“ქართული ოცნების” პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის თქმით, დიპლომატიურ პასპორტებზე ევროკავშირის მიერ დაწესებული სავიზო შეზღუდვები უკვე ამოქმედებულია და ერთ-ერთ ქვეყანაში ჩასასვლელად ვიზის აღება მოუწია.
10 ივნისს ირაკლი კობახიძე იტალიაში გაემგზავრა. გასული თვის განმავლობაში ის ასევე იმყოფებოდა უნგრეთში, რომელსაც გაცხადებული პოზიცია აქვს, რომ შეზღუდვას არ უერთდება.
“ეს შეზღუდვები, როგორც მოგეხსენებათ, მოქმედებს ევროკავშირის საერთო გადაწყვეტილებით დიპლომატიურ პასპორტებთან მიმართებით. თუმცა ჩვენ ჩვეულებრივად ვიღებთ ვიზებს. ვიზით ვიყავი წასული ერთ-ერთ ქვეყანაში, არანაირი პრობლემა აქ, რა თქმა უნდა, არ არის. ბუნებრივია, ეს არის აბსოლუტურად სამარცხვინო გადაწყვეტილება, თუმცა ეს არის მათი გადაწყვეტილება, მათი უფლება და მზად ვართ ვიმოქმედოთ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად” – თქვა კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
კობახიძეს არ დაუკონკრეტებია, ევროპის რომელ ქვეყანაში ჩასასვლელად დასჭირდა ვიზის აღება.
27 იანვარს, ევროკავშირმა ქართული დიპლომატიური პასპორტების მქონე პირებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა. გადაწყვეტილება შეეხო საქართველოს ოფიციალური დელეგაციის წევრებს, რომლებიც მონაწილეობენ ოფიციალურ შეხვედრებსა და სხვა ღონისძიებებში, რომელიც იმართება ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის ტერიტორიაზე სამთავრობათაშორისო ორგანიზაციების მიერ; საქართველოს ეროვნული და რეგიონული მთავრობებისა და პარლამენტების, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და უზენაესი სასამართლოს წევრებს; დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს.
30 ივნისს, გამოცემა “ევროსკოპმა”დაწერა: “დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი შეჩერებული (საბჭოს გადაწყვეტილება იმპლემინტირებული) აქვთ შემდეგ ქვეყნებს: რუმინეთი (მარტიდან), ბულგარეთი, ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, საფრანგეთი, ბელგია, იტალია. შვედეთი აგვისტოდან. უნგრეთი რა თქმა უნდა ღიაა, ავსტრიაც ამ ეტაპზე. არ გვაქვს ინფორმაცია დანარჩენ ქვეყნებზე, მაგალითად გერმანია ან პოლონეთი.”