საქართველოს საგარეო უწყება გმობს დრონებით თავდასხმას აზერბაიჯანზე
გაზიარება
გაზიარება
დრონებით თავდასხმა აზერბაიჯანზე
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო დრონებით განხორციელებული თავდასხმა აზერბაიჯანის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაზე, რომლის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა, თუმცა უწყებას ოფიციალურ განცხადებაში არ უხსენებია ირანი – ქვეყანა, რომელსაც თავდასხმაში თავად აზერბაიჯანი ადანაშაულებს.
ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მაკა ბოჭორიშვილმა სატელეფონო საუბარი გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან. მათი თქმით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოხატა ღრმა შეშფოთება აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით განხორციელებულ შეტევასთან დაკავშირებით, რომლის შედეგადაც დაშავდა რამდენიმე მოქალაქე.
უწყების განცხადებით, თბილისი მიუღებლად მიიჩნევს ნებისმიერ ქმედებას, რომელიც საერთაშორისო სამართლის პრინციპებს არღვევს და რეგიონში დაძაბულობის ესკალაციას უწყობს ხელს. სამინისტრო ასევე ხაზს უსვამს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის “მტკიცე მეგობრობასა და სტრატეგიულ პარტნიორობას“ და აცხადებს, რომ საქართველო სოლიდარობას უცხადებს “მოძმე აზერბაიჯანს ამ რთულ ვითარებაში“.
ინციდენტი 5 მარტის დილას მოხდა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, დრონებით იერიში მიიტანეს ნახიჩევანის აეროპორტზე. გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე უპილოტო აპარატი სხვა ლოკაციებზეც ჩამოვარდა, მათ შორის ერთ-ერთ სკოლასთან ახლოს.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. უწყებამ მომხდარი შეაფასა როგორც ქმედება, რომელიც “ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს და ხელს უწყობს რეგიონში დაძაბულობის ზრდას“.
ბაქომ ასევე განაცხადა, რომ იტოვებს უფლებას, მიიღოს “შესაბამისი საპასუხო ზომები“.
აზერბაიჯანის ხელისუფლება თავდასხმაში ირანს ადანაშაულებს, თუმცა თეირანმა ბრალდება უარყო. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ირანი “მეზობელ ქვეყნებს თავს არ ესხმის“.