დევნილების არჩევანი
სამეგრელო არის რეგიონი, სადაც თბილისის შემდეგ ყველაზე მეტი დევნილი ცხოვრობს. მათი რიცხვი 85 ათასს აჭარბებს. აბსოლუტური უმრავლესობა აფხაზეთიდანაა.
ქართულ-აფხაზური კონფლიქტიდან უკვე 2 ათეულ წელზე მეტი გავიდა, თუმცა დღემდე, აფხაზეთიდან დევნილთა საცხოვრებელი ფართით და ნორმალური პირობებით უზრუნველყოფა მწვავე პრობლემად რჩება.
90-იან წლებში, როდესაც ათასობით ადამიანმა საკუთარი სახლ-კარი დატოვა, სახელმწიფო დევნილების განსახლების პროცესს ვერ უზრუნველყოფდა. მათი ნაწილი სტიქიურად იკავებდა საავადმყოფოების, საბავშვო ბაღების, სასტუმროების, უნივერსიტეტების, ქარხნების, სკოლების და სხვა სახელმწიფო დაწესებულების შენობებს. ნაწილი – ნათესავებთან დასახლდა. სამეგრელოში დღეს დევნილთა რამდენიმე კომპაქტური დასახლებაა, სადაც გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს და სახელმწიფოსგან საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ელოდება ასობით ოჯახი.
სოციალური დახმარების იმედად
ზუგდიდის რაიონული საავადმყოფოს კუთვნილ ნახევრად დანგრეულ შენობაში დევნილები, უკვე 22 წელია, ცხოვრობენ. მათ უმრავლესობა სოციალურად დაუცველი სტატუსით სარგებლობდა, თუმცა ბოლო ორი წლის განმავლობაში ბევრს ეს სტატუსი შეუჩერეს.
მათ შორისაა ჯულიეტა აბურჯალია, გალიდან დევნილი.
ჯულიეტა მარტოხელაა, ყოფილი საავადმყოფოს შენობაში ერთ ოთახში ცხოვრობს. ეს ოთახია – სამზარეულოც, საძინებელიც და მისაღებიც.
ის, რომ ფულად დახმარებას ვეღარ მიიღებს, ჯულიმ მოულოდნელად, წინასწარ გაფრთხილების გარეშე გაიგო.
“დედამიწის ზურგზე სხვა არანაირი შემოსავალი არ მაქვს. ამ თანხით გამქონდა თავი. ვიხდიდი ელექტროენერგიის გადასახადს, ვყიდულობდი პურს და კარტოფილს. გაჭირვებით ვისტუმრებდი თვიდან თვემდე მაღაზიაში აღებულ ნისიებს. ერთი თვე უკვე ვიყავი უშუქოდ, ჩამიჭრეს. ავადმყოფი ქალი ვარ, ზამთარში რა მეშველება?” – ამბობს ის.
საქართველოში ათასობით ოჯახი იღებს სოციალურად დაუცველთა ფულად დახმარებას, რომელიც 30 ლარიდან იწყება და 60 ლარს არ აღემატება.
კიდევ უფრო მეტი ოჯახი კი ამ დახმარებას ითხოვს და, სხვადასხვა მიზეზის გამო, ან მოხსნილი აქვთ ან საერთოდ არ დაუნიშნავთ.
ეკუთვნის თუ არა ოჯახს დახმარება, ამას სოციალური აგენტები სარეიტინგო ქულების რაოდენობით განისაზღვრავენ.
ჯულიეტას თქმით, მას სოციალური დახმარება იმიტომ მოუხსნეს, რომ სახლში ნათესავის ნაჩუქარი პატარა, საბჭოთა ეპოქის დროინდელი მაცივარი აქვს: “რახან ეს ძველი მაცივარი მიდგას, იფიქრეს, რომ მილიონერი ვარ. ვაი, მაგათ პატრონს.”
შენობა, სადაც ჯულიეტა და მისი მეზობლები ცხოვრობენ, ამორტიზებულია – კედლებიდან არა მარტო ბათქაში, აგურებიც ცვივა. წვიმიან ამინდში სახურავიდან წყალი ოთახებში ჩადის.
ფანჯრები მორყეულია, ზოგს შუშის მაგივრად ცელოფანის პარკი აქვს აფარებული.
ყველაზე მეტად აქაურები იმას ჩივიან, რომ არ ფუნქციონირებს კანალიზაცია. ყველა ოჯახი საერთო საპირფარეშოთი სარგებლობს და ეს ანტისანიტარიის მიზეზი ხდება.
აქ მცხოვრებთა უმრავლესობა უმუშევარია. მათ არც სასოფლო-სამეურნეო გამოყენების მიწები აქვთ. უმრავლესობა
სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფება. მათი ძირითადი შემოსავლის წყარო დევნილთა ან სოციალური დახმარებაა. ზოგი – გარე ვაჭრობით ირჩენს თავს.
იმის გამო, რომ დევნილები ლუკმა-პურის შოვნას ყიდვა-გაყიდვით ცდილობენ, გარე მოვაჭრობა ზუგდიდში ყოველ ფეხის ნაბიჯზეა გაჩაღებული.
ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე პურით, ხილ-ბოსტნეულითა და სხვა პროდუქტებით დატვირთულ დახლებს შეხვდებით – გამყიდველების დიდი ნაწილი დევნილია. მათ ადგილობრივი ხელისუფლება ბაზრის გარეთა პერიმეტრზე მუშაობას უკრძალავს, თუმცა ისინი მუდმივად საპროტესტო აქციებს აწყობენ და ვაჭრობას აგრძელებენ.
ახალი სახლი ახალ უბანში
ზუგდიდის რაიონში დევნილების 207 ჩასახლების ობიექტია, სადაც 4 273 ოჯახი ცხოვრობს. დევნილთა შემწეობა, რომელსაც ისინი ყოველთვიურად იღებენ 45 ლარს შეადგენს.
მთავრობა ეტაპობრივად ცდილობს დევნილთა საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფას, მაგრამ პროცესი იმდენად ნელა მიდის და ბინის მომლოდინე იმდენად ბევრია, რომ საერთო ფონი ჯერჯერობით არ იცვლება.
ბოლო 4 წლის განმავლობაში სამეგრელოში მცხოვრებ დევნილებს სახელმწიფო საკუთრებაში 800- მდე ბინა გადაეცათ.
გარდა ამისა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 14 დევნილ ოჯახს “თავშესაფრით უზრუნველყოფისა და სათემო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის” პროექტის ფარგლებში სახლები აუშენეს და, პარალელურად, შემოსავლის წყაროს გაჩენის მიზნით, მცირე გრანტებიც გადასცეს.
ამ ეტაპზე ზუგდიდში დევნილებისთვის 4 თორმეტსართულიანი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს. ახალ კორპუსებში საცხოვრებელ ფართს 288 დევნილი ოჯახი მიიღებს.
საერთო ჯამში, მიმდინარე და დაგეგმილი მშენებლობების დასრულების შემდეგ ზუგდიდში 26 თორმეტსართულიანი კორპუსი იქნება, სადაც 2016 დევნილი ოჯახი იცხოვრებს.
თუმცა, ისინიც, ვინც ბინებით უზრუნველყვეს, სოციალურ დახმარებას ითხოვენ, რადგან საარსებო შემოსავალი არ აქვთ.
უმუშევრობა საქართველოს ნომერ პირველი გლობალური პრობლემაა, რომელიც ერთნაირად აწუხებს დევნილ და ადგილობრივ მოსახლეობასაც.
გალიდან დევნილი ციალა ქობალია ერთ-ერთი მათ შორის, ვისაც ახლად აშენებულ კორპუსში ბინა მისცეს.
“როდესაც ჩემი საკუთარი ბინის გასაღები დამაკავებინეს, არ ვიცოდი სიხარულისგან რა მექნა. საცხოვრებელი პირობები ახლა უკეთესი მაქვს, მაგრამ ყოველდღიურად მიწევს იმაზე ფიქრი, რა ვაჭამო ჩემს ავადმყოფ შვილს, რომლის პენსიით ვცხოვრობთ მთელი ოჯახი. ჩვენი მთავარი თხოვნა დასაქმებაა,” – ამბობს ციალა ქობალია.
წინასაარჩევნო მარათონი და დევნილთა იმედები
სულ მალე საქართველოში საპარლამენტო არჩევნებია, ზუგდიდი კი წინასაარჩევნო ციებ-ცხელების ლამის ეპიცენტრად იქცა.
საქმე ისაა, რომ საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის ზუგდიდის N67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში ოპოზიციური პარტიიდან, “ნაციონალური მოძრაობიდან” კენჭს იყრის საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი, რომელიც სახელისუფლებო კანდიდატის სერიოზულ მოწინააღმდეგედაა მიჩნეული.
ქალაქი გადაჭედილია წინასაარჩევნო ბილბორდებითა და პლაკატებით.
ცენტრალურ პარკში, ხალხმრავალ ადგილებში, ქუჩებსა და დევნილთა დასახლებებში ხშირად ნახავთ სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებს, რომლებიც ფეხით დადიან, ხვდებიან ხალხს და ათასგვარ დაპირებებს აძლებენ.
დევნილები, ტრადიციულად, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თემაა წინასაარჩევნოდ.
დაპირებები, როგორც წესი, ყველა პარტიის მხრიდან ერთნაირია – დაწყებული პატრიოტული ლოზუნგებით, რომ “ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით აფხაზეთში”, დამთავრებული მათი ყოფითი პრობლემების მოგვარებით.
მმართველი პარტიის “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი მერაბ ქვარაია, დევნილებს პირობას აძლევს, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში დევნილებისთვის 10 ათასი ახალი ბინა აშენდება, 1500 ოჯახი კი ახალ სახლს მიიღებს.
ამ დაპირებების არ სჯერა ოპოზიციას, რომელიც ხელისუფლებას დევნილთა კორპუსების ასაშენებლად გამოყოფილი ფულის გაფლანგვაში ადანაშაულებს და საცხოვრებელი ბინების გადანაწილების პროცესში არსებულ კორუფციასა და ნეპოტიზმზე მიუთითებს.
დევნილთა ნაწილი არჩევნების შემდეგ ცვლილებებს ელოდება. ნაწილი მიიჩნევს, რომ მათი ყოფა არჩევნების შემდეგაც მძიმე იქნება.
“წამლად რომ გინდოდეს, ვერც ერთ პოლიტიკოსს ვერ ნახავ და ახლა სახლში გვივარდებიან. უკვე დაიწყეს სიარული და ოქროს კოშკებს გვპირდებიან, ოღონდ კი ხმა მივცეთ. მე პირადად არც ერთი პარტიის არ მჯერა. აბა, იმ ქვეყანას რამე ეშველება, სადაც პოლიტიკოსების მთავარი დაპირება სოციალურ დახმარებაა?!” – ამბობს აფხაზეთიდან დევნილი ალიკა ქობალია.
გამოქვეყნებულია: 22.09.2016