სად შეძლებ, რომ შენი ნამუშევრები ამდენ ხალხს უჩვენო!’
საკუთარი ნამუშევრების ჩვენება და გაყიდვა აქ ყველას შეუძლია – ხელნაკეთი ნივთების ამ ფესტივალში მონაწილეობის მიღება უფასოა. როგორც წესი, ის თბილისის რომელიმე ცენტრალურ პარკში ტარდება ხოლმე