კომენტარი: "ქართულ ოცნებას“ საზოგადოება მძევლად ჰყავს აყვანილი — ზუსტად ისე, როგორც ამას ჩიხში მოქცეული ტერორისტები აკეთებენ
გაზიარება
გაზიარება
დიმიტრი ცქიტიშვილის კომენტარი
პოლიტოლოგი და “ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატი, დიმიტრი ცქიტიშვილი პროევროპული ოპოზიციის ლიდერების ახალ რეპრესიებს ეხმაურება და ამბობს, რომ “ქართულ ოცნებას“ სახელმწიფო და მთლიანად საზოგადოება მძევლად ჰყავს აყვანილი — ზუსტად ისე, როგორც ამას ჩიხში მოქცეული ტერორისტები აკეთებენ.
პროდასავლური ოპოზიციის ლიდერების – მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
პროკურატურის განცხადებით, დევნა დაიწყეს საბოტაჟის, უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ, სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების საქმეებზე.
დიმიტრი ცქიტიშვილი: “რას ნიშნავს პოლიტიკური რეპრესიების ახალი ეტაპი?
ეს არის ესკალაციის სტრატეგიის ტიპიური მაგალითი, რომელიც პრაქტიკულად ერთადერთი ინსტრუმენტია “ოცნების“ არსენალში საერთაშორისო არენაზე.
რა გულისხმობს “ოცნების“ ესკალაციის სტრატეგია?
ყველა იმ ნაბიჯზე, რასაც „ოცნება“ მიიჩნევს მის მიმართ ზეწოლად (რაც სინამდვილეში პარტნიორების მხრიდან დემოკრატიული ღირებულებების დაცვას წარმოადგენს), ის პასუხობს სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვით და ცდილობს ამ გზით ევროკავშირი, აშშ-ის ადმინისტრაცია, გერმანიის მთავრობა და სხვები აიძულოს უკან დაიხიონ, აღიარონ არსებული სტატუს-კვო და გადავიდნენ „ოცნებასთან“ ტრანზაქციულ ურთიერთობაზე.
“ოცნებას“ სახელმწიფო და მთლიანად საზოგადოება მძევლად ჰყავს აყვანილი — ზუსტად ისე, როგორც ამას ჩიხში მოქცეული ტერორისტები აკეთებენ.
“ოცნება“ თავისდა უნებურად უკვე შევიდა ესკალაციის ისეთ სპირალში, საიდანაც მისთვის სასარგებლო გამოსავალი უკვე ნაკლებად სავარაუდოა.
რატომ?
განსხვავებით „ოცნების“ რეჟიმისგან, დემოკრატიული სახელმწიფოები არ მოქმედებენ ერთი ლიდერის ან ლიდერთა ჯგუფის პერსონალური გადაწყვეტილებების შესაბამისად.
დემოკრატიული სახელმწიფო მოქმედებს ინსტიტუციური დემოკრატიის ფარგლებში დადგენილი წესებით და მკაფიოდ განსაზღვრული პროცედურებით.
ამიტომ ვერანაირი შანტაჟის პირობებში ვერ შეძლებს “ოცნება“ აიძულოს ბრიუსელი, ვაშინგტონი, ბერლინი ან სხვა დემოკრატიული ქვეყნის დედაქალაქი გადადგას მათი პრინციპებსა და დადგენილ პროცედურებს საწინააღმდეგო ნაბიჯები.
უფრო მეტიც — “ოცნების“ ასეთი ანტიდემოკრატიული ქმედებები უკურეაქციას უფრო იწვევს. ამ გზით “ოცნება“ კიდევ უფრო აღრმავებს საკუთარ იზოლაციას და საერთაშორისო ასპარეზზე შესაძლოა მალე “კეთროვანიც“ კი გახდეს, მათ შორის შესაძლოა რუსეთისთვისაც კი.
რუსეთსაც კი ისეთი რეჟიმი სჭირდება საქართველოში, რომელიც მათი შავი/სანქცირებული ფულის გათეთრებაში დაეხმარება, დასავლურ ფინანსურ ბაზრებზე დაკავშირებულობით.
არავის სჭირდება ყველასგან მოძულებული რეჟიმი, რომელმაც თავისი ქვეყანა ნაცრისფერ ზონად აქცია და რომელთან ურთიერთობასაც არანაირი პრაქტიკული სარგებელი არ მოაქვს.
ხოდა არის ეს დამდგარი ტოტალიტარიზმი თუ უხეირო დიქტატურის კონვულსიები თავად განსაჯეთ!”