"ივანიშვილის მთავრობა უდასტურებს ევროკავშირს, რომ უვიზო არაა მათი ინტერესი" - 60-ზე მეტი არასამთავრობო
გაზიარება
გაზიარება
ენჯეოების დაყადაღება
60-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია 7 არასამთავრობოს, რომლებსაც ანგარიშები დაუყადაღეს, სოლიდარობას უცხადებს და აღნიშნავს, რომ ივანიშვილის მთავრობა, მსგავსი ქმედებებით, კიდევ ერთხელ უდასტურებს ევროკავშირს, რომ მათ ინტერესებში არ შედის საქართველოს შეუნარჩუნდეს უვიზო მიმოსვლა.
“ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, რუსეთის ხელისუფლების მსგავსი, სადამსჯელო ნაბიჯების გადადგმა ადასტურებს, რომ ივანიშვილის მთავრობის ინტერესი, საქართველოში განსხვავებული აზრისა და პროევროპული ჯგუფების სრულად განადგურებაა.
ყოველივე ეს ხდება მაშინ, როდესაც ივანიშვილის მთავრობას მიცემული აქვს კონკრეტული ვადა, აცნობონ ევროკავშირს, უნდათ თუ არა უვიზო მიმოსვლის შენარჩუნება ქართველი ხალხისთვის.
ივანიშვილის მთავრობა, მსგავსი ქმედებებით, კიდევ ერთხელ უდასტურებს ევროკავშირს, რომ მათი ინტერესებში არ შედის საქართველოს შეუნარჩუნდეს უვიზო მიმოსვლა.
ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების, რომლებიც საქართველოს მოსახლეობის ინტერესების და უფლებების დაცვას ახორციელებენ, საქმიანობის უკანონოდ გამოცხადება მიუთითებს იმაზე, რომ “ოცნების” მთავრობის ერთ-ერთი მიზანი საქართველოს მოქალაქეების სახელმწიფოს სადამსჯელო ქმედებების წინააღმდეგ დახმარების გარეშე დატოვებაა. არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შეჩერებით ათასობით ადამიანი რჩება უფასო იურიდიული დახმარებისა და სხვა სერვისების გარეშე.
არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები ვდგავართ ჩვენი კოლეგების გვერდით, ვიზიარებთ რა ჩვენს საერთო სწრაფვას თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული საქართველოსთვის.” – ნათქვამია განცხადებაში.
თბილისის საქალაქო სასამართლომ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადების თაობაზე პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. შესაბამის განცხადებას თავად საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
საქმე ეხება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე საქართველოს პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებას.
პროკურატურა ასევე წერს, რომ აღნიშნული ორგანიზაციების ფინანსები გამოყენებულ იქნა ისეთი აღჭურვილობის შესაძენად, როგორიც არის სპეციალური აირწინაღები, დამცავი სათვალეები, პირბადეები, სახის დასაფარი ნიღბები, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები – “რასაც აქციის მონაწილეები აქტიურად იყენებდნენ პოლიციასთან ძალადობრივი დაპირისპირების დროს.“