"ელენე ხოშტარიას პატიმრობა პოლიტიკური ანგარიშსწორების ინსტრუმენტია" - იურისტების კომენტარი
ელენე ხოშტარიას პატიმრობა
იურისტები და ALDE Party-ი სასამართლოს მიერ საარჩევნო ბანერის დაზიანების საქმეზე “დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას მიმართ გამოტანილ განაჩენს ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება პოლიტიკური მართლმსაჯულების ანგარიშსწორების ინსტრუმენტია.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციონერ პოლიტიკოს ელენე ხოშტარიას 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა იმის გამო, რომ მან დედაქალაქის მერის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე წარწერა “რუსული ოცნება“ გააკეთა.

თამარ ონიანი, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომმარე: “ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ 1.5 წლით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა პოლიტიკური გამოხატვის ფორმის, ბანერზე წარწერის გაკეთების, გამო, მართლმსაჯულების პოლიტიკური ანგარიშსწორების ინსტრუმენტად გამოყენების კიდევ ერთი მაგალითია.
ამგვარი გადაწყვეტილება ვერ გამართლდება იმ არგუმენტითაც, რომ მოქმედი სისხლის სამართლის ნორმატიული ჩარჩო სასამართლოს სხვა შესაძლებლობის თავისუფლებას არ უტოვებდა. რეალურად, საქმე ეხება ისეთ ქცევას, რომლის სისხლის სამართალს დაქვემდებარება თვითონვეა სადავო; ხოლო თუნდაც ამ ჩარჩოში მოქცევის შემთხვევაში, სასამართლოს დამატებით საშუალებადაც გააჩნდა ჯარიმის გამოყენების შესაძლებლობა (სსკ მუხლი 187.1).
ხელოვნურია ამ საქმეზე სისხლისსამართლებრივი რეაგირება და, სამწუხაროდ, ტენდენციად არის ქცეული იმ რეალობაში, სადაც, მართლმსაჯულება განსხვავებულ აზრსა და პოლიტიკური თვითგამოხატვის ფორმებს თავისუფლების აღკვეთის მუქარით/სისრულეში მოყვანით პასუხობს, ხოლო ამისთვის, საქართველოს პარლამენტში სხვადასხვა ნორმატიული წინაპირობის შექმნა ხშირად დაჩქარებული წესით მიმდინარეობს”

თამთა მიქელაძე, “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” დირექტორი: “აღმაშფოთებელია და ამორალური ელენე ხოშტარიას მიმართ გამოტანილი განაჩენი.
მოდით, ჯერ შევაფასოთ საკითხის სამართლებრივი მხარე.
სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლი, რომლის საფუძველზეც ელენე ხოშტარიას სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრა, ითვალისწინებს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რაც უნდა იწვევდეს მნიშვნელოვან ზიანს. „მნიშვნელოვანი ზიანი“ ამ მუხლის მიზნებისთვის სახეზეა მაშინ, თუ ნივთის ღირებულება 150 ლარს აღემატება.
სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, „განადგურება“ გულისხმობს ნივთის ისეთ მდგომარეობას, როდესაც იგი სრულად უსარგებლო ხდება ან აღარ არსებობს, ხოლო „დაზიანების“ შემთხვევაში ნივთი კვლავ არსებობს, თუმცა არა პირვანდელი სახით და მისი აღდგენა შესაძლებელია.
მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ კახი კალაძის ბანერზე გაკეთებული წარწერა იშლება.
ხაზგასასმელია, რომ ბანერის დაზიანებისთვის პასუხისმგებლობას სპეციალური კანონი, საარჩევნო კოდექსი, ითვალისწინებს, რომელიც უშუალოდ ეხება სააგიტაციო მასალას. ეს კი გამორიცხავს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აღნიშნული ქმედებისთვის და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ბრალის აბსურდულობას.
ამავე კოდექსით რეგულირდება უკანონოდ ჩამოხსნილი, ჩამოხეული, დაფარული ან დაზიანებული საარჩევნო პლაკატებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობაც.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ ობიექტურად დადგინდება, რომ ბანერის დაზიანებას ადგილი ჰქონდა, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველი მაინც არ არსებობს. შესაბამისი ნორმების ფარგლებში შესაძლებელია მხოლოდ ადმინისტრაციული სანქციის გამოყენება.
ამასთან, სახდელის დაკისრებისას აუცილებელია შეფასდეს, ექცევა თუ არა პოლიტიკოსის ქმედება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში. გამოხატვის თავისუფლება მოიცავს სიმბოლურ ქმედებებსაც. მათ შორის შეიძლება განვიხილოთ ბანერზე წარწერის გაკეთებაც, რაც ქმედების მცირე მნიშვნელობიდან გამომდინარე ვერ ჩაითვლება რომელიმე პოლიტიკური პარტიის უფლებებში ჩარევად.
სისხლის სამართალი გამოიყენება როგორც ultima ratio, უკანასკნელი საშუალება, და მხოლოდ მაშინ, როდესაც სხვა, უფრო მსუბუქი სამართლებრივი რეაგირება (მაგალითად, ადმინისტრაციული სანქცია) არ არის საკმარისი. ამ პრინციპის იგნორირება ნიშნავს სისხლის სამართლის პოლიტიზაციას და მისი ფუნქციის ფუნდამენტურ დეფორმაციას. მოცემულ შემთხვევაში, ქმედების შინაარსისა და შედეგის გათვალისწინებით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამოყენება თეორიულადაც დაუსაბუთებელია.
ამიტომ ის გადაწყვეტილება, რომელიც მოსამართლე გიორგი არევაძემ გამოიტანა არის აშკარად უკანონო და პოლიტიკური მართლმაჯულების კიდევ ერთი ნიშანი.
ცხადია, რომ ამ საქმეს პირველ რიგში პოლიტიკური განზომიელბა აქვს. პოლიტიკოსების დასჯა პოლიტიკური ქმედებისთვის მის პოლიტიკურ დევნასა და რეპრესიაზე მიუთითებს. პოლიტიკურ სისტემაში, სადაც სამართლებრივი ინსტრუმენტები გამოიყენება კონკრეტული პოლიტიკური ფიგურების დევნისთვის, სამართლის სისტემას ბუნებას უცვლის და მას პოლიტიკური კონტროლის და დასჯის მექანიზმად, სასამართლოს კი დომინანტური პარტიის ნების ბრმა შემსრულებლად აქცევს. ასეთ პირობებში მართლმსაჯულება კარგავს დამოუკიდებლობის მინიმალურ სტანდარტსაც კი.
თუმცა, შეუძლებელია ამ საკითხზე არ ვილაპარაკოთ მორალური გადმოსახედიდან. ქალი პოლიტიკოსის მიმართ, რომელსაც ოთხი შვილი ჰყავს და რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და რომელიც მათ შორის, შესაძლოა წლების განმავლობაში მიღებულ პოლიტიკურ სტრესთანაც იყოს დაკავშირებული, ასეთი გადაწყვეტილების მიღება არის უკიდურესად ამორალური. არც ერთ წინა პოლიტიკურ რეჟიმს ქალების მიმართ ასეთი ამორალური გადაწყვეტილებები არ მიუღია, როგორც ამას ოჯახის დამცველად თვითმონიშნული, სრულიად კაცებისგან დაკომპლექტებული “ქართული ოცნების” ლიდერშიპი აკეთებს.
მხნეობა და გამძლეობა ელენე ხოშტარიას, რომელიც საკუთარი სხეულით ეწირება “ქართული ოცნების” რეჟიმთან ბრძოლას და ამის ნახვა ძალიან მძიმეა ბევრი მოქალაქისთვის მიუხედავად იმისა, მის პოლიტიკურ მოსაზრებებს ის ეთანხმება, თუ არა.”

პარტია “ალდეს” განცხადება: “ვგმობთ „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ გამოტანილ 1.5-წლიან განაჩენს, რაც სრულიად არაპროპორციულია მის დანაშაულთან, რომელიც გამოხატვის თავისუფლების გამოყენებასა და საქართველოსთვის პროევროპული მომავლისკენ სწრაფვას წარმოადგენს. ჩვენ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ და მისი და სხვა დემოკრატიული ოპოზიციის ლიდერებისა და აქტივისტების წინააღმდეგ წაყენებული პოლიტიკურად მოტივირებული ყველა ბრალდების მოხსნას მოვითხოვთ. ასევე, მოვითხოვთ დამატებითი მიზნობრივი სანქციების დაწესებას. ქართველებო, თქვენ მარტო არ ხართ!“