დეზერტირების ბაზარი 6 თვით იხურება. სოციალური სამართლიანობის ცენტრი გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს
დეზერტირების ბაზარი იხურება
დღეს 15 აგვისტოს კერძო მესაკუთრე თბილისში დეზერტირების ბაზრის 6 თვით დახურვას გეგმავს. ბაზარში დასაქმებულ ათასობით მოვაჭრეს და მუშას კი შემოსავლის წყაროს გარეშე დარჩენა ემუქრება.
დეზერტირების ბაზარი, დაგეგმილი მშენებლობის გამო, 6 თვით იკეტება. ბაზრის ტერიტორიაზე ორსართულიანი სავაჭრო ცენტრის აშენების ნებართვა უკვე გაცემულია. ბაზრის ტერიტორიის 15 აგვისტომდე დაცლის შესახებ მოიჯარე კომპანიის წარმომადგენელმა მოვაჭრეებს გასულ კვირას შეატყობინა.
ბაზრის დახურვას 14 აგვისტოს “სოციალური სამართლიანობის ცენტრი” განცხადებით გამოეხმაურა. მათ საქართველოს მთავრობას, დეზერტირების “ისტორიული” ბაზრის დახურვის გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ მოუწოდეს.
“სოციალური სამართლიანობის ცენტრში” აცხადებენ, რომ მშრომელების ყოველდღიური შემოსავალი და ოჯახების ფიზიკური გადარჩენა სწორედ დეზერტირების ბაზარში ყოველდღიურ შრომას უკავშირდება.
“ჩვენ ვუერთდებით, ისტორიული ბაზრის მშრომელების მთავარ მოთხოვნას და მოვუწოდებთ თბილისის მერიას შექმნას ამ ტერიტორიაზე მუნიციპალური ბაზრის განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. მნიშვნელოვანია თბილისის მერიამ ამ პროცესში ჩართოს მშრომელები და სხვა დაინტერესებული პროფესიული, თუ სამოქალაქო გაერთიანებები”, – წერს, “სოციალური სამართლიანობის ცენტრი”.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბაზარში ათასობით თვითდასაქმებული ადამიანია, მათ შორის გარემოვაჭრე გლეხები, გადამზიდველები, ინდივიდუალური მეწარმეები. დასაქმებულების უმრავლესობა ქალია, მათ შორის არიან სოციალურად დაუცველები, მარტოხელა დედები, იძულებით გადაადგილებული პირები, ეთნიკური უმცირესობები და შრომითი მიგრანტები.
მოვაჭრეებმა ბაზრის დახურვის გადაწყვეტილება 30 ივლისს გააპროტესტეს და თბილისის მერთან, კახა კალაძესთან, შეხვედრა მოითხოვეს.
დეზერტირების ბაზარი იხურება