დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
გაზიარება
გაზიარება
დიდი ბრიტანეთის ელჩი
დიდი ბრიტანეთის მიერ პროსამთავრობო მაუწყებლების, TV იმედისა და POSTV-ის სანქცირების გადაწყვეტილებამ თბილისსა და ლონდონს შორის დიპლომატიური დაძაბულობა კიდევ უფრო გაზარდა – დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში გარეთ უორდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.
შეხვედრის შემდეგ განცხადება გააკეთა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, რომელმაც ბრიტანული მხარის გადაწყვეტილებას “უარგუმენტო“ და “უსაფუძვლო შეფასებებზე დამყარებული” უწოდა.
მისი თქმით, სამინისტრომ ელჩს სთხოვა განემარტა, რას ეფუძნებოდა ლონდონში მიღებული გადაწყვეტილება.
“ასეთი მტკიცებულება ან რაიმე დოკუმენტი, რაც ამ გადაწყვეტილებას გაამართლებდა, მე არ მინახავს. კონკრეტული არაფერი წარმოუდგენია,“ — თქვა ბოჭორიშვილმა და დაამატა, რომ 40-წუთიანი შეხვედრის განმავლობაში ვერ მოისმინა არგუმენტი, რომელიც სანქციების საფუძვლად გამოდგებოდა.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა იმ ბრალდებებზე, რომლებიც, მისი თქმით, ბრიტანული შეფასებების საფუძველს წარმოადგენს — მათ შორის, რომ საქართველო თითქოს რუსეთს აძლიერებს და უკრაინას ასუსტებს, ან რომ ქართული საზოგადოება უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას ხელყოფს.
“ეს ის ბრალდებებია, რასაც ჩვენ არ ვიზიარებთ,“ – თქვა ბოჭორიშვილმა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ელჩს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
დიდმა ბრიტანეთმა 24 თებერვალს სანქციები დაუწესა ტელეკომპანია “იმედსა” და POSTV-ს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმის ფარგლებში.
სანქციების სიის დოკუმენტის მიხედვით, TV იმედსა და POSTV-ს შეეხებათ აქტივების გაყინვა, ტრასტის მომსახურების სანქციები და დირექტორის დისკვალიფიკაციის სანქცია, რომელიც ინდივიდს კომპანიის დირექტორობას, მის დაარსებას ან მართვას გარკვეული პერიოდით უზღუდავს, სანქციის დარღვევა კი სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება.
ეს ნიშნავს, რომ:
1) Asset Freeze (აქტივების გაყინვა) – ბრიტანეთთან დაკავშირებულმა ბანკებმა უნდა გაუყინონ ანგარიშები და აღარ მოემსახურონ;
2) Trust Services Sanctions (დირექტორთა დისკვალიფიკაციის სანქცია) – გამორიცხავს ბრიტანეთთან დაკავშირებით კომპანიის წილების გადაცემას და ქონების ამ გზით მართვას;
3) Director disqualification (ტრასტთან დაკავშირებული მომსახურება) – კრძალავს ბრიტანეთის მოქალაქის ჩართვას კომპანიის მართვაში.