ჟურნალისტი და მარიხუანა
ჩეჩნეთში დიდი სკანდალი აგორდა. ჟურნალისტ ჟალაუდი გერიევს მარიხუანის შენახვისთვის სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. იგი ამ სასჯელს კოლონიაში მოიხდის. თუმცა, თავად გერიევი, მისი კოლეგები, ოჯახი და ყველა მსხვილი საერთაშორისო ჟურნალისტური და უფლებადამცველი ორგანიზაციის თანამშრომლები დარწმუნებულნი არიან, რომ მას ნარკოტიკები ჩაუდეს.
“ეჭვი არ გვეპარება, რომ ამ გზით აპირებენ შური იძიონ გერიევზე – მისი ჟურნალისტური საქმიანობის გამო. ბოლო წინასაარჩევნო წელს [ჩეჩნეთში] სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა განსაკუთრებით გაძლიერდა და გერიევი ერთ-ერთია იმ ადამიანებს შორის, რომლებიც რეპრესიების მარწუხებში მოექცნენ,” – აცხადებს Human Rights Watch-ის პროგრამული დირექტორი რუსეთში, ტატიანა ლოკშინა.
ჟალაუდი გერიევი მხოლოდ 23 წლისაა, მაგრამ, უკვე რამდენიმე წელია, რაც აქტიურად ეწევა ჟურნალისტურ საქმიანობას. იგი საინფორმაციო სააგენტო “კავკაზსკი უზელის” კორესპონდენტია. იგი აპრილში დააკავეს – უბრალოდ გადმოათრიეს მიკროავტობუსიდან, რომლითაც იგი გროზნოს აეროპორტში უნდა მისულიყო. გერიევი მოსკოვში აპირებდა ჩასვლას, სადაც ჟურნალისტურ სემინარს უნდა დასწრებოდა.
“თავში ჩამარტყეს და მანქანაში შემაგდეს. შემდეგ ორივე ტელეფონი და ზურგჩანთა წამართვეს, რომელშიც ჩემი პასპორტი და ნოუთბუქი იდო. ამის შემდეგ კი სოფელ ცოცინ-იურტის მახლობლად, ტყეში წამიყვანეს,” – გამოძიების პროცესში და სასამართლოზე ჟალაუდიმ მრავალჯერ გაიხსენა ის ყველაფერი, რაც იმ დილით შეემთხვა.
ტყეში საკმაოდ უცნაური დიალოგი წარიმართა. ჟალაუდის ჰკითხეს, თუ რას საქმიანობდა და აპირებდა თუ არა სირიაში გამგზავრებას.
დაახლოებით ნახევარ საათში მათ შორიახლოს გაჩერდა კიდევ ერთი მანქანა, რომლიდანაც ვიღაც მამაკაცი გადმოვიდა. მან მოსვლისთანავე ჟურნალისტს პოლიეთილენის პარკი გადააფარა თავზე და მხოლოდ მაშინ მოაშორა, როდესაც ჟალაუდის სუნთქვა აღარ შეეძლო. მთელი ამ დროის განმავლობაში გერიევს ხელები მავთულით ჰქონდა შეკრული.
ამის შემდეგ ის ადამიანი წავიდა და თან გერიევის ზურგჩანთა წაიღო. თავად ჟალაუდი კი სოფელ კურჩალოის განაპირას მდებარე სასაფლაოზე წაიყვანეს. პოლიციის ოქმში ჟურნალისტის დაკავების ადგილად სწორედ ეს ადგილია მითითებული. ამასთან, იმავე დოკუმენტში აღნიშნულია, რომ გერიევის ზურგჩანთაში მარიხუანა აღმოჩნდა.
გამოძიების დასაწყისში გერიევმა ხელი მოაწერა იმას, რის დადასტურებასაც მოითხოვდნენ მისგან, მაგრამ მოგვიანებით თავისი “აღიარებითი ჩვენება” უარყო. “მორალური შოკი მივიღე. გამოძიების პერიოდში ჩვენებას ზეწოლისა და მუქარის პირობებში ვიძლეოდი და ამიტომ სრულიად ვემიჯნები იმას, რაც აქ წერია. დანაშაულს არ ვაღიარებ!” – ასეთი განცხადებით გამოდიოდა ჟელაუდი გერიევი 16 ივლისს და ამ დღის შემდეგ გამართულ ყველა სასამართლო პროცესზე.
“ბრალმდებელი ამტკიცებს, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა ერ კიდევ აგვისტოში დაკრიფა კანაფის ფოთლები, გაახმო და მოსახმარად მოამზადა… 16 აპრილს, დილის 8 საათზე “მოხმარება” გადაწყვიტა…და ამისათვის მივიდა სოფლის ბოლოში მდებარე სასაფლაოზე?” – ასე მოუწოდებდა ადვოკატი ალაუდი მუსაევი სასამართლოს გონიერებისკენო, – წერს “კავკაზსკი უზელი”.
საგამოძიებო მოქმედებები დაახლოებით ოთხი თვის განმავლობაში გრძელდებოდა, მაგრამ უფლებადამცველები – კერძოდ კი Front Line Defenders, Human Rights Watch, ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი და Article 19 – მიიჩნევენ, რომ ეს გამოძიება, რბილად რო ვთქვათ, არადამაკმაყოფილებელია.
“Front Line Defenders” რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებას ჟალაუდი გერიევის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ, განაჩენის გაუქმებისკენ და ჟურნალისტისთვის წართმეული ნივთების დაბრუნებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული საგნები აშკარად არ არის დაკავშირებული რაიმე სახის დანაშაულებრივ ქმედებასთან. ორგანიზაცია მოითხოვს იმის გარანტიას, რომ რუს უფლებადამცველებს ყველა შეთხვევაში ექნებათ კანონიერი პროფესიული საქმიანობის განხორციელების საშუალება ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე. მიგვაჩნია, რომ ამ საკითხზე მომუშავე უფლებადამცველებს არ უნდა ჰქონდეთ რეპრესიების შიში და მათ წინააღმდეგ საართლებრივი დევნა არ უნდა ხორციელდებოდეს,”- ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
გერიევის მეგობრებისგან შემდგარმა საინიციატივო ჯგუფმა სამოქალაქო პლატფორმა Change.org-ზე გამოაქვეყნა პეტიცია, რომლითაც მისი ავტორები ჟურნალისტის საქმესთან დაკავშირებით მიკერძოებულ სასამართლო პროცესს ითხოვენ. ამ მომენტისთვის პეტიციას 473 ადამიანი აწერს ხელს.
გამოქვეყნებულია: 14.09.2016