კომენტარი: არ გამოვრიცხავ, რომ "ოცნება“ ფრთხილობს პარტიების აკრძალვაზე - დასავლეთთან სავაჭროდ სივრცეს ტოვებენ
დიმიტრი ცქიტიშვილის კომენტარი
პოლიტოლოგი და “ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილი ოპოზიციური პარტიების გაუქმების შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით ვარაუდობს, რომ “ქართული ოცნება“ ყველა პარტიის გაუქმების ნაცვლად, როგორც ამას ამომრჩევლებს ჰპირდებოდა, მხოლოდ სამ პარტიას აუქმებს, და ეს შესაძლოა ევროკავშირთან ვაჭრობის დაწყების წინაპირობა იყოს.
პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დაასახელა პარტიები, რომელთა აკრძალვის მოთხოვნით მმართველი პარტია “ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. “ოცნება” მოითხოვს არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი და აიკრძალოს სამი ოპოზიციური პარტია – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, “კოალიცია ცვლილებისთვის“ და “ძლიერი საქართველო – ლელო“.

დიმიტრი ცქიტიშვილი: “ფაქტია, რომ მათი (“ქართული ოცნების“) გადაწყვეტილება, გააუქმონ ყველა პარტია, რომელსაც “ნაცებს“ ეძახდნენ და ყველას ეძახდნენ “ნაცებს“, აღმოჩნდა, რომ თვითონ სარჩელის შეტანისას ახალი სტრატეგიის ჩამოყალიბება დაიწყეს. რამდენიმე პარტიის გაუქმება უნდათ, რამდენიმე რიგში დააყენეს, რაღაცას ცდილობენ, ოღონდ ჯერ არ ვიცით, რას. ის, რომ არაერთგვაროვანია მათი დამოკიდებულება და იმ პირობას არ ასრულებენ, რომელიც თავიდან დადეს, ესეც ფაქტია. რაში აისახება და როგორ გამოჩნდება საბოლოო ჯამში, დავინახავთ, მაგრამ რა არის დღევანდელი გეგმა, ვერ გეტყვით.
მე არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ გლობალური სისტემისა და პროცესების ცვლილებიდან გამომდინარე, ფრთხილობენ და ცდილობენ, რომ პოზიციონირება ცოტათი შეცვალონ და შეიძლება, ემზადებიან გარკვეული დიალოგისთვის და კომპრომისისთვის რაღაც სივრცეს ტოვებენ. შეიძლება, ეს ჩემი სურვილი იყოს და აქედან გამომდინარე ვხედავდე ასე, მაგრამ ისეთი მკაცრი ტონი ვერ იყო ამ სარჩელში, როგორსაც გვეუბნებოდნენ.
მე მგონია, რომ ევროკავშირთან სავაჭროდ ტოვებენ გარკვეულ სივრცეს, ამერიკის შეერთებულ შტატებთან სავაჭროდ, საერთაშორისო თანამეგობრობასთან სავაჭროდ იმიტომ, რომ ფაქტია, დღეს რუსეთი ბევრად უფრო მძიმე მდგომარეობაშია, ვიდრე სამი-ოთხი დღის წინ იყო, სანამ ნავთობზე სანქციები დაედებოდა. აღმოჩნდა, რომ სანქცირებული ნავთობისა და ჩრდილოვანი ფლოტის გადაადგილებაში “ქართულ ოცნებას“ გეგმები ჰქონდა, რომ ფული გაეკეთებინა და ეს ყულევის თემამ გამოაჩინა, გამოაჩინა კიდევ იმან, გუშინ ძალიან დიდი მადლობებად რომ წარმოაჩინეს, აღმოჩნდა, რომ აქ რაღაც გარკვეული კითხვები ჩნდება ევროკავშირიდან და დიპლომატიური რევერანსების მიღმა დაწერილ წერილში ძალიან მკაცრი მოთხოვნებია, რომ მეორადი მოხმარების საქონლის მიმართ მკაცრი ზომები უნდა გაატარონ იმიტომ, რომ რეალურად, საქართველო შეიძლება იქცეს სანქცირებული ტვირთების გატარების სივრცედ.
ამ ყველაფრის ფონზე, როდესაც ამაზე ჰქონდათ მთელი აქცენტი გაკეთებული და უცებ იცვლება კონიექტურა და იცვლება მსოფლიო დამოკიდებულება, ის, რომ ინდოეთი აღარ ყიდულობს ნავთობს, ჩინეთმა შესაძლოა უფრო მეტი აქცენტი გააკეთოს ამერიკულ ნავთობზე რუსეთის ნავთობის შეძენის შემცირებასთან ერთად, და ზოგადად, ეს სასანქციო რეჟიმი ამოქმედდა, მე ვფიქრობ, რომ მაგათ აქვთ განცდა, რომ შესაძლოა გარკვეული ვაჭრობა დაიწყონ.
ეს არ ნიშნავს, რომ დასავლეთი ევაჭრება, უბრალოდ, მე ვამბობ, რომ „ქართული ოცნება“ შეიძლება ემზადებოდეს ვაჭრობისთვის. “ქართული ოცნება“ ვაჭრობს, მას აქვს დამოკიდებულება, რომ უნდა ივაჭროს, მაგრამ, რეალურად, ევროკავშირიდან ვაჭრობის არანაირი იმპულსები არ გამოდის.
(ოპოზიციის) ერთობა რამდენად შესაძლებელია, არ ვიცი. როცა არის ხოლმე საუბარი ერთობაზე, რაღაც დათქმებით არის ხოლმე, ვიღაცას ვიღაცასთან მაინც არ უნდა ურთიერთობა, შესაბამისად, ეს მწვავე კუთხეები არ დარბილდება. ოპოზიციურ ველზე პოლარიზება კიდევ უფრო მწვავეა, ვიდრე ეს მანამდე იყო. თუ თებერვალ-მარტში ჯერ კიდევ არსებობდა აზრთა გაცვლის რაღაც ფორმატები, ეს ახლა ბევრად უფრო შემცირებულია და კიდევ უფრო დაქსაქსულია.
მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი და სასურველი შეიძლება იყოს ერთობა, მაგრამ ეს ერთობა არარეალისტურია, ამიტომ უნდა ვიფიქროთ ისეთ ფორმატზე, რაც უფრო რეალისტურია. ცალსახაა, რომ პარტიებს შორის კომუნიკაცია უნდა აღდგეს, თუმცა მე არ ვიცი, ამ მოცემულობაში, როდესაც პარტიულმა სისტემამ თავისი აზრი დაკარგა იმიტომ, რომ ასეთი მოცემულობა შექმნა “ქართულმა ოცნებამ“, ჩვენ პარტიულ ჩარჩოს მიღმა უნდა დავინახოთ პროცესები, ერთი სტრატეგიული ხაზი უნდა გამოიკვეთოს.
სასურველია, რომ არარეგისტრირებულმა პოლიტიკურმა გაერთიანებებმა თავისი ელექტორალური სამუშაო განახორციელონ, ხაზი და სტრატეგია კი უნდა იყოს საერთო და მიმართული უნდა იყოს “ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, მიმართული უნდა იყოს იმისკენ, რომ გაძლიერდეს ალტერნატიული ხედვები, ბრძოლა წარიმართოს არა ერთმანეთთან, არამედ იმ დეზინფორმაციასთან, რომელიც მოდის.“
 
   
   
   
   
   
   
   
   
   
   
  