ჩვენ არ ვაკეთებთ კომენტარს და არ ვაკეთებთ სპეკულაციებს სამომავლო სანქციების შესახებ არანაირ კონტექსტში, რადგან ამან შეიძლება შეამციროს მათი ეფექტურობა – ასე უპასუხა დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრის, ჯეიმს მაკკლირის კითხვას ევროპის საკითხებში გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრმა, სტივენ დაუთმა.
“სერიოზულად შეშფოთებული ვარ რამდენიმე ცნობილი ქართველი ოპოზიციონერის, მათ შორის ბატონი ჯაფარიძის, ბატონი ხაზარაძისა და ბატონი ვაშაძის მიმართ ბოლო დროს გამოტანილი სასჯელებით. ეს სასჯელები აშკარად პოლიტიკურად მოტივირებული იყო და მიზნად ისახავდა პოლიტიკური ოპოზიციის მომავალ არჩევნებში მონაწილეობის დაბლოკვას.
23 ივნისს მე მოვუწოდე ქართულ ოცნებას, შეეწყვიტა სასამართლოების ბოროტად გამოყენება განსხვავებული აზრის ჩასახშობად და გაეთავისუფლებინა ყველა პოლიტიკური პატიმარი. საგარეო საქმეთა, თანამეგობრობისა და განვითარების სამინისტრომ (FCDO) 30 ივნისს დაიბარა საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, რათა ნათლად გამოეხატა გაერთიანებული სამეფოს მტკიცე წინააღმდეგობა საქართველოს სულ უფრო მავნე ტრაექტორიის მიმართ.
ჩვენ ვაგრძელებთ გაუარესებული სიტუაციის ყურადღებით მონიტორინგს და 1-ელ ივლისს ვესაუბრე რამდენიმე ევროპელ პარტნიორს ჩვენი კოლექტიური შეშფოთების განსახილველად.
მე მუდმივად გამოვთქვამ ჩემს სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს გაუარესებული დემოკრატიული ტრაექტორიის შესახებ, რამაც უარყოფითად იმოქმედა გაერთიანებული სამეფო-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებზე. არსებული სიტუაციის ნებისმიერი შეფასება ასევე უნდა ითვალისწინებდეს ბატონი ივანიშვილის და მისი თანამოაზრეების გავლენას საქართველოს პოლიტიკურ ლანდშაფტზე.
დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ ურყევი რჩება და ჩვენ მზად ვართ, ხელი შევუწყოთ ევროპული ღირებულებებისა და დემოკრატიული ნორმებისკენ ტრაექტორიაზე დაბრუნებას.
ჩვენ არ ვაკეთებთ კომენტარს და არ ვაკეთებთ სპეკულაციებს სამომავლო სანქციების შესახებ არანაირ კონტექსტში, რადგან ამან შეიძლება შეამციროს მათი ეფექტურობა.”
თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის (FCDO) მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყებამ ლონდონში მყოფი საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული, გიორგი (ბაჩო) საგანელიძე გამოიძახა და პროტესტი გამოხატა მისი მთავრობის მიერ პარტნიორებისადმი, მათ შორის ბრიტანეთისადმი “ცრუ ბრალდებების და საჯარო თავდასხმების“ გამო.
ბრიტანეთის საგარეო უწყების პრესცენტრის თანახმად, ბრიტანელმა მაღალჩინოსანმა – რომლის ვინაობაც საჯაროდ არ დასახელებულა – საგანელიძესთან საუბარში ნათლად გამოხატა გაერთიანებული სამეფოს “მტკიცე” წინააღმდეგობა საქართველოს “სულ უფრო საზიანო ტრაექტორიის” მიმართ.
27 ივნისს დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ქართული ბიზნესისთვის სახელმძღვანელო გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ ვინც რუსეთს სანქციებისაგან გვერდის ავლაში ეხმარება, თავად აღმოჩნდება სანქციების ქვეშ. განცხადებაში, რომელიც ბრიტანეთის სამთავრობო პორტალზე აიტვირთა, კონკრეტული მაგალითებით არის ახსნილი, რა ითვლება სანქციებისგან თავის არიდებაში დახმარებად.