საქართველოში სიკვდილიანობა კვლავ აღემატება შობადობას — უარყოფითი ბუნებრივი მატება 2025 წელსაც შენარჩუნდა
გაზიარება
გაზიარება
დემოგრაფიული მდგომარეობა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2025 წლის ძირითად დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს. ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში გარდაცვლილთა რიცხვმა დაბადებულებს გადააჭარბა, რაც ბოლო ხუთწლიანი ტენდენციის გაგრძელებაა.
საქსტატის ინფორმაციით, 2025 წელს საქართველოში 37,867 ბავშვი დაიბადა, ხოლო 44,319 ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვალების მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 0.8%-ით გაიზარდა, მაშინ როცა შობადობა 4.1%-ით შემცირდა.
უარყოფითი ბუნებრივი მატება, სხვაობა დაბადებებსა და გარდაცვალებებს შორის -6,452 ერთეულით განისაზღვრა. მსგავსი მაჩვენებელი ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში დაფიქსირდა, გარდა თბილისის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქვემო ქართლისა.
დაბადებულთა შორის 19,856 ბიჭი და 18,011 გოგოა. ყველაზე მეტი ბავშვი თბილისში (14,334) დაიბადა, ხოლო ყველაზე ცოტა, 191, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში.
სტატისტიკა მიუთითებს ცვლილებებზე ოჯახურ სტრუქტურაშიც: პირველი შვილის წილი მცირედ გაიზარდა და 36.6% შეადგინა, მაშინ როცა მეორე შვილის წილი 32.9%-მდე შემცირდა. მესამე და მომდევნო შვილების მაჩვენებელი თითქმის უცვლელი დარჩა — 29.1%.
მონაცემებში ასაკობრივი განაწილებაც იცვლება: 25 წლამდე ასაკის დედების მიერ გაჩენილი ბავშვების წილი შემცირდა 21.9%-მდე, მაშინ როცა 25-დან 39 წლამდე ასაკის დედების წილი გაიზარდა და 70.4% შეადგინა. ზრდა ფიქსირდება 40 წელს გადაცილებულ დედებშიც, მათი წილი 7.7%-მდე გაიზარდა. პირველი ბავშვის დაბადებისას დედის საშუალო ასაკი 27.4 წელია.
გარდაცვალების მხრივ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისში დაფიქსირდა – 12,743 შემთხვევა, ხოლო ყველაზე დაბალი კვლავ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში – 585.
ქორწინებისა და განქორწინების სტატისტიკა განსხვავებულ ტენდენციას აჩვენებს: 2025 წელს საქართველოში 22,285 ქორწინება დარეგისტრირდა, რაც წინა წელთან შედარებით 2.9%-ით მეტია. პირველი ქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის 30.1 წელი, ხოლო მამაკაცებისთვის 32.4 წელი იყო. ამასთან, განქორწინებების რაოდენობა 13,173-მდე შემცირდა, რაც წლიურად 2.6%-იან კლებას ნიშნავს.