დევნილი ენა
Photo: Цензор.НЕТ
ყირიმული თათრული პოსტსაბჭოთა სივრცის განსაკუთრებული ენაა… 1944 წლის მაისში ყირიმელი თათრების მასობრივი დეპორტაცია განხორციელდა, რამაც ენას უზარმაზარი ზიანი მიაყენა. როგორ ვითარდებოდა ყირიმული თათრული დამოუკიდებელ უკრაინაში და რა მდგომარეობაშია ის ბოლო სამი წლის მანძილზე, როდესაც ბევრ ყირიმულ ოჯახს კიდევ ერთხელ უწევს სამშობლოს დატოვება?
მშობლიური ენის შესწავლა
„ქორიუშქენჯე!“ – გვემშვიდობება რესტორნის კართან მდგარი ახტემ სეიტაბლაევი – რეჟისორი, რომელსაც რამდენიმე წუთის წინ ამავე რესტორანში ჩამოვართვით ინტერვიუ. ეს სიტყვა „ქორიუშქენჯე“ ყირიმული თათრულიდან ითარგმნება როგორც „შეხვედრამდე“. აქ, ყირიმული თათრული სტილის რესტორანში (რომელიც მისმა მეგობრებმა გახსნეს) ახტემი ყველა თავაზიან გამოთქმას – „გამარჯობა“, გმადლობ“, „გეთაყვა“, „ნახვამდის“ – მშობლიურ ენაზე წარმოთქვამს. ისე კი ბოლო დროს მის პირად და სამსახურეობრივ ცხოვრებაში სამი ენა გადაიკვეთა – უკრაინული, რუსული და ყირიმული თათრული.
„მშობლიური ენა“ ახტემისათვის უბრალოდ სახელმძღვანელოს გარეკანზე გამოსახული წარწერა არ ყოფილა. ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე მას მართლაც მოუწია საკუთარი, მშობლიური ენის შესწავლა. 1944 წლის 18 მაისის დეპორტაციამ ლინგვისტური სივრცეც დაარღვია. სეიტაბლაევის ოჯახმა – ისევე, როგორც ათასობით სხვა ოჯახმა – ნაწილობრივ დაკარგა მშობლიური ენა.
“ენა ყოველთვის მესმოდა, – გვიამბობს რეჟისორი, – იმიტომ რომ ოჯახისა და ნათესავების გარემოში გავიზარდე. ყირიმელი თათრები ცდილობდნენ, ერთმანეთთან ახლოს დასახლებულიყვნენ, რაც ბუნებრივი იყო. დეპორტაციის შემდეგ, როდესაც მათ, ფაქტობრივად, ტრიალ მინდორზე ყრიდნენ, ყირიმელი თათრები ცდილობდნენ ერთ მუშტად ყოფილიყვნენ შეკრულნი. ასე უფრო ადვილი იყო ცხოვრება. მე უზბეკურ ქალაქ იანგიულში ვცხოვრობდი (ამ დასახლებული პუნქტის სახელი ითარგმნება როგორც „ახალი გზა“) ის ქალაქი პოლიტპატიმრებმა ააშენეს და იქ სხვებთან ერთად შორეული აღმოსავლეთიდან გადმოსახლებული კორეელები, ვოლგისპირელი გერმანელები და ჩეჩნებიც ცხოვრობდნენ. და ამ განსხვავებული ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები ერთმანეთთან რუსულად საუბრობდნენ”.
როდესაც ახტემ სეიტაბლაევმა სამსახიობო ფაკულტეტზე ჩააბარა, მიხვდა, რომ ენის „პასიური ცოდნა“ საკმარისი არ იყო. პირველი სასწავლო ჯგუფი 1989 წელს შეიკრიბა – ყირიმელი თათრების ეროვნული თეატრის აღორძინებისათვის საჭირო კადრების მოსამზადებლად. და მაშინ აშკარა გახდა, რომ თეატრალური ფაკულტეტის სტუდენტს თავისუფლად უნდა შეძლებოდა ყირიმულ-თათრულ ენაზე საუბარი.
ახტემის ფილმი „ჰაითრამა“, რომელიც 1944 წლის მოვლენების შესახებ მოგვითხრობს, ნაწილობრივ ყირიმულ-თათრულ ენაზეა გადაღებული. ამბობს, რომ თუკი გადაწყვეტს, მხოლოდ მშობლიურ ენაზე გადაიღოს ფილმი, საჭირო რაოდენობის მსახიობების მოძებნა არ გაუჭირდება. თუმცა, ამჟამად უკრაინულ ენაზე იღებს ფილმს. ეს კინოსურათი დონეცკის აეროპორტის დამცველი „კიბორგების“ შესახებ გვიამბობს.
რეპრესირებული დასახელებები
უკრაინის ლინგვისტურ რუკაზე ყირიმულ-თათრული ენა 90-იანი წლების დასაწყისში გამოჩნდა. იმ პერიოდში ყირიმელი თათრები, რომელთა 70%-იც უზბეკეთში ცხოვრობდა, მშობლიურ ყირიმს უბრუნდებოდნენ. დეპორტაციიდან თითქმის ნახევარი საუკუნე იყო გასული. 1944 წლის 18 მაისს ენამ ყველა სოციალური ფუნქცია დაკარგა და თავისი მნიშვნელობა მხოლოდ ყოფით დონეზე შეინარჩუნა. დეპორტაციამდე ყირიმულ თათრული სკოლებში (დაწყებით, საშუალო და მაღალ კლასებში), რადიოში, საქმეთა წარმოებაში, იურისპრუდენციაში, მეცნიერებაში, პუბლიცისტიკასა და მხატვრულ ლიტერატურაში გამოიყენებოდა. მშობლიური მიწისგან მოშორებით ყირიმელ თათრებს მხოლოდ ერთად ყოფნა და საუბარიღა დარჩენოდათ. ნახევარსაუკუნოვანმა გადასახლებამ ენას ძალიან დიდი ზიანი მიაყენა. ყირიმის გეოგრაფიული რუკიდანაც კი „განდევნეს“: 1945 წლის ბრძანების თანახმად, ყირიმის ასობით ტოპონიმი (რომლებიც ამა თუ იმ ქალაქისა თუ სოფლის შესახებ გარკვეულ ინფორმაციას იძლეოდა) უსახური საბჭოთა სახელებით შეიცვალა. ახალი სახელწოდებებში მზე, მცენარეების ნაყოფები ან კენკრის სახეობები ფიგურებდა. შეიძლება ითქვას, რომ იმ პერიოდში ნამდვილი ტოპონიმური რეპრესიები მოაწყვეს.
სწორედ ამიტომ ყირიმელი თათრების შვილებს საკუთარი ენის შესწავლა უწევთ.
ანექსიის შემდეგ
უნდა ითქვას, რომ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიამაც თავისი როლი შეასრულა. ნახევარკუნძულის ანექსიამდე კიევში მდებარე „ყირიმელი თათრების კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრში“, რომელსაც ანიფე კურტსეიტოვა ხელმძღვანელობს, მხოლოდ ათამდე ბავშვი სწავლობდა. ამჟამად მათი რაოდენობა ორმოცდაათს აჭარბებს. და მათი რაოდენობა განუხრელად იზრდება. დაკავებებისა და დაპატიმრებების ყოველი მორიგი ტალღის შემდეგ აქ (კიევში) დევნილების ახალი ნაკადი ჩამოდის.
სკოლის ხელმძღვანელობამ ცენტრს კარი გაუღო და ორგანიზაციას ზედმეტი კითხვების გარეშე აძლევს უფლებას, იმდენი გაკვეთილი ჩაატაროს, რამდენიც საჭიროა. მისი თქმით, ხელისუფლება ბევრს ლაპარაკობს ყირიმელ თათრებზე, მაგრამ ამ ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები უბრალო მოქალაქეებისგან უფრო მეტ ყურადღებასა და დახმარებას იღებენ. ანიფე კურტსეიტოვა ამბობს, რომ ძალიან მადლიერია ამის გამო.
აფიზე იმორამზაევა არამხოლოდ ყირიმელი თათრების კულტურის ცენტრში, არამედ ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის ეროვნულ უნივერსიტეტშიც ასწავლის. ანექსიის შემდეგ ამ სასწავლებლის სპეციალობებს „ყირიმულ-თათრული ენა და ლიტერატურა“ დაამატეს. ყველაფერი ხუთ თვეში მიოასწრეს – მუშაობა 2014 წლის მარტის “რეფერენდუმის“ დასრულებისთანავე დაიწყეს. სწავლა იმავე წლის 1-ელ სექტემბერს დაიწყო. ყურადსაღებია, რომ იმ სტუდენტებს შორის, რომლებმაც ეს სპეციალობა აირჩიეს, უკრაინელები ჭარბობდნენ. კურსზე მათი რაოდენობა ყირიმელი თათრების რიცხვსაც კი აღემატებოდა. მათთვის ეს მხარდაჭერის ერთგვარ აქტად იქცა.
არსებული მასალები საკმარისი არ არის იმისათვის, რათა სრულყოფილი ლექცია-სემინარები ჩატარდეს. აქტივისტები ჟურნალებს, წიგნებსა და სახელმძღვანელოებს ბეჭდავენ. კიევში და უკრაინის სხვა ქალაქებში მდებარე წიგნის მაღაზიებში ყირიმულ-თათრულ ენაზე შექმნილი, ან თარგმნილი ლიტერატურის სტენდები არ დგას. თუკი ჟურნალის, წიგნის, ან სახელმძღვანელოს შეძენა გსურს, „სარაფანის რადიოს“ მიმართე. მაგრამ ყირიმელი თათრები არ ჩივიან და არაფერს ითხოვენ. აფიზე იმით ხარობს, რაც უკვე გააჩნია. იგი ყირიმულ-თათრულ ანდაზას იხსენებს – „წვეთ-წვეთობით ტბა ჩნდებაო“.
ოცნებები და სიზმრები
მასალების სიმცირეზე საუბრობს ხალისე ზინედინიც – ახალგაზრდა ყირიმელი ტელეწამყვანი და მასწავლებელი, რომელიც ჯერ კიდევ სტუდენტია. ხალისეც 2014 წელს გადმოვიდა კიევში. ნაცნობების ოჯახმა სთხოვა, ბავშვების მასწავლებელი გამხდარიყო. მოგვიანებით ხალისეს მოსწავლეების რიგებს მოზრდილი ადამიანებიც შეუერთდნენ. ხალისე თავად იგონებს გაკვეთილებს, იმპროვიაციას მიმართავს და სასწავლო პროცესს თამაშებით ავსებს. მაგრამ ეს ყველაფერი საკმარისი არ არის. ამასთან, არსებული წყაროებიდან სწავლებისავის შესაფერისი მასალის არჩევაც რთულია – ადაპტირებული სასწავლო წიგნები სახელმძღვანელოები არ არსებობს. ხალისეს სურს, ოდესმე თავად გამოსცეს ყირიმული თათრულის გაკვეთილების კრებული.
„რადიო თავისუფლებაზე“ იგი რუბრიკა „ელიფბეს“ უძღვება, რომელიც რადიოსადგურისა და საინფორმაციო პოლიტიკის სამინისტროს ერთობლივი პროექტს წარმოადგენს. ბოლო დროს „ელიფბეს“ წამყვანი სხვადასხვა სამინისტროს ხელმძღვანელებს სტუმრობს, რომლებიც ყირიმულ-თათრულ ენაზე წარმოთქვამენ ხოლმე რამდენიმე სიტყვას. თუმცა, ჯერჯერობით ყველა მონაწილე უბრალოდ გადაცემაში მონაწილეობით შემოიფარგლება – არც ერთ მათგანს არ გასჩენია გაკვეთილზე მისვლის სურვილი.
ბავშვობაში ხალისე თავისუფლად ვერ ლაპარაკობდა ყირიმულ თათრულად – მხოლოდ ცალკეული სიტყვები და გამოთქმები იცოდა. მშობლიურ ენაზე ეროვნულ სკოლაში მისვლის შემდეგ ალაპარაკდა. ამჟამად ამ ენაზე დედას, ნათესავებსა და მეგობრებს ესაუბრება და, ამას გარდა, ua.tv-ს ახალი ამბების გამოშვება მიჰყავს.
ხალისეს ერთ-ერთი უსაყვარლესი რესურსი ფილმები და მულტფილმებია. თავის დროზე ყირიმულ თათრულ ტელეარხ ATR-ის თაოსნობით არაერთი პოპულარული ფილმი და მულტფილმი ითარგმნა. სახურავის ბინადარი კარლსონიც კი ყირიმულ თათრულ ენაზე ალაპარაკდა.
თუმცა, უკვე ყველა გახმოვანებული მულტფილმი ანახა თავის მოწაფეებს. საჩვენებელი მასალა აღარ დარჩა. იგი ოცნებობს, ყირიმულ თათრულ ენაზე თარგმნოს პოპულარული სერიალი „მეგობრები“ – ამ ტელეშოუს საშუალებით უფრო ადვილი გახდებოდა ენის შესწავლა. მას კიდევ ერთი ოცნება აქვს – უნდა რომ წიგნების მაღაზიების თაროებზე ყირიმულ თათრულ ენაზე თარგმნილი მსოფლიო შედევრები იხილოს.
ხალისეს სჯერა, რომ ოდესმე მისი სურვილები ასრულდება. მისი ერთი ოცნება უკვე ახდა – მან ყირიმულ თათრულ ენაზე ნახა სიზმარი და იმდენად ბედნიერი იყო, რომ გაღვიძება არ უნდოდა.