CRRC: გამოკითხულთა 69% ფიქრობს, რომ რუსეთი საქართველოს მთავარი მტერია
CRRC-ის კვლევა
კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC-საქართველომ) კვლევა, კავკასიის ბარომეტრი 2024 გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით გამოკითხულთა 69% ფიქრობს, რომ რუსეთი საქართველოს მთავარი მტერია.
კვლევის ფარგლებში, 1 509 რესპონდენტი გამოიკითხა. საველე სამუშაოები მთელი საქართველოს მასშტაბით 2024 წლის 16 აპრილიდან 13 მაისამდე მიმდინარეობდა, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა.
კავკასიის ბარომეტრი ყოველწლიური გამოკითხვაა, რომელიც 2008 წლიდან სოციალურ, კულტურულ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ საკითხებზე რეგულარულად ტარდება.
მთავარ მტრად ამერიკის შეერთებულ შტატებს გამოკითხულთა მხოლოდ 4%, თურქეთს 2%, ხოლო სომხეთს – 1% ასახელებს.
რაც შეეხება ქვეყნის მთავარ მეგობარს, გამოკითხულთა 24% ამბობს, რომ საქართველოს მთავარი მეგობარი შეერთებული შტატებია, აზერბაიჯანს ასახელებს მოსახლეობის 8%, უკრაინას – 7%, თურქეთსა და გერმანიას – 4-4%, რუსეთს, სომხეთსა და საფრანგეთს 2-2%, ხოლო ჩინეთსა და ისრაელს – 1%.
გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნაწილი, 26% ამბობს, რომ საქართველოს მთავარი მეგობარი არცერთი ქვეყანა არაა.
CRRC-ის კვლევის მიხედვით, კითხვაზე რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, გამოკითხულთა 21% პასუხობს “ქართულ ოცნებას”. ამავე კვლევით, 31% ამბობს, რომ ასეთი პარტია არ არსებობს, 21% პასუხზე უარს ამბობს.
პოლიტიკური პარტიების რეიტინგი შემდეგია:
- ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო [ირაკლი ღარიბაშვილი, კახა კალაძე, ირაკლი კობახიძე] – 21%
- ახალი [ნიკა მელია, ნიკა გვარამია] – 3%
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობა [ლევან ხაბეიშვილი] – 3%
- გირჩი – მეტი თავისუფლება [ზურაბ ჯაფარიძე] – 1%
- ლეიბორისტული პარტია [შალვა ნათელაშვილი] – 1%
- ლელო საქართველოსთვის [მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, დავით უსუფაშვილი] – 1%
- საქართველოსთვის [გიორგი გახარია] – 1%
- ანა დოლიძე – ხალხისთვის [ანა დოლიძე] – 1%
- გირჩი [იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი, სანდრო რაქვიაშვილი] – 1%
- სტრატეგია აღმაშენებელი [გიორგი ვაშაძე] – 1%
- კონსერვატიული პარტია [ზვიად ძიძიგური] – 1%
- კონსერვატიული მოძრაობა „ალტ ინფო“ [კონსტანტინე მორგოშია, შოთა მარტინენკო] – 1%
- ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები [ალეკო ელისაშვილი] – 1%
- ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის [გიგა ბოკერია, აკაკი ბობოხიძე, გიგი წერეთელი] – 1%
- სხვა – 2%
- ასეთი პარტია არ არსებობს – 31%
- არ ვიცი – 8%
- უარი პასუხზე – 22%