ელიტა თუ გარიყულები?
არსებობს ბრიტანელი სოციოლოგის, კეიტ ფოქსის ცნობილი წიგნი სახელწოდებით ‘დაკვირვება ინგლისელებზე’, რომელიც მეტწილად წმინდა ინგლისურ კასტურობას ეხება. ინგლისური კასტურობა ურთიერთობის მანერაში, ყოფით ლექსიკაში, ჩაცმულობასა და ქცევის ნორმებში ვლინდება. სწორედ ამ მახასიათებლებით ცნობენ სხვადასხვა სოციალური ჯგუფის წარმომადგენლები ‘თავისიანებს.’ გარკვეულწილად, სწორედ ამ წიგნში აღწერილმა დაკვირვებებმა მიბიძგა მსგავსი კვლევა აქ, ბაქოში ჩამეტარებინა.
ჰაინრიხ ბიოლის ფონდისთვის წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ვსწავლობდი რუსულენოვანი საზოგადოების თვითორგანიზაციის საფუძვლებს და საინტერესო დასკვნებამდე მივედი.
კვლევას ერთი პირველადი ჰოპოთეზაც კი არ ჰქონია, რამაც საბოლოო სამუშაოები უშუალოდ შედეგზე ორიენტირებული გზით წაიყვანა, და რაც ძალიან მნიშვნელოვანია – ქვეცნობიერის დონეზეც კი.
ნაშრომი ჯგუფის სხვადასხვა წარმომადგენელთან ჩაწერილი ინტერვიუების შედეგია. ამას გარდა, კვლევაში დაკვირვების ობიექტების დღიურები და საველე სამუშაოებიც (‘ტუსოვკებში’ მონაწილეობა) ჩავრთე.
წინასიტყვაობა უცხოელებისთვის
სხვადასხვა მონაცემებით, ბაქოში 2,5-დან 4 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს. უმცირესობა (ზუსტი რიცხვი ვერ დავადგინე, არ არსებობს შესაბამისი სტატისტიკური მონაცემები) რუსულად ლაპარაკობს. ამასთან, ბაქოსა და მის მიმდებარე დასახლებებში 300-ზე მეტი სკოლა ფუნქციონირებს, რომელთა უმრავლესობა სახელმწიფოს ბალანსზეა. ფაქტობრივად ყველა სახელმწიფო სკოლასა და უმაღლეს სასწავლებელში არსებობს რუსული სექტორი (ანუ კლასები, სადაც სწავლება რუსულ ენაზე მიმდინარეობს). არსებობს რუსულენოვანი მედია, ბეჭდვითი გამოცემები, ახალი ამბების პორტალები და რუსული დრამის თეატრი. ინგლისურენოვანთან შედარებით, რუსულენოვან ტურისტს ბევრად მეტი შანსი აქვს, რომ ადგილობრივებმა მისი ნათქვამი გაიგონ. რუსული ენის კარგად ცოდნა აუცილებელი პირობაა იმისთვის, რომ დედაქალაქში არსებულ რომელიმე სოლიდურ კომპანიაში (განსაკუთრებით ისეთში, რომელიც მომსახურეობის სფეროს ეხება) დაიწყოთ მუშაობა.
რთულია, ზუსტად განსაზღვრო, თუ რატომ ‘ჩარჩა’ რუსული ენა ბაქოში ისე ღრმად, რომ ბევრი ბაქოელი, აზერბაიჯანულის ‘ნაცვლად’, ამ ენაზე ლაპარაკობს. როგორც ჩანს, რამდენიმე ფაქტორმა იმოქმედა. ნავთობდედაქალაქის ტრადიციულმა მრავალეთნიკურობამ, საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში გატარებულმა სამოცდაათმა წელიწადმა (ეს ის პერიოდი იყო, როდესაც რუსული ენა მოძმე რესპუბლიკებთან და ‘მოსკოველ ხელმძღვანელობასთან’ საუბრისას გამოიყენებოდა) და ა.შ. როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, და ყარაბაღის კონფლიქტი დაიწყო, ბაქოური ინტელიგენციის ‘მყუდრო’, მეგობრული ოჯახიც ტრაგიკულად დაინგრა. უსაფრხოების საბაბით, რუსები რუსეთში გადადიოდნენ საცხოვრებლად, სომხები – სომხეთში, ებრაელები კი – ისრაელში. მათ ნაცვლად, ქალაქს ყარაბაღიდან და მისი მიმდებარე რაიონებიდან დევნილი ადამიანების (იძულებით გადაადგილებული პირებისა და შრომითი მიგრანტების) ტალღა მოაწყდა. მანამდე ეს ადამიანები სოფლებში ცხოვრობდნენ და ბაქოელებისგან სრულიად განსხვავებული კულტურა და ტრადიციები ჰქონდათ. ჩამოსულების რაოდენობა დაახლოებით იმდენივე იყო, რამდენიც ქალაქის მოსახლეობა და, ამ შოკისგან თავდაცვის მიზნით, ბაქოელებმა თავი ‘მყარ’ ჯგუფს შეაფარეს, რომელიც რუსულ ენას გამაერთიანებელ ფაქტორად იყენებდა.
ამასთან ამ საზოგადოების წევრებისათვის კუთვნილების მკაფიო სისტემა არსებობს. განსაზღვრება ‘რუსული სექტორი’ იმის აღსანიშნავად გამოიყენება, რომ ადამიანი ‘კარგ, ინტელიგენტურ ოჯახს’ ეკუთვნის. ზოგჯერ ‘რუსული სექტორი’ კარგი კვალიფიკაციის აღმნიშვნელად გამოიყენება, ‘აზსექტორის’ მიმართ კი ცუდი დამოკიდებულება აქვთ. ანუ არსებობს ორი სუბკულტურა. საზოგადოება ენობრივი მახასიათებლის მიხედვითაა დაყოფილი და სწორედ სასაუბრო ენის საშუალებით ხვდებიან ადამიანები, თუ ვინაა უცხო, და ვინ – მათი კასტის წევრი. საზოგადოების ამ ჯგუფების ცხოვრების წესი და ინტერესები ერთმანეთისგან განსხვავდება. ამ ჯგუფებს არ აქვთ მკვეთრი საზღვრები. მაგალითად, ზოგიერთმა ადამიანმა, შესაძლოა, ორივე ენა კარგად იცოდეს, ან საკუთარ თავში ორივე ჯგუფის მახასიათებლებს აერთიანებდეს. ჯგუფებს ერთმანეთი არ უყვართ, მაგრამ დაბეჯითებით უარყოფენ იმას, რომ ერთმანეთის მიმართ ცუდი დამოკიდებულება აქვთ. სწორედ ეს წარმოადგენს პირველ თეზისს.
თეზისები
1. უარყოფა
რამდენიმე წლის წინ ერთმა რუსულენოვანმა ბლოგერმა ‘ლაივჯორნალში’, საკუთარ გვერდზე კვლევა ჩაატარა. მან რესპონდენტებს ჰკითხა, მართლა არსებობს თუ არა აგდებული დამოკიდებულება ‘აზსექტორის’ მიმართ. სულ 50 ბაქოელი ადამიანი გამოეხმაურა. 49 მათგანმა აღნიშნა, რომ ეს მოსაზრება სიმართლეს არ შეესაბამება.
ორი რესპოდენტი ქალი რამდენიმე დღის შემდეგ ჩემი თანდასწრებით განიხილავდა საერთო ნაცნობებს და საუბრისას ასეთ ფრაზებს იყენებდა – ‘აზსექტორია და რა გიკვირს?!’, ‘ტეტია’, ‘რუსულენოვანი’ (ამ ტერმინს იყენებდნენ არა როგორც ფაქტის კონსტატაციას, არამედ დადებითი მნიშვნელობის განსაზღვრებას)
ამის შემდეგ ნათესავებთან, კოლეგებთან და მეგობრებთან პროვოკაციული საუბრების დაწყება და ამ საუბრების შედეგების ჩაწერა ერთგვარ წესად ვაქციე. ამ შემთხვევაში უარყოფის შემთხვევები უფრო ნაკლები იყო – ალბათ, ნდობის და იმის გამო, რომ კვლევის ობიექტებმა არ იცოდნენ, მათი საუბარი ბლოკნოტში რომ იწერებოდა. თუმცა, ‘უარმყოფელები’ ამ შემთხვევაშიც აცხადებდნენ, რომ ქვეყნის მოქალაქეების ასეთი დაყოფა არაპატრიოტული, სნობური და ბრიყვული ქმედებაა. ზოგჯერ აღნიშნავდნენ იმასაც, რომ ეს ყველაფერი ‘მძიმე საბჭოთა წარსულის’ ბრალია და, თან მაინც ზემოაღნიშნულ ეპითეტებს იყენებდნენ.
არგუმენტად შეიძლება ოთხი წლის წინ მომხდარი სკანდალი გავიხსენოთ. მაშინ ასეთი დაყოფის შესახებ რუსულ ჟურნალ ‘აფიშას’ აზერბაიჯანელმა სტუდენტმა, სარია ალიევმა მოუთხრო, რის შემდეგაც უმალვე გახდა თადასხმების ობიექტი სოციალურ ქსელებსა და პრესაშიც კი. გოგონას ‘აზერსექტორელი’ ბოიფრენდი ჰყავდა. ინტერვიუში სარიას ნათქვამი, – შეყვარებულთან ყოფნისას ‘რუსულ სექტორს ვთიშავ ხოლმეო’, – უმალ იქცა და მრავალი ანეკდოტის თუ სასაცილო სურათის შთაგონების წყაროდ. და მაინც, მისი ცნობილი გამონათქვამი – ‘ბაქო ორ სექტორადაა გაყოფილი’-ო, რომელმაც ასე იმქმედა ბაქოელებზე, მთლიანობაში მართლაც შეესაბამება სიმართლეს.
რუსულენოვანი ბაქოელები აზერბაიჯანულ ენაზე მოსაუბრეებს მათზე ერთი საფეხურით ქვემოთ მდგომებად აღიქვამენ, ოღონდ სრულიად – გაუცნობიერებლად, მექანიკურად. მაგრამ, თუ ამაზე მიუთითებთ, ისინი ხმამაღლა დაიწყებენ ამ აზრის უარყოფას. მათ იმის გაფიქრებაც კი არ უნდათ, რომ სტერეოტიპულ წარმოდგენებს ემორჩილებიან.
2. სინდისის ქენჯნა ‘რუსულენოვანობის’ გამო
ინფორმანტების აბსოლუტური უმრავლესობა თავს ან დამნაშავედ გრძნობს, ან გამართლებას ცდილობს. ხშირად სოციალურ ქსელებში დეკლარირებულ ფრაზებსა და ინტერვიუში ნათქვამს შორის დიდი განსხვავებაა. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის დამალვას ცდილობენ, ორსაათიან ინტერვიუში ბოლოს მაინც გამოტყდებიან ხოლმე.
‘მე მტრის ენაზე ვლაპარაკობ,’ – ამბობს კვლევის ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც რუსეთის მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას გამოხატავს. განათლებული, ნაკითხი ადამიანი, ერუდიტი ამბობს – ‘შეუძლებელია, ერთ სახელმწიფოში ორი ენა იყოს.’
კვლევის მონაწილეები აღიარებდნენ, რომ საზოგადოება ერთგვარად ნამუსზე აგდებს ყველას, ვინც ‘მშობლიური’ ენა არ იცის. საინტერესო ისაა, რომ ეთნიკური რუსები ამ პრობლემას უფრო იშვიათად აწყდებიან.
აქ კიდევ ერთი მიზეზი უნდა აღვნიშნოთ. აღმოჩნდა, რომ ყველა ინფორმანტი, მათ შორის თავად მეც, გაცნობიერებულად, ან გაუცნობიერებლად აიგივებს ცნებებს – ‘ნაცია’, ეთნოსი’ და ‘ენობრივი გარემო’. რეალურად, პრობლემა ბოლო ორი ელემენტის შეუსაბამობის გამო წარმოქმნილი შიდა წინააღმდეგობიდან გამომდინარეობს.
მსოფლიოში ცნებას ‘ნაცია’ პოლიტიკური სარჩული აქვს. იგი ხელისუფლების წყაროს გულისხმობს – ძველი დოქტრინებისგან განსხვავებით, რომლებიც ასეთად რელიგიურ თემს, ან მმართველ დინასტიას მიიჩნევდნენ. ეს ცნება პოლიტიკურია და არა ეთნიკური, ან ლინგვისტური. საქმე მხოლოდ ისაა, თუ რატომ აქვს ამ ტერმინს ასეთი ინტერპრეტაცია ჩვენთან.
ამ შემთხვევაში კარგი იქნება, თუკი საბჭოთა კავშირის შექმნის ისტორიას გავიხსენებთ. ის ქვეყანა იყო ერთადერთი სახელწიფო, რომლის სახელწოდებაშიც არ იყო ეროვნული, ან გეოგრაფიული ძირი. კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობამ შექმნა ეროვნული სახელმწიფოები, მოახდინა მათი საზღვრების დემარკაცია და დაიწყო ეროვნული ენების უნიფიცირება, რითაც შემქნა ერთგვარი კონსტრუქცია, რომლის მიხედვითაც ერი, ეთნოსი და ენა ერთმანეთის იდენტური ცნებებია. ამით საბჭოთა კავშირმა თანამედროვე დიქოტომიასა და თვითიდენტიფიკაციას ჩაუყარა საფუძველი. არ აქვს მნიშვნელობა იმას, რომ ცივილიზაციის ისტორია ამას ეწინააღმდეგება. მაგალითად, ამერიკის ერები, რომლებიც სრულიად არაეთნიკური ბუნებით გამოირჩევიან, მაინც ერთადერთ, ჩვეულებრივ მოცემულობად აღიქმება.
3. ენა, როგორც ქცევის კოდექსის ნაწილი
‘თუ ადამიანმა რუსული იცის, სავარაუდოდ, გუშინ არ ჩამოსულა რაიონიდან,’ – ამბობს კვლევის ერთ-ერთი მონაწილე. რესპოდენტები პირდაპირ ან ირიბად აღნიშნავენ, რომ რუსული ენა ერთგვარი საშუალებაა იმ ადამიანების მოსაძებნად, რომლებიც შენი ქცევის კოდექსის მსგავსი ღირებულებებით ცხოვრობენ.
ინფორმანტები აღნიშნავენ, რომ არსებობს განსხვავება ჯგუფების წევრებს შორის – დამოკიდებულება რელიგიის მიმართ, სექსუალობა, ლიტერატურული და მუსიკალური გემოვნება. ყველაზე მტკივნეულ განმასხვავებელ ნიშნად პირადი სივრცის საზღვრებთან დამოკიდებულებას ასახელებენ.
ერთ-ერთმა ინფორმანტმა აღნიშნა, რომ თურმე როდესაც მისმა თანამშრომელმა გაიგო, რომ ის რუსია, თქვა, რომ მის ვაჟზე არასდროს დააქორწინებდა. როგორც რუსულენოვანი ინფორმანტები აღნიშნავენ, უფრო მრავალრიცხოვანი ‘აზერბაიჯანული სექტორის’ წარმომადგენლები ხშირად ქცევის უცხო კოდექსს, ცხოვრების წესსა და ტანსაცმლის სტილს ახვევენ თავს. ერთ ინფორმანტს ეს დიდ დისკომფორს უქმნის, მეორე კი აღნიშნავს, რომ ასეთი შემთხვევები არ შეუნიშნავს, მაგრამ როდესაც ჩემი თხოვნით პირად დღიურს აწარმოებდა, თავისდა გასაკვირად, შენიშნა, რომ უცნობი ადამიანების მხრიდან პირადი სივრცის დარღვევის შემთხვევები საკმაოდ ხშირია.
ქალებს კიდევ უფრო მეტი პრობლემა აქვთ ‘სხვა სექტორის’ წარმომადგენლებთან. ფაქტობრივად, ორმაგი ცხოვრებით უწევთ ცხოვრება. ‘თითქოს კონსპირაციული მეძავი ხარ პაკისტანში’ – მოკრძალებულად უნდა ჩაიცვა; განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქალაქგარეთ გადიხარ, ან ნათესავების სანახავად აპირებ წასვლას. მთავარია, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოველთვის ‘თვალებდახრილმა’ იარო. ‘არასდროს გაიღიმო – ძალიანაც რომ გინდოდეს.’
ამდენად, იდენტიფიკაცია ენის მიხედვით, სხვა ყველაფერთან ერთად, უცნობ ადგილას უცნობ ადამიანთან სრულფასოვანი ურთიერთობის ერთგვარი საშუალებაა.
დასასრულ, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ჩემს ‘დისკლეიმერს’ (უარს პასუხისმგებლობის აღებაზე). ჯგუფების საზღვრები არ არის მკვეთრი და ერთმნიშვნელოვნად შემოფარგლული. არსებობს უამრავი ‘მიჯნაზე მყოფი’ ადამიანი. მათ ამ კვლევაში უმნიშვნელო როლი ჰქონდათ, და მათზე დაკვირვების მიზანი, ძირითადად, ამ ბუნდოვანი საზღვრის აღმოჩენა იყო. კვლევაში კი ის ადამიანები იღებდნენ მონაწილეობას, რომლებმაც თავადვე მიაკუთვნეს თავი ‘რუსულენოვანებს.’