„მოიხსენით ნიღაბი“. "ქართული ოცნების" ბრძოლა პირბადიანი მოქალაქეების წინააღმდეგ
დაკავებები პირბადის გამო
თბილისის ცენტრში პოლიცია აწყობს რეიდებს იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც სამედიცინო ნიღბებს ატარებენ. სოციალურ ქსელებში ვრცელდება ათობით ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ აჩერებენ სამართალდამცავები პირბადიან გამვლელებს, ითხოვენ პირადობის მოწომობას და ავალდებულებენ, რომ ნიღაბი მოიხსნან.
ამგვარი შემოწმების ოფიციალური მიზეზია საპროტესტო აქციების მონაწილეთა გამოვლენა – პროტესტის წინააღმდეგ მიმართული ახალი მეთოდი.
რატომ ებრძვიან ნიღბებს
ამგვარი “რეიდები” შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც 19 ოქტომბერს საქართველოში ძალაში შევიდა კანონი, რომელიც კრძალავს ნიღბების ტარებას აქციებზე.
პოლიციამ აქციის იმ მონაწილეების დაკავება დაიწყო, რომელთაც გზის გადაკეტვას თუ აქციაზე სახის დამალვას ედავებიან და რისთვისაც მათ უკვე 15-დღიანი პატიმრობა ემუქრებათ.
თუმცა, ამ რეიდებში ხშირად ისეთი ადამიანები ხვდებიან, რომლებსაც ნიღაბი სამედიცინო მიზეზით უკეთიათ და ზოგჯერ არც კი თანაუგრძნობენ საპროტესტო აქციებს.
„უბრალოდ კონცერტზე ვიყავი“
21 ოქტომბერს, მეტრო “თავისუფლების მოედანთან” პოლიციამ ორი ქალი გააჩერა, ერთ-ერთს სამედიცინო ნიღაბი ეკეთა.
ისინი ამტკიცებდნენ, რომ პროტესტთან კავშირი არ ჰქონდათ და უბრალოდ კორეული პოპ-ჯგუფის კონცერტიდან მოდიოდნენ.
ნიღბიანმა ქალმა ახსნა, რომ სტომატოლოგურ პროცედურებს იტარებს, კბილები აქვს ამოღებული და ამიტომ გადაადგილდება სამედიცინო ნიღბით.
პოლიციამ მას არ დაუჯერა და აიძულა ნიღბის ჩამოწევა. ქალს მოუწია ნიღბის მოხსნა და საკუთარი პირის ღრუს ჩვენება. ეს კადრი ჟურნალისტებმა გადაიღეს. ვიდეო, სადაც ქალი აჩვენეს პოლიციას პირის ღრუს, სწრაფად გავრცელდა და ვირუსული გახდა.
„აი, ეს აბსურდი არის საქართველოს სახე,” – წერდნენ სოციალური ქსელის მომხმარებლები და მიუთითებენ ირონიულ და აბსურდული სიტუაციაზე: ქვეყანაში, სადაც სულ რამდენიმე წლის წინ, კოვიდპანდემიის დროს უნიღბოდ სიარულის გამო აჯარიმებდნენ, ახლა ნიღაბი ეჭვისა და შიშის მიზეზი გახდა.
„ეს არის ჩვენი საქმე“
როცა ქალი პოლიციელებს ეკითხება, რატომ ამოწმებენ მას, ერთ-ერთი პოლიციელი პასუხობს:
„ეს არის ჩვენი საქმე.“
ეს ფრაზაც მალევე იქცა მემად და სარკაზმის წყაროდ სოციალურ ქსელებში, როგორც სიმბოლო იმისა, თუ რითია დღეს დაკავებული სისტემა.
ამ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ჩამოართვეს სამართალდამცავებმა პირბადე მოქალაქეს და დებენ პარკში, როგორც “ნივთმტკიცებას”.
ფეისბუკზე გავრცელდა ასევე 71 წლის აფხაზეთიდან დევნილის, აზა ჩილაჩავას ამბავი – შინაგან საქმეთა სამინისტრომ აზა ჩილაჩავას წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა – ქალი პირბადეს ატარებდა.
ექიმების გაფრთხილება
პირბადიანი მოქალაქეების ქუჩაში გაჩერებამ ექიმების ყურადღებაც მიიქცია. ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ფეისბუკზეწერს, რომ ვირუსების გავრცელების სეზონზე ადამიანების ნიღბების გარეშე დატოვება სერიოზული შეცდომაა:
“საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სამედიცინო ნიღბის აკრძალვა, მითუმეტეს ამ სეზონზე, როცა რესპირატორული ვირუსების შემოტევაა, არასწორია. ეს განსაკუთრებით პრობლემურია ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის, ვისთვისაც გრიპი და სხვა რესპირატორული ვირუსები შეიძლება სერიოზული გართულებით წარიმართოს,” – წერს ექიმი.
სოციალურ ქსელში მოქალაქეებიც იზიარებენ მსგავს ისტორიებს. ერთ-ერთმა მომხმარებელმა დაწერა:
“ქუჩაში ადამიანებს სამედიცინო პირბადეებს ხსნიან პოლიციელები, იჭერენ სამედიცინო პირბადეების გამო. ადამიანები პოლიციელებს ვერ არწმუნებენ, რომ ავად არიან. ჩემი ახლობელი ონკოპაციენტია და დღეს ქალაქის ცენტრში ვერ გავიდა. ეშინია, რომ პირბადის გამო გააჩერებენ, არადა პირბადის გარეშე ავტობუსში ვერ ადის, სიფრთხილეს იჩენს, ექიმმა ურჩია. როდის გააკეთებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი განცხადებას?” – მიმართავს მოქალაქე ამ ცენტრის ხელმძღვანელს, პაატა იმნაძეს.