ე.წ. ახალი პრეზიდენტი, ახალი (ძველი) აეროპორტი და "ჯადოქრებზე" ნადირობა: სამი მნიშვნელოვანი მოვლენა აფხაზეთში 2025 წელს
დაგვიანებით ვაკვირდებით გასულ წელს.
ჩვენ შევარჩიეთ სამი მნიშვნელოვანი სოციალურ-პოლიტიკური მოვლენა, რომლებიც 2025 წელს აფხაზეთში მოხდა.
ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები
ე.წ. პრეზიდენტის ვადამდელი გადადგომა და შესაბამისად, ვადამდელი არჩევნები, აფხაზეთში პოპულარულ ტრადიციად იქცა – ზედიზედ სამმა ე.წ. პრეზიდენტმა თანამდებობა ამ სცენარით დატოვა: ალექსანდრ ანქვაბი (2014), რაულ ხაჯიმბა (2020) და ასლან ბჟანია (2024).
გადადგომისთანავე, ბჟანიამ განაცხადა, რომ 2025 წლის დასაწყისში ახალ არჩევნებში იყრიდა კენჭს. თუმცა, ეს იდეა ყველას არ მოეწონა, მათ შორის არც მის უახლოეს მოკავშირეებს. ისინი მიხვდნენ, რომ ყოფილმა ე.წ. პრეზიდენტმა ზედმეტად დისკრედიტაცია მოახდინა და გუნდის სხვა წევრზე, ვიცე-პრეზიდენტ ბადრა გუნბაზე დადეს ფსონი.
აქ მთავრდება ანალოგიები წარსულთან.
მიუხედავად იმისა, რომ წინა ვადამდელ არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატებმა გაიმარჯვეს, 2025 წლის მარტში გამარჯვება ბადრა გუნბამ მოიპოვა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აფხაზეთში ხელისუფლებაში რეალური ცვლილება არ მომხდარა; მხოლოდ მისი ხელმძღვანელი პირის ცვლილება მოხდა.
ადგილობრივი ექსპერტები ამას “რუსულ ფაქტორს“ მიაწერენ.
წინა წლებში მოსკოვი არც ერთ კონკრეტულ კანდიდატს არ უჭერდა მხარს, რადგან ესმოდა, რომ ვინც არ უნდა გამხდარიყო აფხაზეთის პრეზიდენტი, მაინც რუსეთის ერთგული იქნებოდა.
თუმცა, 2025 წლის არჩევნებში კრემლმა ფავორიტად ბადრა გუნბა აირჩია, რითაც მას უპრეცედენტო მხარდაჭერა მოუტანა. მეორე მხრივ, მისი მთავარი ოპონენტი, ოპოზიციონერი ადგურ არძინბა, რუსული მედიის მხრიდან შევიწროების კამპანიის მსხვერპლი გახდა, რომელმაც ის პრო-თურქულ განწყობებში დაადანაშაულა.
საბოლოო ჯამში, გუნბამ მეორე ტურში ხმების 53% მოიპოვა და ე.წ. პრეზიდენტი გახდა.
“ანტირუსულ ძალებზე“ ნადირობა
ე.წ. ყოფილ პრეზიდენტ ასლან ბჟანიას გაუჩნდა იდეა, რომ აფხაზეთს აუცილებლად სჭირდება შიდა მტერი გარკვეული “ანტირუსული ძალების“ სახით.
ბჟანიამ ეს “ბოგიმენი“ პრეზიდენტობის მესამე წელს მოიფიქრა, როდესაც გააცნობიერა, რომ მისი რეიტინგი სწრაფად მცირდებოდა.
თავიდან, “ანტირუსული ძალების“ ლეგენდა გამოიყენებოდა რუსული მხარისთვის ხელსაყრელი, მაგრამ აფხაზურ საზოგადოებაში უკიდურესად არაპოპულარული კანონების გასატარებლად.
გარდა ამისა, ასლან ბჟანიამ აქტიურად დაიწყო კრემლის დარწმუნება, რომ ის, და მხოლოდ ის, იყო რუსეთის დასაყრდენი აფხაზეთში, მაშინ როდესაც მისი ყველა ოპონენტი დასავლეთისა და თურქეთის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა.
როგორც ჩანს, ის საკმაოდ დამაჯერებლად ჟღერდა, რადგან ბჟანიას გადადგომის შემდეგაც კი კრემლმა განაგრძო “ჯადოქრებზე ნადირობა“, რის შედეგადაც ორ აფხაზ ოპოზიციონერს ჩამოერთვა რუსეთის მოქალაქეობა, ხოლო სამი ჟურნალისტი რუსეთის იუსტიციის სამინისტროს უცხოელი აგენტების რეესტრში შეიყვანეს.
ეს ამბავი საბოლოოდ (ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით) აფხაზეთის ახალმა კრემლის კურატორმა, სერგეი კირიენკომ გადაწყვიტა: მან განაცხადა, რომ აფხაზეთში ანტირუსული ძალები არ არსებობენ.
ბადრა გუნბამ მოგვიანებით გაიმეორა ეს აზრი.
სოხუმის აეროპორტის გახსნა
2025 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოვლენა სოხუმის აეროპორტის ხელახლა გახსნა იყო.
სოხუმის აეროპორტი აფხაზეთის ომის დასრულების შემდეგ უმოქმედო იყო. იმ დროს, საქართველოს მთავრობის მოთხოვნით, მისი საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO) ლიცენზია გაუქმდა, რამაც ფაქტობრივად საერთაშორისო ფრენები აიკრძალა.
ამის მიუხედავად, აფხაზეთმა და რუსეთმა აეროპორტის აღდგენის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს და 2025 წლის 1 მაისს მოსკოვიდან პირველი დაგეგმილი რეისი სოხუმში დაეშვა.
ისევ და ისევ, ლიცენზიის არარსებობის გამო, საჰაერო მიმოსვლა მხოლოდ რუსეთთან არის შესაძლებელი. თუმცა, რუსეთიც კი ერიდება წესების ღიად დარღვევას. ამიტომ, სოხუმში მხოლოდ შიდა რეისებზე სპეციალიზირებული მცირე რუსული ავიაკომპანიები დაფრინავენ, რომლებიც საერთაშორისო სანქციების მიმართ იმუნურია.
მოსალოდნელია, რომ რუსეთთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა აფხაზეთში მეტ ტურისტს მიიზიდავს და, შესაბამისად, სოხუმის ბიუჯეტის შევსებას შეუწყობს ხელს. თუმცა, ფაქტობრივი შემოსავლები ამჟამად გაცილებით დაბალია, ვიდრე გამოცხადდა.