დაკავებები აზერბაიჯანში: ექსპერტები განიხილავენ მთავრობის გეგმას ოპოზიციის განადგურების შესახებ
ალი ქარიმლის დაკავება აზერბაიჯანში
აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ბაქოში, აზერბაიჯანის ოპოზიციური პარტიის, “სახალხო ფრონტის” (APFP) თავმჯდომარის, ალი ქერიმლის სახლში მოულოდნელი ჩხრეკა ჩაატარეს და ის დააკავეს. პროსამთავრობო მედია ამას “რამიზ მეჰდიევის საქმეს“ უკავშირებს.
იმავე გამოძიების ფარგლებში, ჩხრეკა ჩატარდა APFP-ის საბჭოს წევრის, მამედ იბრაჰიმის სახლშიც. მისმა შვილმა, თურან იბრაჰიმმა, სოციალურ მედიაში გაავრცელა ინფორმაცია:
‘ცამეტმა ადამიანმა გაჩხრიკა სახლი და წაიყვანეს მამედ იბრაჰიმი. მისი ტელეფონი და კომპიუტერიც წაიღეს“.
იმავე დღეს დააკავეს APFP-ის ფუნქციონერები ფაიგ ამირლი და რუსლან ამირლი (ქერიმლის თანაშემწე). აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის პარტიის საბუნჩუს ფილიალის თავმჯდომარე ფარიზ ალიზადე 28 ნოემბერს გაუჩინარდა და პარტია მიიჩნევს, რომ ისიც დააკავეს.
პროსამთავრობო მედია ამტკიცებს, რომ ქერიმლის სახლის ჩხრეკა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსის, რამიზ მეჰდიევის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს უკავშირდება.
ოქტომბერში რამიზ მეჰდიევს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის, ღალატისა და ფულის გათეთრების ბრალდებით ოთხთვიანი შინაპატიმრობა მიესაჯა. ოფიციალურმა პირმა Reuters-ს განუცხადა, რომ ალი ქერიმლი სამიზნედ იმიტომ იქცა, რომ მეჰდიევის მიერ დაფინანსებაშია ეჭვმიტანილი.
თუმცა, ოფიციალურ პირებს ჯერ არ გაუხმაურებიათ ქერიმლის წინააღმდეგ წაყენებული კონკრეტული ბრალდებები.
პარტიამ განაცხადა, რომ როდესაც ქერიმლიმ კარი გააღო, უსაფრთხოების სამმსახურის თანამშრომლები სახლში შევიდნენ, შემდეგ კი “მისი მაგიდის უჯრაში რამიზ მეჰდიევის სახელით პრესაში ადრე გამოქვეყნებული წერილი დადეს და, სავარაუდოდ, ჩხრეკის დროს იქვე აღმოაჩინეს“.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გამომძიებლების თქმით, ქერიმლის სახლში იპოვეს მეჰდიევის მიერ რუსეთის ხელმძღვანელობისთვის მიწერილი და მედიაში ადრე გაჟონილი წერილის “დაუმუშავებელი ასლი“.
“ის ფაქტი, რომ მედიაში გამოქვეყნებული წერილი ალი ქერიმლის მაგიდის უჯრაში კლასიფიცირებული დოკუმენტის სახით იყო ჩადებული და შემდეგ, სავარაუდოდ, ჩხრეკის დროს აღმოაჩინეს, აჩვენებს, თუ რამდენად შეთითხნილია ეს საქმე და რამდენად მოკლებულია იურიდიულ საფუძველს“, – განაცხადა პარტიამ.
ხელისუფლების არგუმენტები და მათი მტკიცებები
სახელმწიფო სტრუქტურები ცდილობენ ალი ქერიმლის დაკავება არა როგორც პოლიტიკური ოპონენტის დევნის მცდელობა, არამედ როგორც სამართლებრივ-ოპერატიული ღონისძიება წარმოაჩინონ. აზერბაიჯანის ხელისუფლება წლების განმავლობაში ამტკიცებს, რომ ქვეყანაში დაცულია ფუნდამენტური თავისუფლებები და რომ კრიტიკული პოზიციის გამო არავინ ექვემდებარება დევნას.
ოფიციალური წარმომადგენლები რეგულარულად აცხადებენ, რომ ქვეყანაში “არავინ იდევნება პოლიტიკური საქმიანობისთვის“ და რომ დაკავებები “კონკრეტულ სამართალდარღვევებზე“ არის დაფუძნებული. მათი თქმით, არც კერიმლის საქმეში ყოფილა რაიმე გამონაკლისი და მასთან მიმართებაში მიღებული ზომები მხოლოდ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ხორციელდება.
თუმცა ამ არგუმენტების საფუძვლიანობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას:
პირველი — “მეხტიევის საქმე“ გამჭვირვალობისგან სრულიად დაცლილია. 87 წლის ყოფილი მაღალჩინოსნის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში დადანაშაულებამ საზოგადოებაში სერიოზული უნდობლობა გამოიწვია.
მეორე — ქერიმლისა და მეხტიევის შორის შესაძლო “ფინანსურ კავშირებზე“ ბრალდებებს რაიმე დამმაჯერებელი მტკიცებულება არ გააჩნია. პირიქით, პარტიის წარმომადგენლებმა წინასწარ განაცხადეს, რომ “მეხტიევთან კავშირი არ აქვთ“.
მესამე — ის გარემოება, რომ სახლში ჩატარებული ჩხრეკისას “აღმოჩენილი“ წერილი მანამდე უკვე გაშუქებული იყო პროსახელისუფლებო მედიაში და პარტიამ მას ფალსიფიცირებული მტკიცებულება უწოდა, კიდევ უფრო ასუსტებს ოფიციალურ ვერსიას.
ეს ფაქტორები აძლიერებს შთაბეჭდილებას, რომ ხელისუფლების არგუმენტები უფრო პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება, ვიდრე ობიექტურ სამართლებრივ საფუძვლებს.
დამკვირვებლების შეფასებით, აზერბაიჯანის ხელისუფლება წლებია ოპოზიციურ პოზიციებს “სახელმწიფო უსაფრთხოების საფრთხედ“ წარმოაჩენს. 2020 წელს პრეზიდენტმა იլჰამ ალიევმა პანდემიის პერიოდში ღიად ილაპარაკა “შიდა ეროვნულ მოღალატეებზე“ და მიუთითა რეპრესიების შესაძლო ახალ ტალღაზე.
ამ ფონზე, მეხტიევის საქმის გამოყენება პოლიტიკურ კონტექსტში და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ოპოზიციური ლიდერის “ნეიტრალიზაცია“ ამ პრაქტიკის გაგრძელებად გამოიყურება. ხელისუფლების არგუმენტების ანალიზი აჩვენებს, რომ რეალური მიზანი სავარაუდოდ არა შესაძლო გადატრიალების თავიდან აცილება, არამედ დარჩენილი ოპოზიციური კერების დასუსტებაა.
ამასთან, პროსახელისუფლებო სააგენტო APA-მაც კი დაწერა, რომ “რამიზ მეხტიევის საქმესთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტია შესაძლოა სრულად იყოს ნეიტრალიზებული“, რაც პარტიის ფაქტობრივ დახურვაზე მიანიშნებს.
ეს მიდგომა ხელისუფლებამ შემდეგი თეზისებით ახსნა:
- არსებობს ეჭვი, რომ რუსეთისა და უკრაინის ომის დასრულების შემდეგ მოსკოვი შეიძლება ეცადოს სამხრეთ კავკასიაზე გავლენის აღდგენას;
- ამ პროცესში, პროსახელისუფლებო წყაროების მტკიცებით, შესაძლოა გამოიყენონ ძალები, რომლებიც დაკავშირებულია რამიზ მეხტიევთან, ხოლო ქრიმლის პარტია აღმოჩნდება ამ პროცესის წინა ხაზზე როგორც “რადიკალური ქმედებებით გამორჩეული“ ჯგუფი, რომელიც „არ ემსახურებოდა აზერბაიჯანის სახელმწიფო ინტერესებს“.
ამავე წყაროების განცხადებით, სწორედ ამიტომ ოპოზიციური “სახალხო ფრონტის” დროული ნეიტრალიზაცია მნიშვნელოვანია სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის“.
ოპოზიციისა და სახალხო ფრონტის პარტიის რეაქცია
ალი ქერიმლის დაკავებამ ოპოზიციურ წრეებში უკმაყოფილება და პროტესტი გამოიწვია. მისმა პარტიამ 29 ნოემბრის საღამოს გაავრცელა ოფიციალური განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ “ალის ქერიმლის დაკავებას მკვეთრად პოლიტიკური ხასიათი აქვს“.
“ბოლო წლების განმავლობაში ხელისუფლება ფაქტობრივად ბლოკადაში ამყოფებდა მას. ამის მიუხედავად, ალი ქერიმლი კვლავ რჩება აზერბაიჯანის ერთ-ერთ მთავარ დემოკრატიულ ფიგურად“, — განაცხადა პარტიამ.
“სახალხო ფორნტის” თქმით, პარტიის ლიდერის მიერ საერთაშორისო მედიასისთვის მიცემულ ინტერვიუებს და გლობალურ პოლიტიკურ ფორუმებზე მიწვევებს “ილჰამ ალიევის რეჟიმი შეშფოთებით აკვირდებოდა“. მათი შეფასებით, “პოლიტიკური საქმიანობის პრაქტიკულად სრულად აკრძალვის და სამოქალაქო თავისუფლებების მკვეთრი შეზღუდვის პირობებში“, ქერიმლის წინააღმდეგ განხორციელებული ოპერაცია “კიდევ ერთი ნაბიჯია პოლიტიკური რეპრესიების გაღრმავებისკენ“.
ოპოზიციური პარტია აცხადებს, რომ ხელისუფლების მთავარი მიზანი არის „ქვეყანაში დარჩენილი უკანასკნელი დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალის განადგურება“.
ოპოზიცია მთლიანობაში ქერიმლის დაკავებას ხელისუფლების მრავალწლიანი ავტორიტარული პოლიტიკის კულმინაციად აფასებს. მათი თქმით, “სახელმწიფო გადატრიალების“ ბრალდება, რომელიც ქერიმლის ფიგურის ირგვლივ არის აგებული, არადამაჯერებლად გამოიყურება და წარმოადგენს ხელისუფლების სტრატეგიის ნაწილს პოლიტიკური ოპონენტების ეტაპობრივად ჩამოშლის მიზნით.
ალი ქარიმლის მიმართ ხანგრძლივი ზეწოლა
ალი ქერიმლი ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში აზერბაიჯანში ერთ-ერთ ყველაზე მეტად დევნილ პოლიტიკურ ფიგურად რჩება. მისი მიმდინარე დაკავება მხოლოდ კიდევ ერთი ეპიზოდია ხანგრძლივ და სისტემურ კამპანიაში, რომელიც მის წინააღმდეგ წლების განმავლობაში მიმდინარეობს.
2000-იანი წლების შუიდან ქერიმლი ფაქტობრივად მუდმივად ხელისუფლების სამიზნეში იმყოფებოდა. 2006 წლიდან მას ქვეყნიდან გასვლა ეკრძალება. იმ წელს პასპორტის ვადის ამოწურვის შემდეგ დოკუმენტი სხვადასხვა საბაბით აღარ განუახლეს, რამაც მას უცხოეთში მოგზაურობის შესაძლებლობა ჩამოართვა.
ოფიციალური პირების სხვადასხვა სამართლებრივი ახსნა-განმარტებების მიუხედავად, Human Rights Watch ამ ნაბიჯებს “არასათანადო და გაუმართლებელ შეზღუდვად“ აფასებს. შედეგად, ქერიმლისთვის გამგზავრების აკრძალვა 15 წელზე მეტი გაგრძელდა.
“სახალხო ფრონტის” თავმჯდომარე არაერთხელ გამხდარა პოლიციური ძალადობის, დაკავებებისა და ადმინისტრაციული სასჯელების ობიექტი. განსაკუთრებით მძიმე ინციდენტი მოხდა 2019 წლის ოქტომბერში, ბაქოში გამართულ მშვიდობიან აქციაზე, სადაც პოლიციამ ქერიმლიზე და მის მხარდაჭმერებზე იძალადა. იმ აქციის დროს ქერიმლი პოლიციამ დააკავა და განყოფილებაში ფიზიკური ძალადობის შედეგად თავი, სახე და კისერი დაუზიანდა.
Human Rights Watch-ის ცნობით, აღნიშნული პროტესტის შემდეგ “სახალხო ფორნტის” არანაკლებ 35 აქტივისტს 10-დან 60 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა მიესაჯა, ხოლო მშვიდობიან მომიტინგეებს პოლიციის მხრიდან ძალადობა შეეხოთ“. მიუხედავად იმისა, რომ ქერიმლიმ და სხვა მონაწილეებმა საჯაროდ განაცხადეს ძალადობის შესახებ, ხელისუფლება ამ ბრალდებებს უარყოფდა.
ქერიმლის საინფორმაციო ბლოკადა
2015–2016 წლებში ალი ქერიმლიც მუდმივი მთავრობის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. მისი ტელეფონები ისმინებოდა, მისი სახლის წინ პოლიციის ბლოკ-პოსტები იყო განლაგებული და პოლიტიკურ ღონისძიებებში მონაწილეობა შეზღუდული ჰქონდდა. 2020 წელს ზეწოლამ ექსტრემალურ ზღვარს მიაღწია: აპრილის შუა რიცხვებიდან ქერიმლის როგორც სახლის, ასევე მობილური ტელეფონის ინტერნეტი მთლიანად გათიშული იყო.
იმ დროს “სახალხო ფრონტის” პარტიამ განაცხადა, რომ მისი ლიდერი საინფორმაციო ბლოკადაში მოექცა. Freedom House-ის ანგარიშში ასევე დადასტურდა, რომ “2020 წლის აპრილში ალი ქერიმლისა და მისი ოჯახის ინტერნეტ კავშირი განზრახ და ფართოდ გათიშული იყო“.
მიუხედავად იმისა, რომ თავად ალი ქერიმლის წინააღმდეგ ბოლო დრომდე სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა, მასთან დაახლოებულ პირებს არაერთხელ წაუყენეს სისხლისსამართლებრივი დევნის ბრალდება შეთითხნილი საქმმეებით. მისი მძღოლები და დაცვის თანამშრომლებიც კი, რომლებიც უსასყიდლოდ მუშაობდნენ, დევნის, დაპატიმრებისა და წამების მსხვერპლნი გახდნენ.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ქერიმლი მრავალი წლის განმავლობაში იმყოფებოდა სამართალდამცავი ორგანოების “განსაკუთრებული კონტროლის“ ქვეშ. მისი ყოველი ნაბიჯი კონტროლდებოდა და მის პოლიტიკურ საქმიანობას ყოველთვის ადმინისტრაციული დაპატიმრებები ან ძალისმიერი ჩარევით ხვდებოდნენ.