რუსეთში "დოჟდის“ ჟურნალისტს ასამართლებენ ფრაზისთვის: "საქართველოს 20% ოკუპირებულია“
გაზიარება
გაზიარება
“დოჟდის“ ჟურნალისტს ასამართლებენ
ტელეკომპანია “დოჟდის” ჟურნალისტს ასამართლებენ სიტყვებისთვის: “საქართველოს 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული.
მოსკოვის ტაგანსკის რაიონულმა სასამართლომ ტელეკომპანია “დოჟდის“ რედაქტორის, ვალერია კიჩიგინას წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის განხილვა დაიწყო. საქმეს თავად ტელეკომპანია პრეცედენტულად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ეს არის პირველი სისხლის სამართლის პროცესი რუსეთის არმიის შესახებ ე.წ. “ფეიკ ნიუსების“ კანონით, რომელიც პირდაპირ არ უკავშირდება უკრაინაში მიმდინარე ომს.
ვალერია კიჩიგინა
საქმე ორ ეპიზოდს მოიცავს. ერთ-ერთი კიჩიგინას მიერ Instagram-ზე გამოქვეყნებულ პოსტს ეხება, სადაც ჟურნალისტი 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომზე წერს, მეორე კი მისი კოლეგის, დმიტრი კოლეზევის სტატიის რეპოსტია.
საქმის მასალების მიხედვით, გამოძიება ჯერ კიდევ 2023 წლის აგვისტოში, უფაში დაიწყო. ყურადღება მიიქცია პოსტმა, რომელიც საქართველოს ომის წლისთავს ეძღვნებოდა და სადაც კიჩიგინა წერდა, რომ “საქართველოს ტერიტორიის 20% უკვე 15 წელია რუსეთის მიერ არის ოკუპირებული“. იმ პერიოდში ჟურნალისტი რუსეთში იმყოფებოდა და ქვეყანა მხოლოდ ორი კვირის შემდეგ დატოვა, თუმცა საზღვარზე არ დაუკითხავთ.
სისხლის სამართლის საქმე ოფიციალურად 2024 წლის ნოემბერში აღიძრა, ხოლო 2025 წლის იანვარში სამართალდამცავებმა მისი საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკეს. მარტში კიჩიგინა დაუსწრებლად დააკავეს და მასზე ძებნა გამოცხადდა.
გამოძიება ამტკიცებს, რომ ჟურნალისტის ქმედებებმა “შეარყია რუსეთის შეიარაღებული ძალების ავტორიტეტი, დისკრედიტაცია გაუკეთა მათ საზოგადოებრივ აღქმას და მოქალაქეებში გამოიწვია შფოთვა, შიში და სახელმწიფოსგან დაუცველობის განცდა“.
თავად კიჩიგინა მიიჩნევს, რომ საქმე მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება. მისი თქმით, დევნა რეალურად ბაიმაკის საქმისა და სხვა მგრძნობიარე თემების გაშუქებას მოჰყვა.
“თუ ეს პოსტი 2023 წელს აღმოაჩინეს და მთელი ეს დრო ჩემს გვერდზე იდო, რატომ არ დაიწყეს გამოძიება მაშინვე? რატომ – წელიწად-ნახევრის შემდეგ და თანაც უფაში? მე მოსკოვში ვარ რეგისტრირებული და 2015 წლიდან უფაში აღარ ვცხოვრობ. გამომძიებელი აშკარად ცდილობდა ჩემზე რაიმე ეპოვა და საქართველოს ომის გარდა ვერაფერი მოძებნა“, — უთხრა კიჩიგინამ “დოჟდს“.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ჟურნალისტს რუსეთის არმიის შესახებ “ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის“ ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, თუმცა ის რუსეთში აღარ ცხოვრობს.