ეუთო-ს თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე "ოცნება" გააკრიტიკა
ელინა ვალტონენი მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა
ეუთო-ს (OSCE) თავმჯდომარემ და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა ვალტონენმა “ქართული ოცნების” საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, მმართველი გუნდის ანტიდემოკრატიული პოლიტიკა გააკრიტიკა.
კერძოდ, მან გამოყო ივანიშვილის ხელისუფლების მიერ მიღებული ახალი კანონმდებლობა, რომლის მიზანიც, მისი თქმით, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის შეზღუდვაა. ვალტონენმა ასევე დაგმო ოპოზიციონერი ლიდერების დაკავება და აღნიშნა, რომ საქართველოში გამოხატვის და შეკრების თავისუფლება “კითხვის ნიშნის ქვეშაა.”
თუმცა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვალტონენის კრიტიკის შესახებ პრესრელიზში არაფერი უთქვამს. როგორც უწყების პრესრელიზშია აღნიშნული, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში – აფხაზეთსა და ცხინვალში – არსებულ მძიმე მდგომარეობაზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით.
რა თქვა ელინა ვალტონენმა
“ჩვენი შეხვედრისას გავაჟღერე სერიოზული საკითხები, რომლებიც მონაწილე ქვეყნებს აქვთ ეუთო-ს ფარგლებში. მათ შორისაა შემზღუდავი კანონმდებლობა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებას, მედიის წარმომადგენლებს და დემოკრატიულ მმართველობას ეხება, ასევე ბოლოდროინდელი მოვლენები, რომლითაც ხდება არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვა.
ჩვენ ვგმობთ ოპოზიციის ლიდერების დაკავებებს, რომლებიც არაპროპორციული იურიდიული პროცედურების შედეგად ხდება, გამოხატვის და შეკრების თავისუფლება არის კითხვის ქვეშ. სამოქალაქო საზოგადოება არ არის სტაბილურობის საფრთხე, პირიქით, არასამთავრობო, ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციები, ჟურნალისტები და ბევრი სხვა ინსტიტუცია არის დემოკრატიული მედეგობის შემადგენელი ნაწილი. ისინი ინოვაციებს უწყობენ ხელს. მათი ხმა არა მარტო უნდა ისმოდეს, არამედ უნდა იქნას დაცული.
სწორედ ამიტომ საქართველოში ვიზიტი არის აქცენტირებული სამოქალაქო საზოგადოებასთან ჩართულობაზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ დემოკრატიულ წყობაში ხალხს მიეცეს არჩევანის უფლება. ასეა საქართველოშიც, საქართველოს მოსახლეობა ირჩევს, როგორი მომავალი უნდათ.”
რას ამბობს მაკა ბოჭორიშვილი
“როდესაც ქვეყანაში პროცესების შეფასება ხდება, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესების შეფასება ხდებოდეს ობიექტურად
დემოკრატიული სახელმწიფოსთვის, არ არის ნორმალური დემოკრატიული ინსტიტუტებზე შეტევაზე თვალის დახუჭვა და კანონის უზენაესობა დემოკრატიულ სახელმწიფოში არის ყველასთვის თანაბარი და ერთნაირი, არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის ამ შემთხვევაში სუბიექტი
მაშინ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ დემოკრატიული ინსტიტუტების სიძლიერის აუცილებლობაზე, ყურადღების მიღმა არ დაგვრჩეს სწორედ ის შეტევები, რაც ხორციელდება დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებაზე, როგორიც არის პარლამენტი მათ შორის, როგორიც არის პრეზიდენტის ინსტიტუტი და ყველა ის ინსტიტუტი, რომლის შექმნაშიც მონაწილეობს სწორედ სამოქალაქო საზოგადოება, როდესაც ისინი საკუთარი გადაწყვეტილებით მიდიან არჩევნებზე და ირჩევენ ხელისუფლებას.
აბსოლუტურად დავეთანხმები ჩემს კოლეგას, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში ნამდვილად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ადამიანებს, მოქალაქეებს, ამომრჩევლებს, რომელიც აკეთებს არჩევანს და ნამდვილად ყველა ვალდებულია, რომ დავიცვათ მათი არჩევანი და პატივი ვცეთ იმ დემოკრატიულ ინსტიტუტებს, რომელიც მათი არჩევანის შედეგად აირჩევა.”
ვიზიტის ფარგლებში, ელინა ვალტონენი “ქართული ოცნების” პრემიერმინისტრს, ირაკლი კობახიძეს შეხვდება. ასევე, ფინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ეწვევა საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას.
ვიზიტის ბოლოს კი ფინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ოპოზიციურ პარტიებს და არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამართავს შეხვედრებს.