საქართველოში ათასობით მოსწავლე წლებია ნათხოვარ შენობაში სწავლობს. რატომ ჭიანურდება სკოლების რეაბილიტაცია
დანგრეული სკოლები საქართველოში

ათასობით მოსწავლე საქართველოში წლებია საკუთარ სკოლაში ვერ ბრუნდება. რეაბილიტაციის პროცესის გამო ისინი სხვა სკოლებში ან დროებით შენობებში გადაანაწილეს, თუმცა დაგეგმილი ვადები თითქმის ყველგან დაირღვა. შედეგი არის გადატვირთული კლასები, სწავლა რამდენიმე ცვლაში და არეული დღის რეჟიმი. რატომ ვერ სრულდება სკოლების რეაბილიტაცია დროულად და ვინ აგებს პასუხს გაჭიანურებულ პროცესზე?
___________________________________________________________
საქართველოში ათობით სკოლაში დღეს ცარიელი კედლები და გაჩერებული მშენებლობაა.
პროგრამამ, რომელსაც საგანმანათლებლო გარემო უნდა გაეუმჯობესებინა, ათასობით მოსწავლე და მასწავლებელი საკუთარი შენობებიდან “გაასახლა”.
ის, რაც დროებითი გამოსავალი უნდა ყოფილიყო, წლობით გაწელილ გაურკვევლობად იქცა. ბავშვები ალტერნატიულ ფართებში შეასახლეს – უმეტესობა სხვა დიდ სკოლაში, ნაწილი სხვა შენობაში.
ეს არ ყოფილა მხოლოდ მისამართის შეცვლა – ეს არის სწავლა რამდენიმე ცვლაში, გადატვირთული კლასები, მოსწავლეების და მშობლების არეული დღის რეჟიმი.
- რას მოიცავს “ქართული ოცნების” განათლების რეფორმა – კონცეფცია
- სიმონ ჯანაშია: ოცნების მიზანია, მეტად იყოს განათლების სისტემა დამოკიდებული პარტიის ინტერესებზე
ეს სტატია იკვლევს – როგორ პირობებში სწავლობენ მოსწავლეები, რა არჩევანის წინაშე დააყენა ამ პროცესებმა ისინიც და მათი მშობლებიც, რატომ გაიწელა პროცესები წლობით, და საერთოდ, როგორ ხედავს და აღიქვამს სახელმწიფო ბავშვებსა და მათ ინტერესებს.
ისნიდან ვარკეთილში – ნინის და გიგის ამბავი
“ვაგვიანებთ, გაგვასწრებს ავტობუსი” – მარი ცდილობს სწრაფად შემოაცვას ქურთუკები 6 წლის გიგის და 9 წლის ნინის (ყველა სახელი შეცვლილია) და სასკოლო ტრანსპორტის გაჩერებებთან მიასწროს.
გაჩერებამდე მანქანით მიდიან. ნინი და გიგი ერთ სკოლაში სწავლობენ, თუმცა სხვადასხვა ტრანსპორტით დადიან. მარი ჯერ ერთ ქუჩაზე, მეორეკლასელ გიგის ტოვებს მიკროავტობუსთან. მერე პარალელურ ქუჩაზე გარბის, იქ მეოთხეკლასელი ნინის ავტობუსი უნდა ჩამოდგეს.
ეს ქაოსი მარის ცხოვრებაში გასულ წელს დაიწყო, როცა მისი შვილების სკოლა სარეაბილიტაციო სკოლების ნუსხაში ჩასვეს. სკოლა მალევე დაცალეს და შემოღობეს.
მარი ქმართან და ორ შვილთან ერთად ისნის რაიონში ცხოვრობს. სკოლა შვილებისთვის პრაგმატული გათვლით, სახლთან ყველაზე ახლოს შეარჩია – 99-ე საჯარო სკოლა.
ამ სკოლაში ნინიმ სამი კლასი და ერთი სემესტრი, გიგიმ კი მხოლოდ პირველი კლასის პირველი სემესტრი ისწავლა. 2025 წლის მარტში, სკოლა დაცალეს და ბავშვები ალტერნატიულ ფართში, ვარკეთილის უბნის 182-ე საჯარო სკოლაში გადაიყვანეს.

ახალი სკოლა შორსაა, ამიტომ მოსწავლეებს ტრანსპორტი გამოუყვეს. გაკვეთილები13:15 საათზე იწყება – მეორე ცვლაში. სასკოლო ტრანსპორტი 12:45 საათზე გადის.
მარისთვის ტრანსპორტის ლოჯისტიკაც მოუხერხებელია – პირველი და მეორე კლასის მოსწავლეები, დამრიგებლებთან ერთად, მიკროავტობუსებით დაჰყავთ. სხვა მოსწავლეები დიდი ავტობუსებით დადიან. 99-ე სკოლა დიდკონტიგენტიანი იყო – ყველა მოსწავლის წასაყვანად იმდენი ტრანსპორტია საჭირო, რომ ეს მიკროავტობუსები და ავტობუსები ერთ ქუჩაზე ვერ ეტევა და ორ პარალელურ ქუჩაზე ნაწილდება.
“ბევრი მშობელია, მათ შორის მეც, ვინც ჯერ დილით ორივე ქუჩაზე უნდა მოასწროს შვილის მოყვანა და მერე, საღამოს, ასევე ორივე ქუჩაზე დაელოდოს. მირბიხარ ხან ერთ ადგილას, ხან მეორე, რომ რომელი შვილის ავტობუსიც უფრო ადრე მოვა, ის წამოიყვანო”, – ამბობს მარი.

182-ე სკოლამდე, ტრანსპორტი, შუადღეს, ნაკლებად გადატვირთულ მოძრაობაში, 15 წუთში მიდის. მიკროავტობუსები სკოლასთან ახლოს ჩერდებიან, ავტობუსები კი, გზის პრობლემის გამო, უფრო შორს:
“გაჩერებიდან ბავშვები, მასწავლებლის მეთვალყურეობით, დაახლოებით ათი წუთი ფეხით მიდიან სკოლამდე. გზად მანქანების მოძრაობაცაა. ასე ხდება ქარში, წვიმაში, თოვლში თუ მზეში. დადიან ბავშვები მოუწესრიგებელ, ვიწრო, ათხრილ ტროტუარზე, სადაც წვიმისას საშინელი ტალახია”.
გაკვეთილების დასრულება უკვე პიკის საათს და საცობების პერიოდს ემთხვევა. ამიტომ, ზუსტად რომელ საათზე ჩამოდგება ისანში ვარკეთილიდან წამოსული სასკოლო ავტობუსები, მშობლებმა არასოდეს იციან.
“ვერაფრით გათვლი ზუსტ დროს, როდის მოგიყვანენ შენს შვილს”, – ამბობს მარი.
ეს ნიშნავს, რომ მშობლები სხვას ვერაფერს გეგმავენ შვილებისთვის – ვერც კლასგარეშე წრეებს, რომლებიც უმეტესად საღამოს საათებშია, ვერც სხვა რაიმე აქტივობებს. ნინის და გიგის მგზავრობაც ღლით და არაფრის თავი არ აქვთო, ამბობს მარი და გვიყვება, რომ თავიდან ბავშვებს ეხალისებოდათ ავტობუსით მგზავრობა, მაგრამ, მალე დაიღალნენ, ხშირად წუწუნებენ ტრანსპორტში უჰაერობაზე, ერევათ გული:
“ყვითელი “მარშუტკებიც” ემსახურებათ. კარის მხარეს რომ ერთი სკამია, ერთხელ იქ მჯდარა ჩემი შვილი და დამუხრუჭებისას ასასვლელ კართან ჩავარდნილა, გადამხობილა”.
მარი არ მუშაობს. ამიტომ, როგორღაც ახერხებს ასე ირბინოს გაჩერებებზე. ხან ქმარი ენაცვლება. ვისი შვილებიც სხვადასხვა ცვლაში სწავლობენ, ის მშობლები მთელ დღეს სკოლა-სახლის გზაზე ატარებენ.
ეს ისტორია არ არის გამონაკლისი. ასეთი რეჟიმით საქართველოში ათასობით მშობლიური სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვი ცხოვრობს.
რატომ დაიწყო საქართველოში საჯარო სკოლების დაცლა და რა ვიცით ასეთი სკოლების რაოდენობაზე
თბილისის 99-ე საჯარო სკოლა, რომლის რემონტიც, სხვათა შორის, ჯერ ისევ არ დაწყებულა, ერთადერთი ასეთი სკოლა არ არის. საქართველოს მასშტაბით, ათობით ასეთი სკოლაა. მიზეზი – სასკოლო ინფრასტრუქტურის სრული განახლება. ასე ამბობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამა, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ამჟამად პატიმარი ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, 2022 წელს დაიწყო. პროგრამა ჯამში 800 სკოლის განახლებას ითვალისწინებდა – 80 სკოლა თავიდან აშენდებოდა, 720 კი გარემონტდებოდა. პროექტის ბიუჯეტი 1 მილიარდი ლარია.
განათლების სამინისტრო ამბობს, რომ მისი განხორციელებით, 230 000-ზე მეტი მოსწავლე ისარგებლებს.

სულ რამდენი სკოლაა დაცლილი და რამდენი მოსწავლეა ალტერნატიულ ფართში, არ ვიცით. ინფორმაცია განათლების სამინისტროს საიტზე ან, მის ანგარიშებში არ იძებნება. უწყებაში გვითხრეს, რომ ეს ინფორმაცია თავმოყრილად არც არსებობს, დასამუშავებელია და ამიტომ, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის ფორმით უნდა მოვითხოვოთ.
საქართველოს სტატისტიკის სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 2 086 საჯარო სკოლაა. ამ სკოლებში, ამ სასწავლო წელს, 570 ათასზე მეტი მოსწავლე ირიცხება.
ფაქტების გადამოწმების პლატფორმა “ფაქტმეტრის”ინფორმაციით, ჯერ კიდევ ორი წლის წინ, 2024 წელს, სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის გამო, ალტერნატიულ ფართებში 21 203 მოსწავლე იყო გადანაწილებული.
სკოლების რეაბილიტაცია 2009 წლიდან, განათლების სამინისტროს სსიპ-ის, „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს“ მოვალეობა იყო. 2025 წლის 1 სექტემბრიდან ეს სსიპ-ი გააუქმეს. ამ სააგენტოს საიტიც კი გათიშულია.
სააგენტოს გაუქმების შემდეგ, პროცესი ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაექვემდებარა. ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ 2025 წლის ბოლოს, 29 ოქტომბერს, პარლამენტში თქვა, რომ სამინისტროს სსიპ-იდან მათ 77 სკოლის პროექტი გადაეცათ, საიდანაც 53 თავიდან შენდება, 14 რემონტდება, 10 კი პროექტირების ეტაპზეა.
ამავე დღეს მინისტრმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე პრიორიტეტულად განსაზღვრულია 135 სკოლა. მისი პროგნოზით, ამ წლის ბოლოს 32 სკოლის მშენებლობისა და 9 სკოლის რემონტის დასრულებაა დაგეგმილი.
რა პრობლემებს ქმნის გადატვირთული სკოლები. თათიას და დაჩის არეული რეჟიმი
საქართველოს ზოგ სკოლაში, განსაკუთრებით, დიდკონტიგენტიან სკოლებში, ისედაც ორ ცვლაში სწავლობდნენ. ახალი სკოლების შესახლებით, ზოგ სკოლას მესამე ცვლაც დაემატა. ზოგან, სადაც ორი ცვლა აქამდე არ იყო, მასპინძელი სკოლაც იძულებული გახდა, მისი მოსწავლეები გადაენაწილებინა. პრინციპი უმეტესად ერთნაირია – უფროსკლასელები დილის ცვლაში არიან, პატარა ასაკის მოსწავლეები, მეორე ცვლაში.
დაჩი და თათია ვარკეთილის 146-ე სკოლაში სწავლობენ. თათია მესამე კლასშია, დაჩი მეხუთეში. დაჩი სკოლაში რომ შევიდა, ვარკეთილის ამ სკოლას უკვე შემოსახლებული ჰყავდა ასევე ვარკეთილის 152-ე საჯარო სკოლა. ორივე სკოლა დიდკონტიგენტიანია. ამიტომ, ამ სკოლაში სამ ცვლაში სწავლობენ.

“ეს არის ჯოჯოხეთი” – ასე აღწერს ორი სიტყვით დაჩის და თათიას დედა მეგი წიკლაური, შვილების სხვადასხვა ცვლაში სწავლას. ამბობს, რომ ბავშვებს ყველანაირი რეჟიმი არეული აქვთ:
“დილით 11 საათზე ვაღვიძებ უმცროსს, თათიას, იმიტომ, რომ საღამოს გვიან მოვიდა და გვიან დაიძინა. საუზმობს და გავრბივართ სკოლაში. იქ რჩება ხუთ საათამდე, ანუ, სადილს ტოვებს, სკოლაში ჭამს მშრალ საკვებს, რასაც სახლიდან ვატან. ხუთიდან რვა საათამდე უნდა მოასწროს ჭამაც, დასვენებაც და მეცადინეობაც (ნელა ჭამს ძალიან). რვა საათზე გავრბივართ უკან სკოლაში, ცეკვაზე. იქ ვართ ათ საათამდე. იქიდან მოდის დაღლილი, სჭირდება ბანაობა, ითენთება, შია. შეიძლება 10-11 საათზე ჭამოს და მერე უნდა დაიძინოს. თუ მანამდე ვერ დაასრულა მეცადინეობა, ამ დროს უკვე აღარ აქვს თავი”.
ასეთ გადატვირთულ სკოლებში პრობლემაა სათანადო დასუფთავება:
“ერთი კლასი გამოდის, მეორე შედის. დამლაგებელი ვერ ასწრებს, თავად დამრიგებლები ხვეტენ ოთახებს. ნორმალურად არ ნიავდება. ისედაც არ არის სკოლა იდეალურ მდგომარეობაში. თათიას კლასის წინ ბიჭების საპირფარეშოა, კლასშიც სუნია. ერთხელ მასწავლებელს ვუთხარი და არაო, არ არის სუნიო. ალბათ ისე მიეჩვივნენ, ვეღარ გრძნობენ”.
ამდენი ბავშვის გამო, საპირფარეშოში ისე ხშირად თავდება ტუალეტის ქაღალდი, მეგი შვილებს სველ და მშრალ ხელსახოცებს სახლიდან ატანს. ცდილობენ, იშვიათად შევიდნენო.
შვილების ასეთი განრიგის გამო, მეგის დღის განრიგიც სრულიად არეულია. სამსახურს მას შემდეგ იწყებს, როცა უმცროს შვილს სკოლაში გააცილებს, ამიტომ, გვიან ამთავრებს. მამაც მუშაობს, ამიტომ, მეგი იძულებულია, ძიძა ჰყავდეს.
კორუფციის ნიშნები სკოლების რეაბილიტაციის პროცესში

სკოლების განახლება საქართველოში 2022 წელს არ დაწყებულა. საქართველოს სახელმწიფო აუდიტის ანგარიშმა, რომელიც 2025 წლის მაისში გამოქვეყნდა და 2019-2022 წლების პერიოდს ეხება, აჩვენა, რომ სკოლების მშენებლობა-რემონტის პერიოდში მთელ რიგ ხარვეზებს ჰქონდა ადგილი.
მათ შორის, ხშირი იყო თანხების გადამეტებული ხარჯვა, იმიტომ, რომ თავის დროზე, სათანადოდ არ მოხდა პროექტირება. არავინ აღწერდა ვარგისიან მასალებს სკოლების დემონტაჟისას, რაც ქმნიდა რისკებს, რომ ამ მასალებს ვიღაც ბოროტად გამოიყენებდა.
ზოგჯერ რაც პროექტში ეწერა, არ ემთხვეოდა სკოლის რეალურ საჭიროებას. ამიტომ, ბევრჯერ იცვლებოდა ხელშეკრულება. ეს ვადებს აჭიანურებდა.
სკოლების ნაწილში ერთი და იგივე სამუშაოები რამდენჯერმე ტარდებოდა და ზედმეტად იხარჯებოდა ასობით ათასი ლარი. მაგალითად, აუდიტის დასკვნაში წერია, რომ:
რუსთავის 25-ე და 26-ე, ასევე, სოფლების: ნორიოს და გამარჯვების სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, 89 სახის სამუშაო გასწიეს ხელმეორედ და ამისთვის, ტყუილად დაიხარჯა ერთ მილიონამდე ლარი – 847,187.
გახმაურდა რამდენიმე კორუფციული სკანდალიც. დაპატიმრებულია არაერთი მაღალჩინოსანი, რომელიც დაკავშირებული იყო სკოლებისა და ბაღების რეაბილიტაციასთან. მათ შორის, ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კახა გაბუნია. ასევე, მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი დავით ტაბიძე და კიდევ რამდენიმე თანამშრომელი. (ეს ფონდი ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებაა და ის აცხადებს სკოლა-ბაღებისთვის ტენდერებს).
ერთ-ერთ საქმეში გამოჩნდა “ქართული ოცნების” დეპუტატის, ირაკლი ზარქუას დის ოჯახიც. კომპანია “ლაგი კაპიტალის” წევრები ახლა ასევე დაპატიმრებული არიან იმის გამო, რომ 30 ბაღისა და 4 სკოლის ასაშენებელი 9 მილიონი ლარი მიითვისეს უკანონოდ.
დეპუტატი ზარქუა ირწმუნება, რომ მისი დის ოჯახმა ეს კომპანია გაყიდა. ეს მართლაც ასეა. მაგრამ, მაშინ როცა სახელმწიფო ტენდერების მოგება დაიწყო, კომპანია “ლაგი კაპიტალი” ნამდვილად ზარქუას დის ოჯახს ეკუთვნოდა.
აი მაგალითად, ამ ტენდერში რომელიც 2023 წლის იანვარშია გამოცხადებული, “ლაგი კაპიტალს” 20 მლნ ლარი მისცეს შიდა ქართლის სკოლების ასაშენებლად. ხელშეკრულება 2023 წლის აპრილშია გაფორმებული. ამ დროს კომპანიას ისევ დეპუტატის დის ქმარი ფლობს – შპს ჯე5, ალექსანდრე ამისულაშვილი. ამის შემდეგ ყიდის ამისულაშვილი ამ კომპანიაში მისი წილს – 2023 წლის სექტემბერში.
კიდევ რა აჭიანურებს პროცესს?
რეალურად, საქართველოს მასშტაბით რომ მართლაც ბევრი სკოლაა სარეაბილიტაციო, ეს ორგანიზაციის, “სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის” (CCIIR) 2024 წლის კვლევამაც აჩვენა.
ორგანიზაციამ, საქართველოს მასშტაბით არსებული 2086 საჯარო სკოლიდან, 1561 სკოლის შესახებ შეაგროვა მონაცემები, ანუ, შეისწავლა, 75 პროცენტზე მეტი სკოლა. აღმოჩნდა, რომ ამ სკოლებიდან 59 პროცენტს თავიდან აშენება, სრული ან ნაწილობრივი რემონტი სჭირდება.

იგივე კვლევის თანახმად, ყველაზე მეტი გარემონტებული სკოლა თბილისშია – 51 პროცენტი. ყველაზე ნაკლები კი სამეგრელო – ზემო სვანეთის, გურიის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებში – 11-12 პროცენტი.

პროცესებს მხოლოდ რაოდენობა არ აჭიანურებს.
“ბევრი პრობლემაა” – გვეუბნება ექსპერტი განათლების საკითხებში, სიმონ ჯანაშია და კორუფციის გარდა, სხვა მიზეზებსაც ჩამოთვლის. მაგალითად, არასწორი დაგეგმარება, საკითხების ცოდნა, მომავლის განათლებასთან შესაბამისობა:
“სწორად დაგეგმვაში იგულისხმება არა მხოლოდ რაციონალურად დაგეგმვა, არამედ ის, რომ დემოკრატიულად არ ხდება – არ ეკითხებიან სკოლებს, მაგალითად, რამდენად შეუძლიათ სწავლის ორგანიზება, მას მერე რაც დაანგრევენ. არ ეკითხებიან მშობლებს ან უბნის მაცხოვრებლებს, პირდაპირ იწყებენ, გაფრთხილების გარეშე”.
ეს ნიშნავს, რომ მშობელი ვერ გეგმავს შვილის განათლებას. მაგალითად, მისთვის ცნობილია შემთხვევები, როდესაც მშობლებმა ძლივს დაარეგისტრირეს შვილი რომელიღაც სკოლაში და მერე აღმოჩნდა, რომ ეს სკოლა ინგრევა.
მისივე თქმით, ცალკე პრობლემაა სტრუქტურულად როგორ ხდება მართვა. ის იხსენებს, განათლების სამინისტროს იმ სსიპ-ს დახურვას, სადაც გამოცდილება და ცოდნა გროვდებოდა: “არავინ იცის, სად წავიდა ეს ცოდნა”.
არ შეიძლება მაგალითად, ისეთ დიდ უბანში, როგორიცაა “ნახალოვკა”, ყველა სკოლა ერთდროულად დაანგრიოო, – ამბობს იგი.
“ფაქტმეტრის” ცნობით, 2024 წელს ამ უბანში ერთდროულად დაანგრიეს ექვსი სკოლა – მე-4, მე-9, მე-10, მე-11, მე-14 და 113-ე სკოლები. კიდევ ორ სკოლაში – 112-ე და მე-8 სკოლებში კი იმ დროს რეაბილიტაცია მიმდინარეობდა.
იქნებ ასე იმიტომაც ხდება, რომ მაღალჩინოსნების შვილები უმეტესად არ სწავლობენ საჯარო სკოლებშიო, – ამასაც ვარაუდობს ექსპერტი.

ზოგი მშობელი შვილის კერძო სკოლაში გადაყვანაზე ფიქრობს
ნოა ვარკეთილის 108-ე სკოლის მესამე კლასში სწავლობს, მეორე ცვლაში. მის სკოლას თითქმის შვიდი წელია სხვა სკოლა ჰყავს შეკედლებული.
ზაფხულსა და ზამთარში ნოას გაკვეთილების დაწყებისა და დასრულების დრო სხვადასხვაა. ზაფხულში სწავლა 13:45-ზე იწყება. ზამთარში გაკვეთილები რომ მთავრდებოდა, უკვე ბნელოდა, ამიტომ, დაწყების დრო გადასწიეს. სკოლაც არ იყო ადაპტირებული, მაგალითად, კიბის უჯრედებში განათება არ იყო და სიბნელეში გამოდიოდნენ ბავშვებიო, ამბობს ნოას დედა ქრისტინა ფარჯიანი:
“ეს ნიშნავს, რომ ზაფხულში რომ ააწყობ შენი შვილის დღის რუტინას, ზამთარში უნდა გადააწყო. ახლა მაგალითად, კვირაში 4 დღე, დილით, ნოას კალათბურთის და ჭადრაკის მეცადინეობები აქვს. 1-ლი მარტიდან, როცა ზაფხულის დროზე გადავალთ, მომიწევს ახალ განრიგზე გადავაწყო ყველაფერი”.
ნოას სკოლაში დამხმარე მასწავლებელი სჭირდება, საჯარო სკოლაზე არჩევანი ამიტომ გააკეთეს. გარდა ამისა, სკოლა სახლთან ახლოსაა და როცა დედ-მამას არ სცალია, ნოა ბებიას და ბაბუას გამოჰყავთ. ჰყავთ ძიძაც. ქრისტინა მუშაობს და შუადღეს ნოას სკოლაში წაყვანას ვერ ახერხებს:
“წრეების მერე მიდის ნოა სკოლაში. ჭამს მანქანაში. ხანდახან ვცდილობ ეს წვნიანი იყოს, მანქანა გაძლევს საშუალებას, თბილად შეინახო. არის უკვე დაღლილი. პირველ კლასში ძალიან გაუჭირდა, ისეც შეუჩვეველს, შუადღეს გაკვეთილების დაწყება, კლასში გაძლება და კონცენტრაცია”.
ქრისტინა დირექტორს ძალიან ემადლიერება, – ყველაფერს აკეთებს, რომ ბავშვებმა ნაკლები დისკომფორტი იგრძნონო. მაგრამ, არც თავად და არც ნოას ყველა ჯერზე ყველაფრის თავიდან გადაგეგმვა აღარ შეუძლიათ. ამიტომ, არ გამორიცხავს, მე-5 კლასიდან, როცა ისევ შეიცვლება ცვლა, ნოა კერძო სკოლაში გადაიყვანოს.
რა არჩევანი აქვთ მშობლებს? რომელ სკოლაში უნდა წავიდნენ ტყუპები – თეკლა და სანდრო
სიმონ ჯანაშიას თქმით, ცალკე საკითხია, როგორ იგეგმება სკოლების რეაბილიტაცია დემოგრაფიასთან კავშირში:
“გვაქვს შემთხვევები სოფლებში სადაც ბავშვების რაოდენობა იკლებს, დიდი სკოლები შენდება და გვაქვს ქალაქის სკოლები, სადაც ახალი უბნებია და არაფერი შენდება. ან მუნიციპალიტეტი ყიდის მიწას და აღმოჩნდება, რომ ბავშვებს აღარ ჰყოფნით ინფრასტრუქტურა”.
ზუსტად ამ რეალობის წინაშეა, მაგალითად, თბილისის უბანი დიდი დიღომი – ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მშენებარე უბანი დედაქალაქში. თამთა ჯანაძე, რომელიც ამ უბანში ცხოვრობს, ამბობს, რომ მთელს დიდ დიღომში მხოლოდ სამი საჯარო სკოლაა.
თამთას სამი შვილი ჰყავს. უფროსი, ანა, მეოთხე კლასის მოსწავლეა. უმცროსები, ტყუპი და – ძმა თეკლა და სანდრო ზაფხულში ხდებიან ექვსი წლის და სექტემბრიდან უკვე სკოლაში უნდა წავიდნენ:
“ბუნებრივია, მოფიქრებული მქონდა, რომ შემეყვანა იმავე სკოლაში, სადაც მათი უფროსი და დადის. ეს არის 221-ე საჯარო სკოლა დიდ დიღომში. მაგრამ, აღმოჩნდა, რომ პირველ კლასს არ ექნება პირველი ცვლა. მომიწევს მთელი დღე ვიყო სახლი – სკოლის გზაზე – ჯერ წავიყვანო უფროსი, მერე მოვვარდე სახლში, წავიყვანო უმცროსები, გამოვიყვანო უფროსი და ასე”.
მე, ხომ როგორც დედას, არასოდეს დამრჩება რეალიზების დრო. მაგრამ, კარგი, მოვაგვარებდი ამას, რომ ვიყო დარწმუნებული, შვილები ადექვატურ განათლებას მიიღებდნენო, გვეუბნება ტყუპების დედა:
“სკოლები ისეთი გადატვირთულია, რამდენიმე პარალელური კლასი და თითო კლასში ძალიან ბევრი ბავშვია. სკოლა, რომ ისედაც ვერ აძლევს სათანადო განათლებას, ვიცით და კიდევ ასეთი გადატვირთულობა, რაც კიდევ უფრო ამცირებს შესაძლებლობას, რომ მასწავლებელი ყველას მიაქცევს სათანადო ყურადღებას”.
თამთამ ყველა შესაძლო ვერსია განიხილა ოჯახში – გაყიდონ სახლი და საცხოვრებლად გადავიდნენ სხვა უბანში, სადაც ბევრი სკოლაა (რადგან დიდ დიღომში სამივე სკოლაში პირველი კლასი მეორე ცვლაა). ეს დამატებითი ხარჯი და პრობლემაა. კერძო სკოლა – მაგრამ, სამი შვილი ყველაზე ბიუჯეტურ კერძო სკოლაშიც რომ შეიყვანოს, წელიწადში 25-30 ათასი ლარი დასჭირდებათ. ეს, ოჯახისთვის, ამ ეტაპზე, მძიმე ტვირთია.
“ძალიან მძიმე არჩევანის წინაშე მაყენებს სისტემა”, – გვეუბნება თამთა და აგრძელებს: “ამხელა უბანში სამი სკოლაა და ძლივს მივაღწიეთ, გზა დაეგოთ ანას სკოლამდე, რომ ტალახში არ გვევლო. მერიას რა ხანია ვთხოვთ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება დაამატოს სკოლასთან ახლოს და ჯერ არაფერი გამოგვივიდა”.
ყველაზე უარესი კი ისაა, რომ თამთა არ გამორიცხავს, ანას სკოლაც დასანგრევი გახდეს. რამდენიმე თვის წინ შენობიდან მინა ჩამოვარდა. საბედნიეროდ, არავის დაშავებულა. მაგრამ, მშობლებს შეეშინდათ და ითხოვენ, სკოლას ექსპერტიზა ჩაუტარდეს.
დანგრეული სკოლები საქართველოში