დედობის დეფიციტი
50 წლის შემდეგ ქართველები, შეიძლება, გადაშენების პირას მდგარი ეთნიკური ჯგუფების სიაში შეიყვანონ. დემოგრაფების პროგნოზით, 2017 წლიდან საქართველოში მოსახლეობის კლება დაიწყება და მოკლე დროში შობადობა ორჯერ შემცირდება.
ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ძალიან მცირეა იმ ქალების რიცხვი, რომლებიც ამ პერიოდში შვილოსნობის ჯგუფში შედიან. შედარებისთვის აღვნიშნოთ, რომ 1990-2000 წლებში საქართველოში სულ 225 ათასი გოგონა დაიბადა, რაც 1980-1990 წლების შუალედის ანალოგიურ მაჩვენებელზე ორჯერ ნაკლებია. ასეთი დეფიციტის გამო, ქვეყნის მოსახლეობა 1მილიონ 170 ათასი ადამიანით შემცირდება. უკანასკნელი აღწერის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა 3 729 635 ადამიანს შეადგენს.
მსოფლიო ბანკისა და გაერო-ს მოსახლეობის ფონდის დაფინანსებით საქართველოში ჩატარებული კვლევის თანახმად,
1990 წლიდან 2010 წლამდე შუალედში, სელექციური აბორტების შედეგად, 25 ათასი გოგონა არ დაიბადა. სპეციალისტების გამოთვლებით, ყოველ 105 ახალშობილ ვაჟზე 100 ახალშობილი გოგონა მოდის. 2008 წლიდან 2012 წლამდე ეს შეფარდება იყო 112/100, ზოგიერთი მონაცემით კი – 128/100.
არ იქმნება ოჯახები
საქართველოში მცირე ხნის წინ ოჯახის შექმნისთვის იდეალურ ასაკად 25 წელი (ქალებისთვის) და 27-28 წელი (მამაკაცებისთვის) მიიჩნეოდა, თუმცა ბოლო წლებში გაცილებით უფროს, დაახლოებით 35 წლის ასაკში ქორწინების ტენდენცია შეინიშნება. დღეს ოცი წლის ახალგაზრდები გაცილებით უფრო მიზანსწრაფულები და კარიერაზე ორიენტირებულნი არიან, ვიდრე მათი მშობლები იყვნენ ამ ასაკში. თუმცა, 35 წლის ასაკში სპონტანურ გადაწყვეტილებებს უფრო იშვიათად იღებ, ვიდრე მაშინ, როდესაც 20 წლის ხარ. ეჭვი, არგუმენტების ანალიზი და ორჭოფობა ზოგჯერ ქორწინების გადადების, ან საერთოდ, გაუქმების მიზეზი ხდება ხოლმე.
გარდა ამისა, ბოლო წლებში საქართველოში ძალიან შეიცვალა სოციალური როლები. ქალები ისეთი დამჯერი დიასახლისები აღარ არიან, როგორებსაც აკვნიდანვე ხედავდნენ მამაკაცები. რთული წარმოსადგენია, როგორ უნდა შექმნა ოჯახი ამ ახალ, დამოუკიდებელ და მომთხოვნ ქალთან.
არ არის საკმარისი ფული
ამჟამად საქართველოში შობადობის მაჩვენებელი სიკვდილიანობის მონაცემებს აჭარბებს, თუმცა საქართველოს იმ მოქალაქეების რიცხვი, რომლებიც შემოსავლის მისაღებად საზღვარგარეთ მიეშურებიან, ჯერ კიდევ მაღალია.
ლიკა სამი წლის წინათ გაემგზავრა გერმანიაში. სახლში, საქართველოში, მას პატარა ვაჟი ელოდება. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ორი, ან მეტი შვილი უნდოდა, ჰყოლოდა, ერთს ბავშვს ძლივს არჩენს. ბიჭს ბებია და ბაბუა ზრდიან, დედამისი კი მთელი არსებით ელოდება იმ დღეს, როდესაც სამშობლოში დაბრუნდება. დრო მიდის და ფიქრები მეორე შვილის გაჩენასთან დაკავშირებით სულ უფრო იშვიათად უჩნდება, რადგან მშობიარობის შემთხვევაში, შემოსავალზე უარის თქმა მოუწევს.
საკითხის სათანადოდ აღქმის პრობლემა
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, ავთანდილ სულაბერიძე, დემოგრაფიული უსაფრთხოების კონცეფციის თანაავტორი, საქართველოს დემოგრაფიული პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი წარმმართველია.
მისი აზრით, ის პროექტები, რომლებიც მრვალშვილიანი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვისაა გამიზნული, მხოლოდ იმ ოჯახების მხარდასაჭერადაა შექმნილი, რომლებმაც უკვე გადაწყვიტეს ბევრი შვილის ყოლა, მაგრამ ქართული ოჯახების ძირითადი მასაზე არ მუშაობს. სულაბერიძე მიიჩნევს, რომ საჭიროა მრავალშვილიანი ოჯახის პოპულარიზაცია, რომელიც, უკვე დიდი ხანია, ქართული კულტურიდან გაქრა.
დემოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორი სიამაყით აღნიშნავს, რომ რამდენიმე წლის წინათ სწორედ მან შესთავაზა პატრიარქს, ოჯახის ყოველი მესამე ბავშვი მოენათლა. ამ ინიციატივის მიხედვით, პატრიარქი ილია მეორე კანონიერ ქორწინებაში მყოფი წყვილის ყოველი მესამე და მომდევნო შვილის ნათლია ხდებოდა. საოცარია, მაგრამ ეს ინიციატივა ერთობ ეფექტიანი გამოდგა – 2007 წელს ახალშობილთა შორის ოჯახში რიგით მესამე შვილებს პროცენტული წილი 10 პროცენტს შეადგენდა, დღეს კი ეს მაჩვენებელი 18,5 პროცენტს უდრის.
‘გთავაზობთ, მცირე ასაკიდანვე ვიმუშაოთ ბავშვებთან – ბავშვს მრავალშვილიანი ოჯახის შექმნის აუცილებლობა ქვეცნობიერის დონეზე ჩავუნერგოთ’- არ ნებდება დემოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორი. ‘აი, წარმოიდგინეთ მათემატიკის გაკვეთილი. ხომ შეიძლება, უსულო საგნების ნაცვლად, ბიჭები და გოგონები შეკრიბონ, ან ერთმანეთს გამოაკლონ. აუცილებლად ისეთ ზღაპრებზე უნდა აღვზარდოთ ბავშვები, სადაც ბევრი და-ძმაა. ერთი სიტყვით, ეს ყველაფერი ბავშვს განვითარების ადრეულ სტადიაზე უნდა მივაწოდოთ. ამ საკითხზე უნდა ვიმუშაოთ როგორც ოჯახებში, ისე სკოლებში. მხოლოდ მაშინ მივიღებთ სასურველ შედეგს. ყველა სხვა ზომა უბრალოდ მეორეხარისხოვანია.’
არასაკმარისი სახელმწიფო ინიციატივა
საბედნიეროდ, ბავშვების დაპროგრამება მრავალშვილიანობის იდეით დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ერთადერთი საშუალება არ არის. 2013 წლის ივლისიდან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად 200 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო. სახელმწიფომ მშობიარობის 500 ლარით (215 დოლარი) დაფინანსება დაიწყო. საკეისრო კვეთით მშობიარობის შემთხვევაში, დაფინანსება 800 ლარი გახდა. სახელმწიფომ ორსულობის მონიტორინგის დაფინანსებაც დაიწყო. უფასო გახდა ფოლიუმის მჟავა და კიდევ რამდენიმე პრეპარატი, რომელიც განსაკუთრებულ შემთხვევებშია ხოლმე საჭირო.
2014 წლის იანვრიდან დეკრეტული შვებულების ხანგრძლივობა 6 თვემდე გაიზარდა, ერთჯერადი შემწეობა კი – 400 ლარიდან (172 დოლარი) 1000 ლარამდე (431 დოლარი). იმავე წლის ივნისში სახელმწიფომ ოჯახის ყოველ მესამე და მომდევნო შვილზე 150 ლარის (65 დოლარზე ნაკლები), მთიან რეგიონებში კი 200 ლარის (86 დოლარი) გაცემა დაიწყო.
სახელმწიფოს მხრიდან ყოველი მესამე ბავშვის მიმართ გამოვლენილი ეს სიმბოლური მზრუნველობა მისასალმებელია, მაგრამ ხელისუფლება რატომღაც არ ფიქრობს ოჯახის დანარჩენ ორ, უფროს შვილზე.
სტუდია ‘თვითმხილველის’ ფილმი, 2011 წ.
გამოქვეყნდა: 6.04.2016