საქართველოში სულ უფრო მეტი ჟურნალისტი ხდება იძულებული პროფესია შეიცვალოს. აქ რამდენიმე ასეთი ისტორიაა
ჟურნალისტები, რომლებმაც პროფესია შეიცვალეს
ბოლო რამდენიმე წელიწადია, მმართველი პარტია “ქართული ოცნება” ყველა გზით ცდილობს ჩაახშოს დამოუკიდებელი მედია საქართველოში და ამისთვის ყველა მეთოდს იყენებს – დაფინანსების გზების გადაკეტვიდან ჟურნალისტების დაჭერა-დაჯარიმებამდე.
გასულ წელს, მაგალითად, ხუთი ისეთი საკანონმდებლო ცვლილება მიიღეს, რომელმაც შეუძლებელი გახადა დამოუკიდებელი მედიის უცხოური დაფინანსება. ახლა კიდევ ერთი ცვლილებას განიხილავენ, რის მიღების შემდეგაც, უცხოურ ფონდებთან ნებისმიერი თანამშრომლობა, მთავრობის ნებართვის გარეშე, სისხლის სამართლის დანაშაული გახდება.
- საქართველოში ბოლო ექვს თვეში მიღებული ხუთი კანონი, რომელიც მედიის საქმიანობას ზღუდავს
- საქართველო: “ქართული ოცნება“ თავს ესხმის და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით ემუქრება ონლაინ მედიას
- საქართველოში ერთ წელიწადში მედიაზე 600 თავდასხმა მოხდა – RSF უპრეცედენტო მასშტაბის რეპრესიებზე წერს
ჟურნალისტებს ისევე იჭერენ და აჯარიმებენ ქუჩაში, პროტესტის გაშუქებისას, როგორც აქციის მონაწილეებს. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, გვყავს პირველი სინდისის პატიმარი, ჟურნალისტი ქალი მზია ამაღლობელი. მას ორწლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი ბათუმის პოლიციის უფროსისთვის სილის გაწვნის ფაქტზე.
დაიხურა ერთ-ერთი, გავლენიანი ოპოზიციური ტელევიზია “მთავარი არხი” და არაერთი რეგიონული მედიასაშუალება. ვინც ჯერ არ დახურულა, მძიმე ფინანსურ კრიზისშია.
ბოლო წლებში ბევრი ჟურნალისტი იძულებული გახდა სამსახურიდან და პროფესიიდან წასულიყო. ბევრი წავიდა ემიგრაციაში.
ამ სტატიაში იმ ჟურნალისტების ამბებია თავმოყრილი, რომლებიც იძულებული გახდნენ სრულიად ახალი, მათთვის უცნობი საქმე დაეწყოთ.
ნინო შურღაიას “კერა” – ჟურნალისტიკიდან ინტერიერის დიზაინში

ჩემი ჟურნალისტური კარიერა 18 წლის ასაკიდან იწყება. მე-9 კლასიდან სკოლიდან გამოვედი და ოშხნელის კოლეჯში [თსუ-ს მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯი_JAMnews] ჩავაბარე. მერე უნივერსიტეტში, მეორე კურსიდან მივედი პრაქტიკაზე „რუსთავი 2-ში“ და დავრჩი და დავრჩი.
ყველა არხზე მაქვს ნამუშევარი – „რუსთავი 2″, “პირველი არხი”, „იმედი”, “ფორმულა”. თავიდან სულ ახალ ამბებში ვიყავი, ამით ვსუნთქავდი. ყველა თემაზე მიმუშავია, სპორტზეც კი.
ბოლო ჟურნალისტური სამსახური ტელეკომპანია „ფორმულა“ იყო. ვმუშაობდი ჯერ ვებგვერდზე, საარჩევნო პერიოდში, ტოქ-შოუს პროდიუსერი ვიყავი და ბოლოს, გადაცემა „შაბათის ფორმულაში“ გადავედი, საგამოძიებო რეპორტიორად.
მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთულ პირობებში ვმუშაობდით – დაგვდევდნენ, გვლანძღავდნენ, გვაფურთხებდნენ, გვემუქრებოდნენ, ეს არ მაშინებდა, მიჩვეული ვიყავი. არც კი დამიშვია, რომ რამე უნდა შემეცვალა. რატომ უნდა წავსულიყავი პროფესიიდან?
როდესაც ტელეკომპანიაში კრიზისი დაიწყო და ხელფასების გადახდა გვიანდებოდა, ფინანსურ პრობლემებს ვეღარ ვუმკლავდებოდი – ბანკის ვალს ვეღარ ვიხდიდი, სამსახურში წასასვლელი ფულიც აღარ მქონდა.
ვიდრე ვიცოდით, როდის ჩაირიცხებოდა, ვსესხულობდი და დათქმულ დროს ვაბრუნებდი. მაგრამ, როცა ტელეკომპანიას უკვე ისეთი პრობლემები შეუქმნეს, რომ ვერც გვირიცხავდნენ და ვერც გვეუბნებოდნენ, როდის ჩაგვერიცხებოდა, თანხის სესხებაც აღარ შემეძლო. მერჩივნა წამოვსულიყავი.
თავიდან ოპტიმისტურად ვიყავი. მეგონა ჩემი გამოცდილებით დავიწყებდი სამსახურს სადმე „პიარში“. ყველგან მიღიმოდნენ – ვაიმე, როგორი კადრი ხარ, ჩვენთვის პატივია. მაგრამ, არავინ მირეკავდა. მივხვდი, რომ აზრი არ ჰქონდა, არ მიმიღებდნენ, დაბლოკილი ვიყავი.
ვიდრე მივხვდი, რომ სხვა პროფესია უნდა მეძებნა, დეპრესიული გავხდი. მაგრამ, ამის ფუფუნებაც არ მქონდა, ამიტომ, ჩემი ბინა, სადაც ვცხოვრობდი, გავაქირავე, გადავედი ჩემს ოჯახთან და დავიწყე საზღვარგარეთ წასვლაზე ფიქრი.
რა უნდა აკეთო ემიგრაციაში? – ან უნდა მოუარო მოხუცს, ან უნდა დაალაგო სახლი. მე ჯანმრთელობა არ მიწყობს ხელს. ამიტომ, ვიფიქრე, რომ მოდი, ვისწავლი ფრჩხილების მოწესრიგებას.
ვისწავლე. რაღაც პერიოდი სალონში ვიმუშავე, მათ შორის, მენეჯმენტშიც. ჩემი ბინა პირველ სართულზეა და ვიფიქრე, რომ ემიგრაციას ჯობდა სალონი გამეხსნა. ამასობაში, არჩევნები მოვიდა. დარჩა ეს ხელისუფლება და მივხვდი, რომ აქ აღარაფერი გამოვიდოდა.
მაშინ უკვე ვიცოდი, რომ მხოლოდ ბინის გაქირავებით ვერ გადავრჩებოდი. დარბევები რომ დაიწყეს, ტურისტებიც აღარ ჩამოდიოდნენ. მეკითხებოდნენ – ლანჩზე რომ გავიდეთ, უსაფრთხოა? კი, ვწერდი, რომ ჩვენთან ომი არ არის, მაგრამ, რეალურად ასე იყო – უბრალოდ მრცხვენოდა თქმა, რომ საკუთარი ხელისუფლება გვეომებოდა.
მართლა ძალიან სასოწარკვეთილი ვიყავი.
დიდხანს ვიფიქრე, რა შეიძლებოდა გამეკეთებინა. არც კი წარმომედგინა თუ შეიძლებოდა ყოფილიყო რამე, ჟურნალისტიკის მიღმა. ისეთი რამ მინდოდა, რაც სიამოვნებას მომანიჭებდა და ამ სტრესულ გარემოში უარესად არ დავიტანჯებოდი. ასე გადავწყვიტე ინტერიერის დიზაინი, რომელიც ჩემი ჰობი იყო, მობილურ აპლიკაციაში ვთამაშობდი ხშირად, ვერთობოდი, პროფესიად ქცევაზე არასოდეს მიფიქრია.
ხუთი თვე ვსწავლობდი, გავიარე ორი კურსი და შევქმენი ჩემი პატარა კომპანია “კერა”. ერთი შეკვეთა უკვე დავასრულე, ჩავაბარე. ახლა ახალზე ვმუშაობ. მაგრამ, ჯერ ისევ, ვინმემ რომ მკითხოს პროფესია, წამომცდება, რომ ჟურნალისტი ვარ.
რადიკალური ცვლილება იყო, ძალიან მტკივნეული. ახლაც კი, როცა ამდენი თვის მერე ვამბობ, რომ მაქვს ახალი პროფესია, წავედი ჩემი საქმიდან, თვითონ ამ წინადადების თქმა – წავედი ჟურნალისტიკიდან – ძალიან მტკივნეულია.
ძალიან მომენატრება ჟურნალისტიკა. არ ვიცი ოდესმე დავბრუნდები თუ არა. რამდენი წლის ვიქნები?! ამხელა წყვეტა მექნება. არა მგონია შევძლო დაბრუნება.
თიკო ფეიქრიშვილის გზა პილატესის ინსტრუქტორობამდე

1993 წლიდან ვარ ჟურნალისტიკაში. იყო ასეთი, პირველი დამოუკიდებელი ტელეკომპანია, „იბერვიზია“. სკოლის დამთავრების წელს, ჯერ კიდევ მოსწავლემ დავიწყე იქ მუშაობა და “მოვიწამლე”. მას შემდეგ, 30 წელი, არცერთი წამით არ შემიწყვეტია ტელევიზიაში მუშაობა.
მერე იყო „იბერია“. 1998 წელს „რუსთავი 2-ში“ მოვხვდი. მუშაობის დაწყებიდან მესამე დღეს შევარდნაძე ააფეთქეს, მერე იყო ჯიხაშკარი [1998 წლის 19 თებერვალს ზუგდიდში, გაეროს სექტორის რამდენიმე წარმომადგენელი ჯიხაშკარში მძევლად აიყვანეს. ეს ქმედება მაშინვე შეფასდა, როგორც ტერაქტი_JAMnews]. მოვითხოვე, რომ მე გავეშვი. მაშინ მივხვდი, რომ ეს იყო ის, რაც მინდოდა – ტყე-ღრეში სიარული, მძაფრი შეგრძნებები.
2003 წელს ტელეკომპანია “იმედზე” გადავედი. ცოტა ხანს იურისტად ვმუშაობდი, იურისტიც ვარ პროფესიით. შემდეგ კვირის ანალიტიკური გადაცემა „დროება“ დაიწყო და იქ ვიმუშავე ბოლო გადაცემამდე, ვიდრე არსებობდა.
ამის შემდეგ იყო სხვადასხვა გადაცემა და პროდიუსინგი “იმედზე”. გადაცემა „რისკ ფაქტორი“, სადაც სოციალური გამოძიებები იყო და ბოლოს „ქალები“ – ჩემი რუბრიკა „იმედის დღეში“. ეს იყო რუბრიკა ქალებზე, – ქალების უფლებები, ძალადობის მსხვერპლი ქალები, ქალები, რომლებმაც თავიდან დაიწყეს ცხოვრება. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ შემეძლო ქალებისთვის მხარდაჭერა გამომეცხადებინა და მეტ-ნაკლებად ამას ვახერხებდი კიდეც.
პირველად რომ დაინიციირდა რუსული კანონი, 2023 წელს, უკვე მქონდა პროტესტი. მაგრამ, კანონის უკან გაწვევის შემდეგ, ისევ დავრჩი. მაგრამ, რასაკვირველია, უკვე თვალნათელი იყო კურსი, რომელიც, როგორც სახელმწიფომ, ისე ამ კომპანიამ ნელ-ნელა შეიცვალა.
უკვე იყო პრობლემებიც. იყო შემთხვევები, როდესაც რესპონდენტები მეუბნებოდნენ – თქვენ კი გენდობით, პატივს გცემთ, მაგრამ, მაგ ტელევიზიაში მოსვლა, ინტერვიუს მოცემა არ გვინდა.
“იმედი” მაღალრეიტინგულია და მიმაჩნდა, რომ იქ ქალების უფლებებზე ლაპარაკი მნიშვნელოვანი იყო. ამიტომ, რაღაცას ვახერხებდი. წამოსვლა ძალიან ადვილია. უფრო რთულია იმ გარემოში ცდილობდე რაღაცის სწორად კეთებას.
მეორედ რომ დაინიციირდა რუსული კანონი, უბრალოდ, აღარ მივედი სამსახურში. იქიდან ვეღარ ვიბრძოლებდი. უკვე ძალიან არასწორი გზა ჰქონდა არჩეული ტელეკომპანიას და მე მას არაფერში აღარ ვეთანხმებოდი.
ეს გადაწყვეტილება უნდა მიმეღო. ძალიან რთული იყო. მაგრამ, უფრო რთული იქნებოდა, ეს რომ არ გამეკეთებინა.
მე დავტოვე სამსახური, მაგრამ არ დამიტოვებია, ჩემი პროფესია. ვერ წარმომიდგენია ვთქვა – ვარ თიკო ფეიქრიშვილი და არ მივაყოლო, რომ ვარ ჟურნალისტი. ეს ძალიან ორგანულია. 30 წლიანი ისტორიაა, ორი წელი ხომ არ არის. ჟურნალისტი ვარ, დღესაც, ქუჩაში რომ გავდივარ, ტელეფონი მიჭირავს და თუკი რამე ხდება, ავტომატურად ვიღებ.
ტელევიზიიდან წამოსვლიდან მალევე, ევროკავშირის დახმარებით დამოუკიდებელი პროექტი გავაკეთე საგამოძიებო ჟურნალისტიკის მიმართულებით. რამდენიმე თვე ვიმუშავე რუსების მიგრაციაზე და გადავიღეთ ფილმი, სტუდია „მუვმენთთან“ ერთად. 2025 წლის იანვარში, USAD-ის დახმარებით, კიდევ ერთი საგამოძიებო პროექტი უნდა გამეკეთებინა, მაგრამ, პროგრამა დაიხურა. მივხვდი, რომ ამ პროფესიაში რის გაკეთებაც მინდოდა, უახლოეს პერიოდში აღარ გამოვიდოდა.
შემდეგ იყო რამდენიმე კერძო კომპანიასთან კომუნიკაცია, ვისთანაც ვფიქრობდი, რომ შევძლებდი მუშაობას. მაშინ ძალიან რთული პერიოდი იყო, დღე და ღამე რუსთაველზე ვიდექი. მივხვდი, რომ ადამიანები ერიდებოდნენ ასეთი კადრის სამსახურში აყვანას.
მერე იყო პილატესი. პილატესი წლებია არსებობს ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ, არასოდეს მიფიქრია, რომ ეს ჩემთვის საქმე გახდებოდა.
ერთ დღეს, სრულიად შემთხვევით, სოციალურ ქსელში წავაწყდი ინფორმაციას, რომ ამზადებდნენ ინსტრუქტორებს. თავიდან არ მივაქციე ყურადღება, მერე დავფიქრდი, რომ მგონი რაღაც კარგი ხდება და ძალიან მყისიერად მივიღე გადაწყვეტილება.
გავიარე სამთვიანი კურსი, უკვე როგორც ინსტრუქტორმა და გავაკეთე ჩემი სტუდია – “Studio Balance”, ძალიან დაფიქრებულად და მიზანმიმართულად.
სიახლეებს, ცხადია, ღელვა ახლავს. მე თავიდან უფრო მაქვს ხოლმე, მერე, როცა ვიწყებ, უკვე ჩემს სტიქიაში ვარ. აქაც ასე დამემართა. როდესაც ვუთხარი – “გამარჯობა, ვიწყებთ”, მერე აღარ მიღელვია.
მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არის რაღაცის თავიდან დაწყება, ნოლიდან. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, წელიწადნახევარი აბსოლუტურად არსად არ მიმუშავია.
მაგრამ, შიში არ მქონია. თითქოს ჩემს სამყაროს ვიქმნი. კომფორტულად ვარ, ნამდვილად. რა თქმა უნდა, მერჩივნა, რომ ეს ბოლო ორი წელი არ ყოფილიყო ჩემს ქვეყანაში. იყოს ისეთი გარემო, ისეთი პლატფორმა, სადაც ჩემი პროფესიით ვიმუშავებ. რასაკვირველია, ეს ყველაფერს მირჩევნია დედამიწაზე.
მაგრამ ახლა ანადგურებენ ამ პროფესიას. მე ყველა ხელისუფლების დროს ვმუშაობდი და ასეთი მძიმე გარემო, არასოდეს ყოფილა. ახლა როგორმე უნდა გადავრჩეთ. მაგრამ, გადავრჩებით. მე დაველოდები და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ისევ ჩემი პროფესიით გავაგრძელო.
ნათია ქოქოსაძის “ცელესტია” და დიდი მარკეტინგული გამოწვევები

12 წელი ვმუშაობდი ჟურნალისტად, 2014 წლიდან. თავდაპირველად “რუსთავი 2-ში” მივედი, პროდიუსერი ვიყავი ეკა კვესიტაძის ტოქ-შოუ “განსხვავებულ აქცენტებში” და გიორგი გაბუნიას გადაცემა “არჩევნებში”. წინასაარჩევნო პერიოდში სიუჟეტებსაც ვამზადებდი, რეგიონებში დავდიოდი, ქუჩის გამოკითხვებზე. შემდეგ, ბოლო წლებში, შუადღის გადაცემაში ევროკავშირის გრანტით კეთდებოდა რუბრიკა, ევროკავშირის დაფინანსებაზე საქართველოში და ისტორიებს ვამზადებდი, მეწარმეებზე, დაფინანსებულ პროექტებზე.
2019 წლის აგვისტოში, როდესაც “რუსთავი 2-ს”, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მენეჯმენტი შეეცვალა, მეც ერთ-ერთი ვიყავი მათ შორის, ვინც არხი დატოვა.
კრიტიკული და დამოუკიდებელი მედია საქართველოში სულ იყო ხელისუფლების სამიზნე. განსაკუთრებით, ტელე მედია, რომლის ხელში ჩაგდებას ყოველთვის ყველა ხელისუფლება ცდილობდა.
“რუსთავი 2-ში” მფლობელის შეცვლის შემდეგ, ეს არხი პროსამთავრობო გახდა. იქ საკადრო წმენდა დაიწყო. არხიდან წასული თანამშრომლების ნაწილმა, “რუსთავი 2-ის” ყოფილი დირექტორის ხელმძღვანელობით, ახალი ტელევიზია – “მთავარი არხი” დააფუძნეს.
ეს არხი ბიძინა ივანიშვილისა და “ქართული ოცნების” განსაკუთრებული კრიტიკით გამოირჩეოდა და ის მალევე გახდა ხელისუფლების სამიზნე. არსებობის მე-5 წელს, 2024 წლის დეკემბერში, არხის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ბიზნესმენმა ზაზა ოქუაშვილმა არხისთვის ფინანსური პრობლემების შექმნა დაიწყო. 2025 წლის 1 მაისიდან “მთავარმა არხმა” მაუწყებლობა შეწყვიტა.
მერე იყო “მთავარი არხი”, რომელიც “რუსთავი 2-დან” წასულმა ადამიანებმა შევქმენით რეკორდულად მოკლე დროში, 18 დღეში. “მთავარ არხზე” ახალ ამბებში გადავინაცვლე. თავიდან რეპორტიორი ვიყავი, შემდეგ ახალი ამბების წამყვანად გადამიყვანეს. ჯერ იყო დილის საინფორმაციო გამოშვება, შემდეგ დღის გამოშვებები. ბოლოს, დახურვამდე ორი თვით ადრე ტოქ-შოუს წამყვანობასაც ვითავსებდი – “დღის სტუმარი”, ასეთი გადაცემა იყო, დღის მთავარ პოლიტიკურ ამბებს მიმოიხილავდა.
2025 წლის გაზაფხულიდან, როდესაც “მთავარი არხი” დაიხურა, ისევ უმუშევარი დავრჩი. იმ პერიოდში იყო შემოთავაზებები სხვა ოპოზიციური არხებიდან, მაგრამ, ემოციურად იმდენად მძიმედ ვიყავი, რაღაც პერიოდი დისტანცირება მინდოდა.
ძალიან მძიმე იყო ემოციურად, – შეგრძნება იყო, რომ ხარ უმოქმედო და არაფერი შეგიძლია. მითუმეტეს, რომ მაშინ ჟურნალისტები უკვე ბრძოლაში ვიყავით და ასევე, „მთავარი არხი“ არ იყო მხოლოდ სამსახური, ის ჩვენ შევქმენით, თითოეულმა თანამშრომელმა.
რაღაც პერიოდი უმუშევარი ვიყავი, მაგრამ, დიდხანს ასე ყოფნის ფუფუნება არ მქონდა. ამიტომ, მალევე ვცადე ახალ რეალობას მოვრგებოდი.
დავიწყე ფიქრი რა შეიძლებოდა გამეკეთებინა. ყოველთვის მინდოდა, რომ მქონოდა ჩემი სამკაულების ხაზი და პირველივე, ვიფიქრე, რომ მოდი, ამას დავიწყებ. ასე გაჩნდა ჩემი პატარა ბრენდი „ცელესტია“ – ვერცხლის სამკაულების ონლაინ მაღაზია. ეს არის იმპორტირებული სამკაულები თურქეთიდან და იტალიიდან. და, ძალიან მცირე ნაწილი, რამდენიმე მოდელი, ჩემი დიზაინით შექმნილი, ადგილობრივი იუველირების დამზადებული.
თავდაპირველად ყველაფერს მარტო ვაკეთებდი – შეკვეთებსაც მე ვიღებდი, მომარაგება და მიწოდებაც ჩემი მოსაგვარებელი იყო. ახლა მყავს სოციალური მედიის მენეჯერი. და გეგმაშია აბრეშუმის შარფების ხაზის დამატება, რომელიც იქნება ჩემი დიზაინი, ადგილზე წარმოებული.
ეს ძალიან პატარა ბიზნესია. ამით ვერ იცხოვრებ. ამიტომ, მაქვს მეორე სამსახური, მაღაზია “ტრენდული სახლის” მარკეტინგი. ეს არის დიდი, ქსელური მაღაზია, სადაც იყიდება საყოფაცხოვრებო ნივთები, ავეჯი, ტექსტილი, ჭურჭელი, დეკორი, ტექნიკა. გვაქვს საბავშვო სივრცეც.
არ არის მარტივი – ბრენდის იმიჯზე ზრუნვა, მომხმარებლის ქცევის შესწავლა, კონტენტის დაგეგმვა და შექმნა, შოურუმების განახლება, დიზაინზე ფიქრი – ამ ყველაფერს მე ვაკეთებ.
სამი – ოთხი თვეა, რაც აქ ვარ და ახლაც სწავლის პროცესში ვარ. მუდმივად ვცდილობ, რომ ყველაფერი იყოს ისე, როგორც უნდა იყოს. რთულია, სრულიად სხვა სფეროში ამოვყავი თავი, რაც გამოწვევა იყო ჩემთვის და ისევ არის, მაგრამ, საინტერესოა.
ჟურნალისტიკა არც დამვიწყებია, არც ემოციები გამქრალა. ძალიან მინდა, რომ დადგეს დღე, როდესაც უკან დავბრუნდები.
მარიამ გაფრინდაშვილის “ლილია”

2008 წლიდან ვარ ამ პროფესიაში. ჩემი პირველი სამსახური „რუსთავი 2“ იყო, ის „კურიერი“, სადაც მოხვედრაზე ჩემი თაობის ყველა სტუდენტი ოცნებობდა.
თეატრალური უნივერსიტეტი დავამთავრე, ტელე-რადიო ჟურნალისტიკა. ჩვენი ერთ-ერთი ლექტორი იყო ნინო შუბლაძე (რუსთავი 2-ის წამყვანი) და შესაბამისად, მთელ ჯგუფს კვირაში ორი საათი „რუსთავი 2-ში“ გვიტარდებოდა ლექცია. შემდეგ სტაჟირებაზე, მთელი ჯგუფი „რუსთავი 2-ში“ მივედით.
„რუსთავი 2-ში“ ეტაპები იყო – კადრ-სინქრონზე გაშვებიდან საინფორმაციოსთვის სიუჟეტის გაკეთებამდე. ყველა ეტაპი გავიარე. ყველაფერი მახსოვს. პირველი ჩართვა ასი ათასი მოწამის ხსენების დღიდან მქონდა. პროდიუსერმა, გიორგი ლაფერაშვილმა რომ მითხრა, ხვალ ჩართვაზე დადგებიო, ისე ვინერვიულე, მუხლები მომეკვეთა.
11 წელი დავრჩი „რუსთავი 2-ში“ და სულ ვიყავი ახალ ამბებში. ეს არის ჩემი სტიქია, ქუჩის რეპორტიორი ვარ. 2008 წლიდან დღემდე არ ყოფილა ქვეყანაში აქცია, რომელიც არ გამიშუქებია და კრიმინალური ამბები – ძირითადად ამ მიმართულებით ვმუშაობდი.
2019 წელს, ძველი „რუსთავი 2“ რომ დაიშალა, ტელევიზიიდან წამოვედი. არ ვიცოდი რა უნდა მეკეთებინა. ტანსაცმელიც კი, მხოლოდ ისეთი მქონდა, რომელიც ქუჩაში მუშაობისთვის იყო კომფორტული.
დიდი სტრესი იყო ჩემთვის ეს ყველაფერი. ვერც გავიაზრე ბოლომდე და ორ კვირაში ამერიკაში წავედი, მაიამიში. სახლშიც კი, სადაც კი ჩემს ემიგრაციაზე არავის უფიქრია, მითხრეს, რომ კარგი წადი, ოღონდ იყავი კარგად.
ემიგრაციაში მივხვდი, რომ არ უნდა ვიყო სადღაც, ჩემი ქვეყნიდან შორს, იმიტომ, რომ ვიღაცას უნდა პროფესია წამართვას. ექვს თვეში უკან დავბრუნდი.
ჩამოსვლისთანავე “TV პირველში“ დავიწყე მუშაობა და აქ ვარ დღემდე. თავდაპირველად „ნოდარ მელაძის შაბათში“ მივედი, საგამოძიებო რეპორტიორად, მერე ახალ ამბებშიც დავიწყე. ახლა ორი დღე ეთერში ვზივარ, აღარ დავდივარ გადაღებაზე. სტუდია არ არის ჩემთვის კომფორტი, ამას ღიად ვამბობ. თუმცა, ახლა ასეა საჭირო.
ამ პროფესიისთვის გაწეულ შრომას ვერაფერი აბალანსებს, ვერანაირი ხელფასი. მითუმეტეს, რომ საქართველოში ამ პროფესიაში სტაბილურად ვერასოდეს ვერ გრძნობ თავს. ამიტომ, თუ ეს პროფესია არ გიყვარს, ძალიან რთულია შეძლო, გაჰყვე, გააკეთო.
ფინანსური კრიზისები სულ იყო, „რუსთავი 2-შიც“, “TV პირველშიც“. ახლაც ასეა, ფინანსური კრიზისის გარდა, რისკებიც, უსაფრთხოების, ძალიან გაზრდილია.
ვერც კი წარმოიდგენთ, რა რესურსით კეთდება ის გადაცემები, ან ახალი ამბები, რომელსაც მაყურებელი ხედავს ეთერში.
მაგრამ, ამ ყველაფრის ფონზეც, მე ვერ ვხვდები რატომ უნდა წავიდე, რატომ უნდა დავკარგო ეს პროფესია. მქონია ისეთი შემთხვევები, როცა მიფიქრია, რომ მორჩა, რაღაც არჩევანი უნდა გავაკეთო, მაგრამ, მაინც იქ ვარ, სადაც ვარ.
უბრალოდ, მივხვდი, რომ მჭირდება შემოსავლის ალტერნატიული წყარო, რათა გადავრჩე. ხუთი დედმამიშვილი ვართ, მთელი ჩემი ოჯახი ბიზნესშია, მე ერთადერთი ვართ, ვისაც ეს ინტერესი არ ჰქონია, მაგრამ, დადგა ეს მომენტი და, ასე გაჩნდა „ლილია“ – ადგილობრივი წარმოების თეთრეულის სტარტაპი.
ძალიან მიყვარს ხარისხიანი თეთრეული და სულ ვეძებდი, იდეაც აქედან გაჩნდა. სახელი დედას ეკუთვნის, მან მოიფიქრა. ამავე დროს, ლილია ჩემი საყვარელი ყვავილია და ვთქვი, რომ რატომაც არა, შესანიშნავია, რაღაცნაირად, სისუფთავესთან ასოცირდება.
„ლილია“ იკერება საქართველოში და არის ხარისხზე ორიენტირებული. მყავს პროფესიონალი მკერავები. თავიდან ტექსტილის საწყობი ჩემს სახლში მქონდა, ახლა სამკერვალო გვაქვს.
ჯერ პატარა გუნდი ვართ. პერიოდულად შეკვეთებიც მე დამაქვს – გადაღებიდან გავვარდები, რომ დათქმულ დროს ჩავაბარო და უკან, ველზე ვბრუნდები. ხანდახან, სოციალურ ქსელშიც მე ვპასუხობ მომხმარებელს.
ნელ-ნელა ვსწავლობ. ძალიან ახალი სფეროა ეს ჩემთვის. ძალიან მიხარია, რომ მოკლე დროში „ლილია“ ცნობილი სტარტაპი გახდა. რაღაც გეგმებიც გვაქვს, მათ შორის, კორპორატიული შეთავაზებები და, არამხოლოდ.
მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ ჟურნალისტიკიდან წავალ და ბიზნესში გადავბარგდები. არა. ამ პროფესიიდან წასვლას არ ვაპირებ.
ჟურნალისტები, რომლებმაც პროფესია შეიცვალეს